დემორა – ავეჯი, რომელიც პასუხობს როგორც ესთეტიკურ, ასევე ყოველდღიურ ფუნქციურ მოთხოვნებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კომპანია "დემორას" კონცეფცია საბოლოოდ 2024 წლის მეორე ნახევარში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი საფუძველი პანდემიის შემდგომ პერიოდს უკავშირდება. კომპანიის დამფუძნებლის, ელენე დარჯანიას თქმით, ამ ეტაპზე მკვეთრად შეიცვალა მომხმარებლის დამოკიდებულება საცხოვრებელი და სამუშაო სივრცის მიმართ – გაიზარდა მოთხოვნა ხარისხზე, ფუნქციურობასა და გარემოზე, რომელიც ადამიანზეა მორგებული და არა პირიქით.

"ბაზრის დაკვირვების პროცესში აშკარად გამოიკვეთა პრობლემა: ავეჯის სექტორში, ხშირ შემთხვევაში, წარმოდგენილია ან მასობრივი, სტანდარტიზებული პროდუქტი, ან ვიზუალურად მიმზიდველი, თუმცა კონცეპტუალურად დაუმთავრებელი გადაწყვეტილებები. მომხმარებელს აკლდა სივრცე, სადაც დიზაინი, ხარისხი და პრაქტიკული გამოყენება ერთ სისტემაში იქნებოდა გაერთიანებული. სწორედ ამ ხარვეზის შესავსებად შეიქმნა "დემორა".

ჩვენი მიზანია მომხმარებელს შევთავაზოთ არა მხოლოდ ავეჯი, არამედ სრულფასოვანი ინტერიერული გადაწყვეტილებები – გააზრებული არჩევანი, რომელიც პასუხობს როგორც ესთეტიკურ, ისე ყოველდღიურ ფუნქციურ მოთხოვნებს", – ამბობს ელენე დარჯანია.

კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ავეჯისა და ინტერიერის ბაზარი მაღალი კონკურენციით ხასიათდება და ახალი ბრენდის შექმნა ნიშნავს მკაფიო პოზიციონირებას, მკაცრ სტანდარტებსა და პასუხისმგებლობას მომხმარებლის წინაშე.

"ამ გადაწყვეტილებას უფრო გააზრებულ ნაბიჯად ვაფასებ, ვიდრე მხოლოდ სიმამაცის გამოვლინებად. თავიდანვე გვქონდა მკაფიო ხედვა, შეგვექმნა ბრენდი, რომელიც მომხმარებელს შესთავაზებდა არა მასობრივ გადაწყვეტებს, არამედ გააზრებულ არჩევანს, ხარისხზე, ფუნქციურობასა და დეტალებზე ორიენტირებულ მიდგომას", – ამბობს ის.

ელენე დარჯანიას თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა წარმოადგენდა სწორი ბალანსის პოვნას ხედვასა და რეალობას შორის. ის ამბობს, რომ თავდაპირველად იდეა ბევრად უფრო ამბიციური იყო, ვიდრე ბაზრის პრაქტიკული შესაძლებლობები როგორც ფინანსური, ისე ოპერაციული თვალსაზრისით.

"არსებობდა რისკი, რომ კონცეფცია ან ზედმეტად კომპრომისული გამხდარიყო, ან პირიქით – რეალობას მოწყვეტილიყო. მეორე მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა იყო პარტნიორებისა და მომწოდებლების შერჩევა, რომლებიც ჩვენს სტანდარტებს სრულად გაიზიარებდნენ. ხარისხზე, ვადებსა და პასუხისმგებლობაზე ორიენტირებული თანამშრომლობა თავიდანვე მარტივი არ აღმოჩნდა, თუმცა ეს ეტაპი გარდამტეხი გახდა ბრენდისთვის. ბოლო ეტაპი იყო კადრების შერჩევა, რაც ისევ აქტუალურ გამოწვევად მიმაჩნია", – ამბობს ის.

ელენე დარჯანია ამბობს, რომ მის საქმიანობაში მთავარი ინსპირაცია არის სივრცის გავლენა ადამიანზე – როგორ ცვლის გარემო ყოველდღიურობას, განწყობასა და ცხოვრების ხარისხს.

"სწორედ ამის გააზრება მაძლევს მოტივაციას, რომ თითოეული გადაწყვეტილება იყოს გააზრებული და მიზნობრივი. ასევე, მნიშვნელოვანია თანამედროვე დიზაინის განვითარება და საერთაშორისო გამოცდილება, თუმცა ჩემი მთავარი ამოსავალი ყოველთვის არის ბალანსი ესთეტიკასა და გამოყენებადობას შორის. ჩემთვის ინსპირაცია არ არის ტრენდის ბრმად მიყოლა", – აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

დემორას დამფუძნებლის თქმით, კომპანიის განვითარების ხედვა ეფუძნება კორპორაციული მიმართულების გაძლიერებას. უახლოესი ერთი წლის განმავლობაში კომპანიის მთავარი ფოკუსი არის კორპორაციული შეკვეთები და სტრატეგიული პარტნიორობები.

"პარალელურად ვმუშაობთ ბრენდის ცნობადობისა და ცნობიერების ზრდაზე, რათა "დემორა" აღიქმებოდეს როგორც სანდო და პროფესიული არჩევანი. ჩვენთვის პრიორიტეტულია მომხმარებელთან ძლიერი ემოციური კავშირის შექმნა. გვსურს, რომ ბრენდი გამოცდილებითა და ხარისხით შეიყვარონ. დანარჩენს დრო გვიჩვენებს, თუმცა მიმართულება მკაფიოა", – ამბობს ელენე დარჯანია, კომპანია "დემორას" დამფუძნებელი.