დავოსის ფორუმი: ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის, კოსმოსისა და ადამიანის დაბერების შესახებ
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
უზარმაზარ დარბაზში, რომელიც, როგორც წესი, დიპლომატიური დისკურსისთვისაა დათმობილი, 2026 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ატმოსფერო ოდნავ სპეკულაციურისა და ამაღლებულისკენ შეიცვალა. დავოსში მისი პირველივე გამოსვლისას, ილონ მასკი BlackRock-ის აღმასრულებელ დირექტორს, ლარი ფინკს შეხვდა საუბრისთვის, რომელიც ნაკლებად ჰგავდა კორპორაციულ "ბუხართან საუბარს" და უფრო კაცობრიობის მომავლის შესახებ სტატუს-რეპორტს წააგავდა.
დისკუსიის ძირითადი თემა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) ტრაექტორია იყო. მასკს, რომელმაც გასული წელი xAI-ს "მძიმეწონოსან" მოთამაშედ პოზიციონირებას დაუთმო, სიტყვები არ დაუშურებია "სუპერინტელექტის" ვადებთან დაკავშირებით.
"იმ ტემპით, რომლითაც AI ვითარდება, ვფიქრობ, წელს, ან არაუგვიანეს მომავალი წლისა, გვექნება ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანზე ჭკვიანი იქნება", – განუცხადა მასკმა აუდიტორიას.
მან ჰორიზონტი კიდევ უფრო შორს გადასწია და ივარაუდა, რომ 2030 წლისთვის კაცობრიობის "კოლექტიურ ინტელექტს" AI დაჩრდილავს. მასკისთვის ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ეტაპი; ეს არის კატალიზატორი იმისა, რასაც ის "უპრეცედენტო ეკონომიკურ ზრდას" უწოდებს. ის წარმოიდგენს სამყაროს, სადაც მილიარდობით Tesla Optimus რობოტი შეასრულებს იმ სამუშაოს, რომელიც დღეს გლობალურ სიღარიბეს განაპირობებს.
"გარკვეულ ეტაპზე ვეღარც მოიფიქრებთ, რა სთხოვოთ რობოტს", – იწინასწარმეტყველა მასკმა და დახატა პოსტდეფიციტური საზოგადოების სურათი, სადაც "ცხოვრების დონე" აღარ იქნება დაკავშირებული ადამიანურ შრომასთან.
სანამ მსოფლიო ყურადღებას მიწისზედა ენერგოსისტემებზე ამახვილებს, მასკი მზერას ცისკენ მიმართავს. თანამედროვე AI-ს მასშტაბური გამოთვლითი და ენერგეტიკული მოთხოვნების საპასუხოდ, მან რადიკალური გადაწყვეტილება შესთავაზა საზოგადოებას: კოსმოსში განთავსებული AI მონაცემთა ცენტრები. მასკი ამტკიცებს, რომ AI-სთვის "შემზღუდველი ფაქტორი" ამჟამად ელექტროენერგიაა. მისი გამოსავალი? მზის ენერგიაზე მომუშავე AI თანამგზავრების გაშვება.
მისი თქმითვე, კოსმოსში მზის პანელები დაახლოებით ხუთჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე დედამიწაზე, ატმოსფერული დაბრკოლებების არარსებობისა და დღე-ღამის ციკლის არქონის გამო. კოსმოსის 3-გრადუსიანი კელვინის ვაკუუმის გამოყენება გაგრილებისთვის კი მაღალი ინტენსივობის გამოთვლებს მნიშვნელოვნად აიაფებს.
ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით, მასკმა აღნიშნა, რომ SpaceX-ის Starship 2026 წლის ბოლომდე სრულად მრავალჯერადი გამოყენების რეჟიმზე გადავა. ეს გარღვევა, მისი თქმით, ორბიტალური ტვირთის ღირებულებას შეამცირებს, რაც კოსმოსურ მოგზაურობას ეკონომიკურად ისეთივე რუტინულს გახდის, როგორც კომერციულ ავიაციას.
ინტერვიუს პროვოკაციულ ნაწილად შეფასდა მომენტი, როდესაც ფინკმა ილონ მასკს ადამიანის ბიოლოგიური ლიმიტის შესახებ ჰკითხა. მასკმა, რომელიც ჩვეულებრივ ტექნიკურ აღჭურვილობაზეა ორიენტირებული, ადამიანის დაბერება აღწერა, როგორც "სინქრონიზებული ბიოლოგიური საათი, რომლის "გატეხაც" შესაძლებელია".
"როდესაც მივხვდებით, რა იწვევს დაბერებას, აღმოვაჩენთ, რომ ეს წარმოუდგენლად აშკარა რამაა", – აღნიშნა მან.
ბოლოს კი მასკმა აუდიტორიას ოპტიმიზმისკენ მოუწოდა და თქვა:
"მე მჯერა, რომ მომავალზე საუბრისას ყველანი ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყობილნი. ზოგადადაც, მწამს, რომ ჯობს ოპტიმისტები და მტყუანნი ვიყოთ, ვიდრე პესიმისტები და მართლები".