ColorPack - 30 წელი ნოვატორობისა და წარმატების გზაზე
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოს პოლიგრაფიის ბაზარზე კომპანია ColorPack-ი უკვე 30 წელია, ლიდერობს. კომპანია, რომელიც ერთი პატარა გამომცემლობიდან რეგიონში ყველაზე დიდ, დივერსიფიცირებულ პოლიგრაფიულ საწარმოდ იქცა, დღემდე ინარჩუნებს პირველობას და ქართულ ბაზარს მსოფლიო სტანდარტების შესაბამის პროდუქციას სთავაზობს.
თავდაპირველად, 90-იანი წლების დასაწყისში, კომპანია მცირე გამომცემლობა "კოლორის" სახით ფუნქციონირებდა. მისი მთავარი მიზანი საკვირაო გაზეთის წარმოება იყო, რომელიც მკითხველს კვირის მთავარ ამბებს მიაწვდიდა.
"იმ დროს არ არსებობდა საკვირაო ჟურნალ-გაზეთები, რომლებიც კვირის მნიშვნელოვან საკითხებს საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან ერთად მოუყრიდა თავს", - იხსენებს კომპანიის კომერციული დირექტორი, მარიამ მუხიგული.
დაარსებიდან მალევე კომპანია გასცდა ერთი კონკრეტული გაზეთის ბეჭდვას და თითქმის სრულად მოიზიდა იმ დროისთვის ქართულ ბაზარზე არსებული ბეჭდური მედია. შემდგომში, დაგროვილი გამოცდილებისა და განახლებული ტექნოლოგიური აღჭურვილობის წყალობით, კომპანიამ წარმატებით დაიწყო ხარისხიანი წიგნების ბეჭდვაც.
მოგვიანებით ColorPack-ის შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდა და კომპანიამ ბაზარს შესთავაზა სრულიად ახალი მიმართულება - ეტიკეტები და შესაფუთი მასალები, რაც ქართული კომპანიებისთვის ინოვაციური გადაწყვეტილება იყო.
30 წლის განმავლობაში ColorPack-მა არაერთი გამოწვევა გადალახა.
"ბუნებრივია, ძალიან რთულია, იყო პირველი და აკეთო საქმე მაღალი ხარისხით მაშინ, როდესაც ქვეყანაში ამ კონკრეტული მიმართულებით ზოგადი გამოცდილება არ არის, - ამბობს მარიამი, - მაგრამ ჩვენ ეს შევძელით და ამის უკან, რა თქმა უნდა, უდიდესი შრომაა".
წარმოების პროცესი ყოველდღიურ გამოწვევებსაც მოიცავს, თუმცა მათ გადასალახად ColorPack-ი აქტიურად იყენებს თანამედროვე, მოდერნიზებულ დანადგარებს, რომლებიც მაქსიმალურად ავტომატიზებულია. ტექნოლოგიური სიახლეები ადამიანური რესურსის გამოთავისუფლებას და თანამშრომლების პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
ColorPack-ის წარმატების საიდუმლო მის კორპორაციულ კულტურაშიც უნდა ვეძებოთ, რომელიც ერთ სივრცეში ერთი მიზნისკენ სწრაფვაზეა დაფუძნებული.
"ნაკლები ბიუროკრატია და ნაკლები გამოკეტილი კაბინეტები. ჩვენი მუშაობის პრინციპი სრულად დაფუძნებულია გუნდურ თანამშრომლობაზე და ოჯახური გარემოს შექმნაზე", - ასე აღწერს მარიამი სამუშაო გარემოს.
კომპანიაში თითოეული თანამშრომელი საკუთარი საქმის პროფესიონალი და გადაწყვეტილების მიმღებია, რაც მათ მოტივაციას და პასუხისმგებლობის გრძნობას მნიშვნელოვნად ზრდის.
ColorPack-ის ლიდერობის ფილოსოფია "ლიდერი, როგორც მსახური" პრინციპზეა აგებული. მენეჯერები ცდილობენ იყვნენ მხარდამჭერები და დამხმარე ძალა თანამშრომლებისთვის, და არა მთავარი მოთამაშეები.
"სწორედ ამიტომ ყოველთვის ვაფასებთ კომპანიის თითოეულ წარმატებას, როგორც ჩვენი გუნდის წევრების უშუალო წარმატებას", - განმარტავს კომპანიის კომერციული დირექტორი.
კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ახალი თანამშრომლების შერჩევას. კანდიდატი უნდა იყოს განვითარებაზე ორიენტირებული, არ უნდა ეშინოდეს გამოწვევების და უნდა იზიარებდეს კომპანიის საერთო ინტერესებს. გასაუბრების პროცესი რამდენიმე დეპარტამენტის ჩართულობით მიმდინარეობს და გადაწყვეტილებაც ერთობლივად მიიღება.
ColorPack-ში დიდი ყურადღება ენიჭება თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებას. კომპანია მათ სთავაზობს როგორც შიდა სწავლებებს, ასევე სრულად აფინანსებს მათთვის საინტერესო ტრენინგებს.
"ჩვენთვის მთავარია, თანამშრომლის სურვილსა და მონდომებას ვხედავდეთ", - აღნიშნავს მარიამი.
განსაკუთრებით საამაყოა კომპანიის დიზაინსტუდიო, რომელიც გამოცდილი, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებით არის დაკომპლექტებული.
ColorPack-ი მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება და მუდმივად ცდილობს, ფეხი აუწყოს როგორც ქართულ რეალობას, ასევე მსოფლიოში არსებულ ტენდენციებს. კომპანია ახორციელებს ინვესტიციებს დანადგარების განახლებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით.
ამჟამად კომპანიის მთავარი გამოწვევა საერთაშორისო ბაზარზე ღირსეული ადგილის დამკვიდრებაა.
"ამ მიმართულებით 2024-2025 წლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით, რაც საბოლოოდ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების რაოდენობაზეც აისახა", - ამბობს მარიამ მუხიგული.
კომპანია უკვე აქტიურად თანამშრომლობს ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გერმანიის, ესტონეთის, ნიდერლანდების ბაზრებთან, ასევე, მეზობელ ქვეყნებთან - აზერბაიჯანსა და სომხეთთან, სადაც ძირითადად სასმლისა და საკვების შესაფუთი მასალების მიმართულებით გააქვთ პროდუქცია.
ColorPack-ისთვის წარმატება არა მხოლოდ მიზნის მიღწევა, არამედ ამ მიზნისკენ მიმავალი ყოველი ნაბიჯია.
"ჩვენი მიზანია 30 წლის წინ მოპოვებული პირველობა არ დავკარგოთ. გვაქვს მკაფიო ხედვა და მისია - მივიწევთ წინ და არ ვუშინდებით გამოწვევებს", - აცხადებს მარიამი Entrepreneur-თან.
კომპანია ახალი სიმაღლეებისკენ სწრაფვას განაგრძობს და განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თითოეულ დამკვეთს.
"ვაცნობიერებთ, რომ თითოეული ჩვენი დამკვეთი ინდივიდუალურია და ჩვენი მხრიდან სწორედ უნიკალურ, კონკრეტულად მასზე მორგებულ შეთავაზებებს იმსახურებს", - ამბობს მარიამ მუხიგული ჩვენთან ინტერვიუში.