Connect Healzcare დუბაიში მიმდინარე პრესტიჟული კონკურსის ფინალში გავიდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Connect Healzcare-ის გუნდი ცოტა ხნის წინ დაბრუნდა დუბაიში მიმდინარე პრესტიჟული სტარტაპ კონკურსიდან, რომელიც Hult International Business School-ისა და "გაეროს" მიერაა ორგანიზებული. Hult Prize-ის მიზანია, აღმოაჩინოს ინოვაციური სოციალური სტარტაპები, რომლებიც სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს მხარს უჭერს.
Healzcare.org კომპანია Connect-ის პროდუქტია, რომელიც სამედიცინო ტურიზმსა და მასთან დაკავშირებული სერვისების მიღებას მსოფლიოს მასშტაბით ამარტივებს.
"ქონექთის" გუნდი კონკურსის პირველ ეტაპზე ჩაერთო და ყველა საფეხური წარმატებით გაიარა, რის შედეგადაც ფინალში მოხვდა.
"აღსანიშნავია, რომ კონკურსის 15-წლიან ისტორიაში ჩვენ გავხდით პირველი ქართული სტარტაპი, რომელმაც კონკურსის ფინალში მიიღო მონაწილეობა. თავად პროცესი საკმაოდ დატვირთული, თუმცა ნაყოფიერი გამოვიდა.
გვქონდა არაერთი შეხვედრა რეგიონის წამყვან აქსელერატორებთან, ინვესტორებსა და პოტენციურ პარტნიორებთან, მათ შორის მაღალტექნოლოგიურ, მსოფლიოში წამყვან სამედიცინო ორგანიზაციებთან, რომლებთანაც დავიწყეთ მოლაპარაკებები პარტნიორობის თაობაზე", - ლევან ჭანუყვაძე, კომპანია Connect-ის დამფუძნებელი.
როგორც ლევანი ამბობს, კომპანიის მიზანი ახლო აღმოსავლეთის ბაზრის ათვისებაა და ეს პროცესი წარმატებით მიმდინარეობს. დუბაიში გამგზავრებამდე გუნდი კატარის დედაქალაქ დოჰაშიც იმყოფებოდა, სადაც ისინი დოჰას ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელებსა და წარმატებულ მეწარმეებს შეხვდნენ.
"გვქონდა ხანგრძლივი და წარმატებული შეხვედრა Microsoft-ის რეგიონალურ წარმომადგენლობასთან და მომდევნო თვიდან ჩვენ მათი სტარტაპების განვითარების გლობალურ პროგრამაში ჩავერთვებით, რაც სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერასთან ერთად, გლობალური ინვესტორების, ორგანიზაციებისა და სხვა მსოფლიოში წამყვანი სტარტაპების დიდ ქსელს მოიცავს. ეს უფრო მეტ შესაძლებლობას გვიხსნის მსოფლიოს სტარტაპ სისტემაში".
კატარსა და დუბაიში საქმიანი ვიზიტების ერთ-ერთ ძირითად მიზანს სამედიცინო ტურისტული პროცესების შესწავლა და ახალი სპეციფიკური სამედიცინო ბაზების მოძიება წარმოადგენდა.
"ქონექთი" ამ ბაზებს მის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტის მოდელში აინტეგრირებს, რომელიც უკვე 85%-იანი სიზუსტით პასუხობს დასმულ სამედიცინო შეკითხვებს.
ამ ეტაპზე კომპანიის მონაცემთა ბაზაში 750 გეგაბაიტზე მეტი მოცულობის მხოლოდ სამედიცინო დოკუმენტია ატვირთული, თუმცა, გარდა ამისა, ის მოიცავს სხვა მონაცემებსაც, რაც კიდევ უფრო დახვეწილსა და გამართულს ხდის.
"ხელოვნური ინტელექტის მოდელი ვებგვერდისთვის ჩვენ მიერაა შექმნილი, თუმცა DevAlpha 1,2 ვერსიის გამოყენება უკვე ChatGPT-ს მეშვეობითაცაა შესაძლებელი, რაც საშუალებას გვაძლევს, ჩვენს საიტზე დამოუკიდებელი მოდელის ჩაშენებამდე გამოვცადოთ და მივიღოთ უკუკავშირი.
GPTs-ზე დაშენებული ეს სატესტო ბაზა ჩვენი მთლიანი მონაცემების მხოლოდ 5%-ს მოიცავს, თუმცა ეს სრულიად საკმარისია მომხმარებელთა შეკითხვებზე პასუხების ავტომატიზაციისთვის. მისი გამოყენებისთვის საჭიროა მარტივი მოთხოვნის გამოგზავნა ჩვენს ვებგვერდზე, Healzcare.org, რის შედეგადაც მომხმარებელი მიიღებს GTPs ბმულს და ChatGPT-4 და o-ის მეშვეობით შეეძლება მისით სარგებლობა".
ლევანი იმედოვნებს, რომ მათ მიერ შექმნილი GPT მოდელი კომპანიას დაეხმარება, ეტაპობრივად გამოსცადოს იგი და მიიღოს უკუკავშირი.
"ყველაფერი ეს საშუალებას გვაძლევს, მოვემზადოთ პროდუქტის ბაზარზე ჩასაშვებად, რასაც აგვისტოში ვგეგმავთ და კიდევ უფრო გავაქტიურდეთ პირველი საინვესტიციო რაუნდისთვის".