დამოუკიდებელი საბანკო გამოცდილება ყველასთვის - როგორ აქცია საქართველოს ბანკმა ინკლუზიურობა აუდიოგამოცდილებად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როგორ შეიძლება ადამიანმა გაიგოს და შეიგრძნოს, თუ როგორ ხედავენ და აღიქვამენ სხვები სამყაროს მაშინ, როდესაც ამის ახსნა უბრალოდ სიტყვებით თითქმის შეუძლებელია?

საქართველოს ბანკისთვის ეს კითხვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა მას შემდეგ, რაც ბანკმა ინკლუზიური საბანკო გამოცდილების შესაქმნელად არაერთი ცვლილება განახორციელა. ადაპტირებული ფილიალებიდან და ტაქტილური ბილიკებიდან დაწყებული, ხმოვანი ინსტრუქციებით აღჭურვილი ბანკომატებით დასრულებული, ბანკმა შექმნა გარემო, სადაც მხედველობის შეზღუდვის მქონე მომხმარებლებს საბანკო სერვისებით დამოუკიდებლად სარგებლობა შეუძლიათ.

ამ გამოცდილების შესახებ საუბრისას ბანკს ერთი მიზანი ჰქონდა - ინკლუზიურობაზე მხოლოდ ინფორმაციის გაზიარებით არ შემოფარგლულიყო და ადამიანებისთვის მისი სხვაგვარად გაცნობის შესაძლებლობა შეექმნა. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკმა ამ იდეის კრეატიულად განვითარებისთვის კრეატიულ სააგენტო Joyboy-ს მიმართა.

POH (Point of Hearing) სწორედ Joyboy-ს გუნდის მიერ შემუშავებული კრეატიული გადაწყვეტაა, რომელიც POV-ის (Point of View) ხმოვან ალტერნატივას წარმოადგენს. მისი მთავარი იდეა ერთი შეხედვით მარტივია: თუ ადამიანს ვერ დაანახებ, რას ნიშნავს მხედველობის შეზღუდვით ცხოვრება, იქნებ შესაძლებელი გახდეს ამ გამოცდილების მოსმენა?

წლების განმავლობაში შშმ თემთან მუშაობის დროს მიღებული გამოცდილების საფუძველზე გაჩნდა იდეა, რომ ინკლუზიურობის შესახებ საუბარი ახალ ფორმატში გაგრძელებულიყო - არა მხოლოდ ამბის მოყოლით, არამედ გამოცდილების გაზიარების მცდელობით.

სწორედ ასე დაიბადა POH - აუდიოგამოცდილება, რომელსაც მსმენელი დამკვირვებლის პოზიციიდან გამოჰყავს და გარკვეული დროით სამყაროს სხვაგვარად აღქმის შესაძლებლობას აძლევს.

როგორ იქცა იდეა აუდიოგამოცდილებად

POH-ის შექმნისთვის ჩვეულებრივი აუდიოჩანაწერი საკმარისი არ აღმოჩნდა. გუნდის მიზანი იყო ისეთი ხმა მიეღო, რომელიც მსმენელს უბრალოდ გარემოს ხმებს კი არ მოასმენინებდა, არამედ მაქსიმალურად დააახლოებდა მხედველობაშეზღუდული ადამიანების მიერ სამყაროს ყოველდღიურ აღქმასთან.

ამისთვის კამპანიის შემქმნელებმა არასტანდარტული ტექნიკა გამოიყენეს - ხმის ჩაწერა სეისმოლოგიური მიკროფონების გამოყენებით მოხდა. ეს არის მოწყობილობები, რომლებიც ჩვეულებრივ მიწისძვრების დროს ვიბრაციების დასაფიქსირებლად გამოიყენება. მათთან ერთად ადამიანების ყელის ქვედა ნაწილზე სპეციალური მიკროფონებიც დამაგრდა, რათა ხმის ისეთი შრეები დაეფიქსირებინათ, რომლებიც ჩვეულებრივი მიკროფონით არ ისმის.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, ინკლუზიურობაზე უბრალოდ არ გვესაუბრა. გვინდოდა, ის გამოცდილებად გვექცია, რათა ადამიანებს შესაძლებლობა ჰქონოდათ, არა მხოლოდ მოესმინათ სხვისი ისტორია, არამედ გარკვეული დროით თავად აღმოჩენილიყვნენ ამ აღქმის ნაწილი. ასე შევქმენით POH, რომელიც ტექნოლოგიისა და სთორითელინგის საშუალებით ცვლის როლებს და ქმნის სრულიად ახალ გამოცდილებას", - აღნიშნავს ნინო თოთლაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ბრენდ მენეჯერი.

ასე იქცა მასტერვიდეოს მთავარ პერსონაჟად არა ვიზუალური თხრობა, არამედ ხმა.

"JoyBoy- და შშმ თემს უკვე უამრავი პროექტი დაგვიგროვდა ერთად. პირველ რიგში, უამრავი მეგობარი შევიძინეთ და ამან უნებურად ჩვენი სამუშო რეჟიმის კონსულტანტებადაც აქცია ისინი. ამ კამპანიის კონცეფციაც ერთ-ერთი განხილვისას გაჩნდა, როდესაც გვითხრეს რომ რთულია გესმოდეს მათი გამოცდილების. გადავწყვიტეთ რომ მოგვესმინა, მართლა და ყველას გამოგვეცადა. ამიტომ პოსტრედთან დავპარტნიორდით და POV-ის ხმოვანი ალტერნატივა შევქმენით: POH - Point Of Hearing - ახალი სთორითელინგის ფორმა. შემდგომ, ხმა ჩავწერეთ სეისმოლოგიური მიკროფონებით (მიწისძვრებს რომ ზომავენ) და ასევე ცალკე მიკროფონები დავამაგრეთ ადამიანებს ყელის ქვემოთ, რადგან ნამდვილად ის ხმა მიგვეღო, რაც, ზოგადად, ადამიანს ფიქრისას ესმის. ყველა ეს აუდიო გამოცდილება შევკარით და ახალი ტექნოლოგია გამოვიგონეთ, რათა ისეთი ბინალური საუნდი გამოსულიყო, რომლის მოსმენისასაც ზუსტად ისეთივე გამოცდილებას იღებ, როგორსაც მხედველობაშეზღუდული პირი ყოველდღიურად", - აღნიშნავენ JoyBoy- გუნდში.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/x6_GBxwpFAU?si=QDIMQm4f8jXHtPb7" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" referrerpolicy="strict-origin-when-cross-origin" allowfullscreen></iframe>

ერთი იდეა, რომელიც სხვა ბიზნესებისთვისაც შეიძლება გაგრძელდეს

საქართველოს ბანკისთვის ეს პროცესი მხოლოდ საკუთარი სერვისების ცვლილებით არ დასრულებულა.

ბანკმა დაგროვილი გამოცდილება, პრაქტიკული გადაწყვეტილებები და მიღებული გაკვეთილები ერთიან გზამკვლევშიც მოაქცია, რომელიც სხვა ბიზნესებს ეხმარება, საკუთარი სივრცეები და სერვისები უფრო ინკლუზიური გახადონ. ამავე იდეას აგრძელებს POH-იც. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ გზამკვლევი გამოცდილებას ხსნის, კამპანია კი მის შეგრძნებას ცდილობს.

"ჩვენთვის ინკლუზიურობა მხოლოდ კონკრეტული სერვისის ან სივრცის ადაპტირებას არ ნიშნავს - ეს არის გარემოს შექმნა, სადაც თითოეულ ადამიანს შეუძლია თავი თანაბარ მონაწილედ იგრძნოს. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, ამ კამპანიით ინკლუზიურობაზე მხოლოდ კი არ გვესაუბრა, არამედ ადამიანებისთვის მისი განცდის და გამოცდის შესაძლებლობა შეგვექმნა. POH-ის იდეა ამ მიდგომის გაგრძელებაა: ტექნოლოგიის, კრეატივისა და storytelling-ის გაერთიანებით ვცდილობთ, ადამიანებს რამდენიმე წუთით მაინც შევუცვალოთ პერსპექტივა და დავანახოთ, რომ ხელმისაწვდომი გარემოს შექმნა ყველას პასუხისმგებლობაა. ჩვენ გვჯერა, რომ როცა სხვის გამოცდილებას უკეთ ვიგებთ, ცვლილების შექმნის შესაძლებლობაც უფრო დიდი ხდება", - აღნიშნავს ანი ლომთაძე, საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელი.