"დასაწყისშივე გავიაზრეთ, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტიზას ვფლობდით" როგორ მოახერხა ანდრეი ნოვიკოვმა არასტანდარტული მიდგომების გამოყენებით გაეზარდა კომპანია, რომელიც მსოფლიოს წამყვანი ბრენდების პარტნიორი გახდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ანდრეი ნოვიკოვი 18 წელია ციფრული მარკეტინგის სფეროში მუშაობს. უმეტესი დროის განმავლობაში, ის დსთ-ის ქვეყნებში ერთ-ერთი დიდი სააგენტოს, Affect Group-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იყო. ანდრეიმ თავისი კომპანიის წარმატებული გამოცდილება გაგვიზიარა, რაც მას არა მხოლოდ ნაცნობ ბაზარზე ლიდერის პოზიციის შენარჩუნებაში, არამედ დასავლეთ ევროპისა და ამერიკის კონკურენტუნარიანი ბაზრების ათვისებაში დაეხმარა.
სააგენტომ 2000-იან წლებში, მხოლოდ 10 თანამშრომლით დაიწყო ფუნქციონირება, თუმცა გუნდმა სწრაფად მოახერხა ის, რაც სხვებმა ვერ შეძლეს − მიიპყრო საერთაშორისო ბრენდების ყურადღება და დაიმკვიდრა ისეთი სააგენტოს რეპუტაცია, რომელიც დამკვეთებს მართლაც ეფექტიან და არატრივიალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს. პარტნიორთან ერთად, Procter&Gamble-ისა და Unilever-ისთვის სააგენტოს პირველი მსხვილი ციფრული პროექტების განხორციელების შემდეგ, Affect-მა პროფესიულ სფეროში პოპულარობა და წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა მოიპოვა.
"ამჟამად ჩვენს პორტფოლიოში ამ დონის მრავალი პროექტია, ერთ-ერთი პირველი LEGO-სთვის განხორციელდა, როდესაც ბაზარზე ახალი სათამაშო სამყარო − LEGO Nexo Knights წარმოადგინეს. მათთვის საინტერესო ინტერნეტპროექტი შევიმუშავეთ 3D-გრაფიკით. ჩვენი პროექტის შედეგად, LEGO Nexo Knights კომპანიის ყველაზე პოპულარული პროდუქტების სამეულში მოხვდა. იდეა იმდენად ეფექტიანი აღმოჩნდა, რომ კლიენტმა მისი დანერგვა ერთდროულად რამდენიმე ქვეყანაში გადაწყვიტა. შერჩევის ეტაპზე გამოჩნდა, რომ ჩვენი პროექტი უცხოელი კოლეგების მიერ შემოთავაზებულ ბევრ გადაწყვეტილებაზე ძლიერი იყო. ასე მივხვდით, რომ საერთაშორისო დონის ექსპერტიზას ვფლობდით", − გვიყვება ანდრეი ნოვიკოვი.
ანდრეის გუნდის მიერ განხორციელებული მრავალი პროექტი გახდა საუკეთესო ჯილდოს მფლობელი. მაგალითად, Effie-სა და Tagline-ის საერთაშორისო დაჯილდოების ჟიურიმ მაღალი შეფასება მისცა Olmeca-სთვის განხორციელებულ პროექტს. Affect-მა ხსენებული ბრენდის მასშტაბურ ღონისძიებას ორგანიზება გაუწია, რომელიც ტრადიციული მექსიკური დღესასწაულის − გარდაცვლილთა დღის, აღსანიშნავად გაიმართა. ფასიანმა ღონისძიებამ 2 ათასზე მეტი მონაწილე მოიზიდა, ხოლო ციფრულმა გაშუქებამ მილიონობით მომხმარებელი მოიცვა.
კიდევ ერთი საილუსტრაციო მაგალითია PepsiCo-სთვის განხორციელებული პროექტი, რომელიც მრავალი ჯილდოს, მათ შორის Tagline-ის და Silver Mercury-ის გრანპრის მფლობელი გახდა. იმ პერიოდში PepsiCo გეიმერებს შორის Adrenaline Rush-ის პროდუქტის პოპულარობის გაზრდის გამოწვევის წინაშე იდგა.
"ხსენებული მიზნის მისაღწევად, შევქმენით ვებსაიტი საინტერესო ამოცანებით. საიტის პოპულარიზაციის კამპანია Twitch-ზე და ბრენდის სოციალურ ქსელებში ცნობილი ადამიანების მიერ კრეატიული მასალების გავრცელებით დაიწყო. შედეგად, პროექტმა გეიმერების საზოგადოებაში ბრენდის აუდიტორიის მნიშვნელოვნად გაზრდას შეუწყო ხელი".
ახალი პროექტების გამოჩენასთან ერთად გაიზარდა სააგენტოს პერსონალიც. სულ რამდენიმე წელიწადში გაოთხმაგდა დასაქმებულთა რაოდენობა. ამჟამად Affect-ს 100-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს, კომპანიის წლიური ბრუნვა კი 10 მილიონ დოლარს აჭარბებს. ხსენებული რესურსები სააგენტოს ფართომასშტაბიანი, 360-გრადუსიანი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს, რასაც ყველა ძირითად კომპეტენციაში პერსონალის ექსპერტიზის მაქსიმალური დიაპაზონის გამოყენებით აღწევს, − სწორედ ეს გახლავთ სააგენტოს უნიკალური მახასიათებელი. ამრიგად, კომპანიაში პროექტების განხორციელებაზე, უპირველესად, ოთხი ძირითადი განყოფილებაა პასუხისმგებელი:
- სოციალურ მედიაში კომუნიკაციის სტრატეგები;
- სოციალური მედიის სპეციალისტები;
- გუნდი, რომელიც სოციალურ მედიაში აქტიურ ბლოგერებთან ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა პასუხისმგებელი;
- ასევე, დიდი განყოფილება, რომელიც სხვადასხვა სირთულის კონტენტის შექმნაზეა პასუხისმგებელი − ანიმაციური პოსტებიდან დაწყებული, სოციალური მედიის ჟურნალისტიკამდე და ცოცხალ (Live) მაუწყებლობამდე.
რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ანდრეიმ ისე მოახერხა სამუშაოს ორგანიზება, რომ ამ განყოფილებებმა სინერგიით მუშაობა და დასრულებული პროდუქტის წარმოება დაიწყეს.
"დარწმუნებული ვართ, რომ სოციალური ქსელები დღეს ბრენდებისთვის აუდიტორიასთან კომუნიკაციის მთავარი არხი უნდა იყოს. სწორედ სოციალური მედია იძლევა ტარგეტირების, უნიკალური მარკეტინგული ტექნოლოგიებისა და ვიზუალური ტენდენციების გამოყენების შესაძლებლობებს. აქ არიან წარმოდგენილი "აზრის ლიდერები" და სწორედ სოციალურ მედიას ირჩევს Gen-Z აუდიტორია. ჩვენ ვიყავით პირველები, რომლებმაც წარმატებით წამოვიწყეთ Social First-ის რევოლუციური მიდგომა, შევქმენით ვირუსული კამპანიები და შედეგად, დიდი რაოდენობით მნიშვნელოვანი ჯილდო მოვიპოვეთ", − აღნიშნავს ანდრეი ნოვიკოვი.
Affect Group-ის პროექტების განხორციელებაში მაღალი ეფექტიანობის ინდიკატორების მიღწევას სოციალური მედიის მარკეტინგის ეფექტიანობის ძირითადი მაჩვენებლებისადმი (SMM KPI) განსაკუთრებული მიდგომა უწყობს ხელს. ანდრეიმ და მისმა გუნდმა მოახერხეს მსხვილი ბრენდების დარწმუნება, შეეწყვიტათ ისეთი არაეფექტიანი ინდიკატორების გაზომვა, როგორიცაა მაგალითად გამომწერების რაოდენობა. სანაცვლოდ, მათ დაიწყეს სოციალური მედიის მაჩვენებლების "ჩაშენება" საერთო მარკეტინგულ მეტრიკაში − მაგალითად, სხვა მარკეტინგულ არხებთან ერთად, სოციალური მედიის წვლილის გაზომვა ზრდასთან მიმართებით.
"ამჯერად ჩვენ ვახორციელებთ მორიგ რევოლუციას B2B კომპანიების განვითარების კუთხით. შევიმუშავეთ უნიკალური სამუშაო პროცესი, სადაც ვაერთიანებთ ათობით მონაცემთა ნაკრებს სხვადასხვა პროვაიდერისგან, ლეგალურად ვამდიდრებთ მონაცემებს AI-ს გამოყენებით, ვავითარებთ უნიკალურ მიდგომას, რათა გამოვლენილი Sales-qualified lead-ებისთვის შეტყობინებები ყველგან იყოს, ვიყენებთ ანალიტიკის მოდელს ატრიბუციის მოდელების გათვალისწინებით და მრავალი სხვა", − გაგვიზიარა Affect Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
ანდრეი ნოვიკოვი მენეჯმენტში ხშირად იყენებს არასტანდარტულ და თუნდაც ინოვაციურ მიდგომებს. მაგალითად, კორონავირუსის პანდემიამდე ერთი წლით ადრე, მან საკუთარ კომპანიაში შეიმუშავა და დანერგა ფინანსური აღრიცხვის სისტემა Andy, რომელიც მორგებულია შემოქმედებითი სააგენტოს საჭიროებებზე. ამან შესაძლებელი გახადა არა მხოლოდ დიდი რაოდენობით რუტინული სამუშაოს ავტომატიზაცია, არამედ საჭიროების გაჩენის მომენტში დისტანციური მუშაობის მოდელზე სწრაფად გადართვა. ანდრეი ობიექტურად შეიძლება მივიჩნიოთ წარმატებულ და გამოცდილ ლიდერად, რომელიც სრულყოფილად ფლობს მართვის უნარებს.
"ყოველთვის ვხელმძღვანელობდი იმ პრინციპით, რომ მაშინაც კი, როცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ ხარ, უნდა გამონახო გადაწყვეტილების მიღების გამბედაობა. ციფრული მარკეტინგის ბაზარი ძალიან ახალგაზრდა და სწრაფად ცვალებადია. სწორედ ამიტომ, სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორისთვის ისევე მნიშვნელოვანია გასარისკად მზადყოფნა, როგორც, მაგალითად, სტრატეგიული აზროვნება და გუნდის მოტივაციის უნარი", − აღნიშნავს ანდრეი ნოვიკოვი.
ამჟამად სააგენტო აფართოებს თავის წარმოდგენილობას გლობალურ ბაზარზე. სამი წლის წინ, Affect-ის მენეჯმენტმა მიიღო აშშ-ში წარმომადგენლობითი ოფისის გახსნის გადაწყვეტილება, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია. მიუხედავად ამისა, პირველ წელს, მსხვილი პარტნიორების გარე დახმარების გარეშე, ანდრეიმ მოახერხა და კომპანიის ბრუნვამ მილიონ დოლარს მიაღწია.
"მომდევნო რამდენიმე წლისთვის ჩვენი გეგმაა აშშ-ში, B2B Performance Marketing-ის მიმართულებით მომუშავე საუკეთესო 10 სააგენტოს შორის დავიმკვიდროთ ადგილი".