"ჩვენში არსებული ძალის გაღვიძება" - როგორ ეხმარება მარიამ ფაშალიშვილი ლიდერებსა და გუნდებს პოტენციალის აღმოჩენასა და მიზნების მიღწევაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მარიამ ფაშალიშვილი პიროვნული განვითარების ქოუჩი, მენტორი და კარიერული/ბიზნესკონსულტანტია. ის მრავალწლიანი კორპორაციული გამოცდილების შემდეგ დაეუფლა ადამიანებისა და ორგანიზაციების პოტენციალის სრულად გახსნის ხელოვნებას.
მარიამის მიზანია ლიდერებსა და გუნდებს დაეხმაროს მენტალური ბარიერების დაძლევასა და რეალური წინსვლის მიღწევაში. ის საკუთარ პრაქტიკას აგებს მენეჯმენტის, ქოუჩინგისა და ფსიქოლოგიის სინთეზზე და ქმნის სივრცეს განვითარებისთვის.
როგორია მისი წარმატების ისტორია, რა გეგმები აქვს სამომავლოდ და რა გზა გაიარა დღემდე - ამ ყველაფრის შესახებ მარიამ ფაშალიშვილს Entrepreneur-ი ესაუბრა:
- რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი? როგორ გაჩნდა იდეა და რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?
ბევრ ლიდერს და კომპანიას აქვს ზრდის პოტენციალი, თუმცა მათ წინაშე ხშირად დგება მენტალური ბარიერები, არასწორი ფოკუსი, გუნდის წევრებში საჭირო უნარების ნაკლებობა და არაეფექტიანი პროცესები. ჩემი მთავარი მიზანია, მათ დავეხმარო ამ დაბრკოლებების გადალახვასა და რეალური წინსვლის მიღწევაში.
წლების განმავლობაში ვიყავი აღმასრულებელი მენეჯერი და ვმართავდი სხვადასხვა მიმართულებას, პარალელურად დავინტერესდი ფსიქოლოგიით, ქოუჩინგით, ლიდერობის განვითარებით და მალევე დავინახე მენეჯმენტსა და მართვაში პიროვნული განვითარების მეთოდების გამოყენების შთამბეჭდავი ეფექტები. ამ კომბინაციას შეუძლია ნებისმიერი კომპანიისა და ადამიანის განვითარება და მიღწევების გაორმაგება. სწორედ აქედან დაიწყო ჩემი გზა ბიზნესკონსულტირებასა და მენტორობაში. დღეისათვის კი ვეხმარები აღმასრულებელ მენეჯერებს, ლიდერებსა და გუნდებს პოტენციალის სრულად გამოვლენაში, უნარების განვითარებასა და მიზნების მიღწევაში.
- ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და ვითარებაში, მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ/ბიზნესის დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?
კორპორაციული ცხოვრებიდან ბიზნესში გადასვლა ნამდვილად გამბედაობას მოითხოვს, აღარ არსებობს ჩარჩოები და მხოლოდ შენი ხედვა, ცოდნა და უნარები განსაზღვრავს წარმატებას. დღეს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ირჩევს ამ გზას, რაც სასიხარულოა.
- რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?
მთავარი გამოწვევა ყოველთვის აზროვნების გაფართოებაა. ნებისმიერ პრობლემას აქვს გადაწყვეტა და თუ მას ვერ ვპოულობთ - უბრალოდ, სხვა პერსპექტივიდან გვჭირდება შეხედვა. მაგალითად, მახსენდება შემთხვევა, როდესაც უმოკლეს ვადაში უნდა გადაგვეჭრა პრობლემა, რომლის მოგვარების გზა არანაირი ლოგიკით არ ჩანდა. ამ დროს ძალიან დაგვეხმარა აზროვნების გამაფართოებელი შეკითხვები, რომლებმაც სრულიად სხვა, იმ მომენტში წარმოუდგენელი გზები გახსნა და ყველა ვადის დაცვით საკითხი წარმატებით ჩაიხურა.
ასეთი შემთხვევები პრაქტიკაში ხშირია, განსაკუთრებით ახლა, სწრაფი ცვლილებების პერიოდში. ბევრი კომპანია და ლიდერი აწყდება განვითარებისა და გადაწყობის აუცილებლობას და გამოსავალს ერთად ვპოულობთ სწორედ შემოქმედებითი არასტანდარტული აზროვნებით.
- მოგიწიათ თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებამ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
თუკი მსგავსი გამოცდილება მქონია, არასდროს მიმიქცევია დიდი ყურადღება და არ მიმიცია უფლება, გავლენა მოეხდინა ჩემზე.
- რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპმენეჯერებს?
ბიზნესი ადამიანებზე დგას და ადამიანების გარშემო ტრიალებს. წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ვითარდებიან ისინი, როგორ ურთიერთობენ და რამდენად პროფესიონალები არიან. ჯანსაღი ურთიერთობებით და მაღალი პროფესიონალიზმით შეგვიძლია მივაღწიოთ წარმოუდგენელ შედეგებს, როგორც ბიზნესპარტნიორობაში, ისე ნებისმიერ თანამშრომლობაში. მიმაჩნია, რომ სწორედ ურთიერთობები და მუდმივი განვითარება არის მიზნების მიღწევის ფუნდამენტი.
ამასთან, მნიშვნელოვანი ფაქტორია ჩვენს როლთან დაკავშირებული სიცხადე, ვიცოდეთ, სად ვართ, საით მივდივართ და რა ატრიბუტები გვჭირდება ამ გზაზე. მაგალითად, ლიდერებისთვის ხედვა, კომუნიკაციის უნარი, ემოციური ინტელექტი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ძალიან მნიშვნელოვანია. და თუ ჩვენი წინსვლა შენელდა, ეს მიგვითითებს, რომ რაღაც აუცილებელი ელემენტი გვაკლია.
- თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი?
ანტრეპრენერი არის შემოქმედი, რომელიც ცვლის რეალობას უკეთესობისკენ - არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვისაც.
- რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?
როცა აღმოვაჩინე, თუ რამხელა ძალის მატარებლები ვართ ადამიანები, მივხვდი, რომ ჩემი მისია ამ ძალის აღმოჩენაში სხვების დახმარებაა. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია, რომელსაც ყოველდღე აძლიერებს მიღებული პოზიტიური უკუკავშირები, გაბედნიერებული ადამიანები და "გაბრწყინებული თვალები".
- როგორია თქვენი განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?
რა თქმა უნდა, ვაგრძელებ ინდივიდუალური პიროვნული განვითარების ქოუჩ სესიებს და საკონსულტაციო საქმიანობას. თუმცა დამატებით აქტიურად მუშავდება კორპორაციული ტრენინგები და ვორქშოფები, რომლებიც საუკეთესო შედეგს მოუტანს ლიდერებს, მენეჯერებსა და გუნდებს. ტრენინგები იქნება თემებზე:
· კარიერული განვითარება;
· ლიდერობის განვითარება და ეფექტური მენეჯმენტი;
· მენტალური ბარიერების დაძლევის მეთოდები და სტრესის მართვის ტექნიკები.
ამასთან, დავიწყე Marmentoria-ს გვერდის განვითარება სოციალურ ქსელებში, სადაც ვაზიარებ ინფორმაციას, პრაქტიკებს და ხედვებს პიროვნული განვითარების შესახებ. @Marmentoria-ს ლინქდინზე, YouTube-სა და სოციალურ პლატფორმებზე დაანონსდება პროგრამები და სიახლეები. მოხარული ვიქნები, თუ შემოგვიერთდებით და ერთად შევქმნით წინსვლის შთამაგონებელ გარემოს.