Dabudu.com – განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა სამხრეთ კავკასიაში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Dabudu.com პლატფორმაა, რომელიც მიზნად ისახავს განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. კომპანიის თანადამფუძნებლის, ქრისტინე ჩიქოვანის თქმით, ორივე დამფუძნებელს უცხოეთში აქვთ მიღებული განათლება და წლების განმავლობაში მუშაობდნენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

"ამ დროის განმავლობაში დავინახეთ, რომ რეგიონში ბევრი ტალანტი ვერ ერთვება გლობალურ ბაზარზე ენის ბარიერისა და ტექნიკური უნარების ნაკლებობის გამო. ჩვენი მიზანია შევქმნათ პრაქტიკაზე დაფუძნებული, ხარისხიანი სწავლება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. გარდა ამისა, გვსურს ხელი შევუწყოთ დისტანციურად დასაქმებას.

ვგეგმავთ პარტნიორობას ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებთან, რომ კურსდამთავრებულებს რეალური კარიერული ნაბიჯების გადადგმაში დავეხმაროთ", – ამბობს ქრისტინე ჩიქოვანი.

ქრისტინე ჩიქოვანი აღნიშნავს, რომ პლატფორმა აამოქმედეს მაშინ, როდესაც არ იცოდნენ, რამდენად იმუშავებდა იდეა ბაზარზე, სადაც უკვე არსებობდნენ ძლიერი მოთამაშეები. მისი თქმით, შეზღუდულმა ფინანსებმა პროცესი კიდევ უფრო რისკიანი გახადა, ხოლო დასავლურ მოდელზე დაფუძნებული პლატფორმის შექმნა ადგილობრივ რეალობაში გამბედაობას ითხოვდა. ის ამბობს, რომ პლატფორმას დღესაც აქვს გამოწვევები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელოვნური ინტელექტი სწავლების მიდგომებს ცვლის და მუდმივად უწევთ ამასთან ადაპტაცია.

"ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ნდობის მოპოვება. რთულია სრულ განაკვეთზე მუშაობის პარალელურად შექმნა პროდუქტი, რომელიც რეალურ ღირებულებას შესთავაზებს მომხმარებელს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო გაჩენილიყო არა მხოლოდ "კურსების პლატფორმა", არამედ შედეგზე ორიენტირებული გარემო", – ამბობს პლატფრომის თანადამფუძნებელი.

მისი თქმით, მიუხედავად შეზღუდული რესურსებისა, შეძლეს პირველი მომხმარებლების მოზიდვა, ხოლო დღეს, ყოველგვარი მარკეტინგის გარეშე, 100-ზე მეტი ახალი მომხმარებელი რეგისტრირდება თვეში.

"ინსპირაციას მაძლევს აზრი, რომ Dabudu ბევრი ადამიანის კარიერულ წინსვლაში ხელის შეწყობას შეძლებს. ხშირად მეკითხებიან რჩევებს პროფესიული ცვლილებებისა და ახალი სფეროების ათვისების შესახებ. სწორი უნარები და ინგლისური ენის კარგი ცოდნა ადამიანებს აძლევს ახალ შესაძლებლობებს, განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ, როდესაც გლობალურ ბაზარზე წვდომა გაიზარდა. ამ სურვილმა დაგვარწმუნა, რომ ჩვენი პლატფორმა საჭიროა", – აღნიშნავს ქრისტინე ჩიქოვანი.

Dabudu-ს სამომავლო განვითარების გეგმებთან დაკავშირებით, პლატფორმის თანადამფუძნებელი ამბობს, რომ მომავალი წლიდან სწავლას ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს ბიზნესადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე. სწავლის პერიოდის განმავლობაში ის გეგმავს Dabudu-ს პროდუქტის დახვეწას.

"ვგეგმავ ამერიკულ EdTech კომპანიებთან კოლაბორაციებს. ასევე, მსურს ეს პერიოდი სრულად ვფოკუსირდე სწორი Go-to-market სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე. 12 თვეში დავამატებ ტექნიკურ კურსებსა და პარტნიორ კომპანიებს, სადაც სტაჟირებასა და დასაქმებას შევუწყობთ ხელს. ასევე, გეგმაა მობილური აპლიკაციის MVP-ის შექმნა. გარდა ამისა, ვაპირებთ ზრდას საქართველოსა და მეზობელ ბაზრებზე. MBA-ის პერიოდში მნიშვნელოვან დროს დავუთმობ ინვესტორებთან ნეთვორქინგს, რადგან პროდუქტის ზრდისთვის საჭიროა სტაბილური დაფინანსება", – ამბობს Dabudu-ს თანადამფუძნებელი, ქრისტინე ჩიქოვანი.