დიანა სახურია – ანტრეპრენერი, ვინც სოფლად არსებულ რესურსებს ეკონომიკურ და სოციალურ შესაძლებლობებად აქცევს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ნაცრისფერი შენობებისა და მუდმივი ურბანული სტრესის ფონზე სოფლად გადასვლა და იქ ცხოვრება რომანტიკულად, ბევრისთვის საოცნებო სცენარად ჟღერს, არა?
რამდენად ხშირად ვფიქრობთ იმაზე, თუ რამხელა ცვლილებები მოჰყვება ამ ნაბიჯს? დიანა სახურიასთვის ეს მხოლოდ საცხოვრებელი გარემოს შეცვლა არ ყოფილა – გადაწყვეტილება ახალი ცხოვრების დაწყებას, საკუთარი შესაძლებლობების თავიდან გააზრებასა და ისეთი საქმიანობის ძიებას უკავშირდებოდა, რომელიც ერთდროულად მის ოჯახსაც მოუტანდა ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და იმ თემისთვისაც შექმნიდა ღირებულებას, რომლის ნაწილიც თავად გახდა.
საკუთარი საქმის წამოწყებისთვის თავიდანვე ორი მნიშვნელოვანი მოტივი ჰქონდა: ფინანსური დამოუკიდებლობა და მიზანი, რომ ამისთვის საკუთარ სოფელში, შვილებისთვის ნაცნობ გარემოში მიეღწია. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სოფლის პოტენციალი მხოლოდ ეკონომიკური საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა. დიანამ დაინახა, რომ ადგილობრივი რესურსები, ცოდნა და ადამიანების შესაძლებლობები შეიძლებოდა უფრო ფართო იდეის საფუძველი გამხდარიყო – ისეთი ინიციატივების, რომლებიც ეკონომიკურ სარგებელთან ერთად განათლებას, გარემოს დაცვასა და თემის გაძლიერებასაც ემსახურებოდა.
"მინდა დავამტკიცო, რომ სოფლადაც შესაძლებელია თანამედროვე, მდგრადი და მრავალმხრივი საქმიანობის განვითარება, რომელიც ეკონომიკურ დამოუკიდებლობასთან ერთად ადგილობრივი თემისთვისაც ქმნის ღირებულებას", – ამბობს დიანა.
სწორედ ამ ხედვას ეფუძნება მისი საქმიანობის ორი ძირითადი მიმართულება: "გემოშა" სოფლის პროდუქტების წარმოებასა და პოპულარიზაციას უკავშირდება, "ცხოვრების ტყე" კი თემზე დაფუძნებული საგანმანათლებლო და ეკოლოგიური სივრცის შექმნას. ერთი თუ ადგილობრივი პროდუქტის ეკონომიკურ პოტენციალს ავითარებს, მეორე ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, ითანამშრომლონ და საკუთარი ინტერესების რეალიზებისთვის საჭირო გარემო იპოვონ.
დიანა ამბობს, რომ "ცხოვრების ტყის" იდეა მხოლოდ სოფელში კიდევ ერთი საგანმანათლებლო სივრცის შექმნის სურვილით არ დაწყებულა. ქალი ანტრეპრენერისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მის შვილებს სკოლის მიღმაც ჰქონოდათ განვითარების შესაძლებლობები, თავად კი გაეგრძელებინა სწავლა, სწავლება და დაგროვილი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. გარემოზე დაკვირვებისა და ადგილობრივებთან საუბრის შემდეგ მან დაინახა, რომ მსგავსი სივრცის საჭიროება მხოლოდ მის ოჯახს არ ჰქონდა.
"მინდოდა, ჩემს შვილებს სკოლის მიღმაც ჰქონოდათ განვითარების შესაძლებლობა. ამავე დროს, მეც მინდოდა გამეგრძელებინა სწავლა, სწავლება და საკუთარი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება. დაკვირვებისა და გამოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ბევრისთვის მისაღები და საჭირო იქნებოდა. ამიტომაც დავიწყე თავისუფალი სივრცის შექმნა ქალებისა და ბავშვების მხარდაჭერისთვის", – იხსენებს დიანა.
დღეს "ცხოვრების ტყე" რამდენიმე ერთმანეთთან დაკავშირებულ მიმართულებას აერთიანებს: არაფორმალურ განათლებას, ბიბლიოთეკას, ქალთა გაძლიერებას, ბავშვების შემოქმედებით და საგანმანათლებლო აქტივობებს, გარემოსდაცვით ინიციატივებსა და თემის ჩართულობას. დიანა სახურიას ჩანაფიქრით, ეს უნდა იყოს ადგილი, სადაც განათლება მხოლოდ სკოლის პროგრამით არ შემოიფარგლება, ხოლო ადამიანებს ერთმანეთთან შეხვედრის, ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენის საშუალება ექნებათ.
ამავე დროს, მის საქმიანობაში ცალკე ადგილი უჭირავს გარემოსდაცვით კამპანიას "ამ შობას ნუ მოჭრი". ინიციატივის მიზანი ნაძვის ხის მოჭრის ნაცვლად მისი გაზრდისა და შენარჩუნების კულტურის პოპულარიზაციაა. ერთი შეხედვით, ეს პროექტები განსხვავებულ საკითხებს ეხება, თუმცა დიანასთვის მათი საერთო საფუძველი ადამიანებისა და გარემოს მიმართ პასუხისმგებლობაა.
მისი მიდგომის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ადგილობრივი საჭიროებების შესწავლაა. სოფელში ცხოვრება მას საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად აკვირდებოდეს გარემოს, ხედავდეს ადამიანების შესაძლებლობებს და ამჩნევდეს პრობლემებს, რომლებიც ხშირად ფართო ყურადღების მიღმა რჩება. ამ დაკვირვებამ ასწავლა, რომ ინიციატივის წარმატებისთვის მხოლოდ კარგი იდეა საკმარისი არ არის – აუცილებელია იმის ცოდნა, რეალურად რა სჭირდება ადამიანს და როგორ შეიძლება შეთავაზებული შესაძლებლობა მის ყოველდღიურ ცხოვრებას დაუკავშირდეს.
"ბავშვებისთვის მხოლოდ საგანმანათლებლო აქტივობის შეთავაზება არ არის საკმარისი, თუ მათ არ აქვთ უსაფრთხო, საინტერესო და თავისუფალი გარემო. ქალებისთვის კი მხოლოდ ტრენინგის ჩატარება ვერ იქნება საკმარისი, თუ ამის შემდეგ მიღებული ცოდნის გამოყენების შესაძლებლობა არ ექნებათ", – აღნიშნავს დიანა.
სწორედ ამიტომ, "ცხოვრების ტყის" განვითარებას ის ეტაპობრივად ცდილობს. მისთვის ასეთი სივრცის შექმნა მხოლოდ ინფრასტრუქტურის მოწყობას არ ნიშნავს. გაცილებით მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს ჩამოყალიბება, სადაც ადამიანები თავს ამ სივრცის ნაწილად გრძნობენ, დაბრუნების სურვილი უჩნდებათ და ხედავენ, რომ მათი მონაწილეობა საერთო საქმის განვითარებაში მნიშვნელოვანია.
თუმცა ამგვარი ინიციატივის რეგიონში განხორციელება მარტივი არ არის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ყველაფერი ნულიდან იწყება, შეზღუდულია ფინანსური რესურსები და მზა ინფრასტრუქტურაც არ არსებობს. გამოწვევა მხოლოდ საჭირო თანხის მოძიება არ არის – საჭიროა ადამიანების დარწმუნებაც, რომ მსგავსი სივრცის განვითარება ერთი ადამიანის პასუხისმგებლობა არ უნდა იყოს და მასში მონაწილეობა მთელ თემს შეუძლია.
დიანა ამბობს, რომ არასდროს ელოდება იდეალური დროის დადგომას და ცდილობს, არსებული შესაძლებლობებით დაიწყოს, ჩაატაროს აქტივობები, ეტაპობრივად მოიზიდოს ადამიანები, რომლებსაც პროექტის განვითარებაში წვლილის შეტანა სურთ. თუმცა, სურვილსა და კონკრეტული გეგმების არსებობას ყოველთვის არ მოსდევს მათი სწრაფად განხორციელების შესაძლებლობა.
"ყველაზე დიდი გამოწვევა რესურსების სიმცირეა. როდესაც ერთდროულად ცდილობ ბიზნესის განვითარებას, ახალი სივრცის შექმნას და საზოგადოებრივი ინიციატივების განხორციელებას, ძალიან ბევრი საკითხის დამოუკიდებლად მოგვარება გიწევს. ბიზნესს სჭირდება ინვესტიცია, წარმოებას – მუდმივი რესურსი, ხოლო საზოგადოებრივ პროექტებს – ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი და პარტნიორები", – ამბობს ის.
განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა "ცხოვრების ტყისთვის" საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება – სივრცის სრულფასოვანი მოწყობა, ბიბლიოთეკის მშენებლობა და სხვა აუცილებელი სამუშაოები მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსს მოითხოვს. დიანა აცნობიერებს, რომ ყველა ამ მიზნის საკუთარი ძალებით მიღწევა რთულია, ამიტომ პროექტის განვითარებაში დაინტერესებული ადამიანების ჩართვას სულ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს და მუდმივად ღიაა პარტნიორობებისთვის.
ამ მიმართულებით უკვე გამოჩნდნენ ადამიანები და კომპანიები, რომლებმაც ინიციატივის მნიშვნელობა დაინახეს. მათ შორისაა "თეგეტა გრინ პლანეტი", რომელმაც "ცხოვრების ტყის" განვითარების პირველ ეტაპს დაუჭირა მხარი. დიანასთვის ეს თანამშრომლობა იმის მაგალითიცაა, რომ კერძო სექტორის მონაწილეობა საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი პროექტების განვითარებაში მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ გულისხმობს და მას შეუძლია ახალი შესაძლებლობების შექმნა, იდეის უფრო ფართო აუდიტორიამდე მიტანა.
თუმცა, პარტნიორების მოძიება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. დიანა განსაკუთრებით აღნიშნავს, რომ ბიზნესსა და ფინანსურ ინსტიტუტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობები შეზღუდულია და სოფლის გაძლიერების, ქალების მხარდაჭერისა თუ საგანმანათლებლო ინიციატივების მნიშვნელობის წარმოჩენა ხშირად რთულდება.
"რთულია კომპანიებთან ურთიერთობა, ბანკებთან განსაკუთრებით. მათთან ჩემი ხმა არ მიდის. ალბათ, არ იციან, რომ სოფლის გაძლიერება და ქალების მხარდაჭერა მხოლოდ სარეკლამო ბანერზე ლამაზად გაკეთებული წარწერა არ არის. ურთულესი ეტაპი მაქვს და იმედს ვიტოვებ, გადავლახავთ", – ამბობს დიანა.
ამ პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა კამპანიამ "ამ შობას ნუ მოჭრი", რომელმაც საზოგადოების ჩართულობის ახალი შესაძლებლობა შექმნა და "ცხოვრების ტყის" განვითარებასაც შეუწყო ხელი. დიანასთვის ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სწორად შერჩეულმა საზოგადოებრივმა ინიციატივამ შეიძლება ადამიანებს საერთო მიზნის გარშემო მოუყაროს თავი და უფრო დიდი საქმის დასაწყისად იქცეს.
მისი ხედვით, სოფლის განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისა და ბავშვებისთვის ისეთი შესაძლებლობების შექმნა, რომლებიც მხოლოდ ცოდნის მიღებით არ შემოიფარგლება. ქალებს პროფესიულ განათლებასთან ერთად სჭირდებათ რეალური გზები საკუთარი იდეების ბიზნესად ქცევისთვის, პროდუქტის შექმნისა და გაყიდვისთვის, პარტნიორების მოსაძიებლად და ფინანსური დამოუკიდებლობის მისაღწევად. ბავშვებისთვის კი მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლება, კითხვა, თეატრი, ხელოვნება, ბუნებასთან ურთიერთობა და დამოუკიდებელი აზროვნების განვითარება.
დიანას სჯერა, რომ ადგილობრივ თემებსაც სჭირდებათ მეტი თანამშრომლობა და საერთო სივრცეები, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს. ამ ყველაფრისთვის კი აუცილებელია სხვადასხვა მხარის მონაწილეობა – კერძო სექტორი, საგანმანათლებლო დაწესებულებების, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და განსხვავებული სფეროს პროფესიონალების. სწორედ პარტნიორობაში ხედავს ის "ცხოვრების ტყის" გრძელვადიანი განვითარების ერთ-ერთ მთავარ პირობას.
ამ ხედვაში კომერციული საქმიანობა და სოციალური მიზნები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიმართულებები არ არის. დიანასთვის ფინანსური მდგრადობა აუცილებელი პირობაა იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა პროექტებმა მხოლოდ გარე დახმარების იმედად არ იარსებონ. ამასთან, მის გადაწყვეტილებებში ეკონომიკურ დამოუკიდებლობას კონკრეტული მნიშვნელობაც აქვს: მას ორი პატარა შვილი ჰყავს, 5 და 6 წლის, და ოჯახის მომავალზეც თავად ზრუნავს.
"ჩემთვის ეს ორი მიზანი ერთმანეთისგან გამიჯნული არ არის. პირიქით, მიმაჩნია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ერთი მეორის გარეშე ვერ იარსებებს. მე ორი პატარა მყავს, მათი მომავალი ჩემს საქმიანობაზეა დამოკიდებული. ასევე, მხოლოდ კეთილი სურვილებით მნიშვნელოვანი პროექტის განვითარება შეუძლებელია. თუ საქმიანობას არ აქვს ფინანსური საფუძველი, ის მუდმივად გარე დახმარებაზე იქნება დამოკიდებული და მისი არსებობაც საფრთხის ქვეშ დადგება", – განმარტავს დიანა.
ამიტომ "გემოშასა" და "ცხოვრების ტყეს" ის ერთი საერთო ხედვის ორ მიმართულებად განიხილავს: პირველი ადგილობრივი პროდუქციის წარმოებით ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის, მეორე კი ცოდნის, ურთიერთობისა და სოციალური განვითარების სივრცეს აყალიბებს. ორივე შემთხვევაში მთავარი ამოცანა სოფელში არსებული პოტენციალის გამოვლენა და მისი პრაქტიკულ შესაძლებლობებად გარდაქმნაა.
საქმიანობის დაწყებიდან დღემდე დიანას ხედვაც შეიცვალა. თუ თავდაპირველად ყურადღება ძირითადად კონკრეტულ შედეგებზე – შემოსავლის წყაროს შექმნაზე, პროდუქტის განვითარებასა და შემდეგი ნაბიჯების გადადგმაზე იყო მიმართული, გამოცდილებამ უფრო ფართო სურათის დანახვა ასწავლა. დღეს ის გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს დაგეგმვას, ფინანსურ მოდელს, პასუხისმგებლობების გადანაწილებასა და ურთიერთობების განვითარებას.
"რთულმა გამოცდილებამ მასწავლა, რომ თავიდანვე მეტი დრო უნდა დამეთმო ფინანსური მოდელის დაგეგმვისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებისთვის. დღეს უფრო მეტ ყურადღებას დავუთმობდი ურთიერთობების განვითარებას და მეტ კომპანიას მივაწვდენდი ჩემს ხმას".
სამომავლოდ დიანას მთავარი მიზანი "ცხოვრების ტყის" სრულფასოვან თემზე დაფუძნებულ ეკოსაგანმანათლებლო სივრცედ ჩამოყალიბებაა. გეგმაშია ტყის ბიბლიოთეკის განვითარება, ქალთა კლუბის შექმნა, ფერმერთა საგანმანათლებლო მიმართულების გაძლიერება და სხვადასხვა თაობისთვის განკუთვნილი პროგრამების შეთავაზება. განსაკუთრებული ყურადღება ბავშვების არაფორმალურ განათლებას დაეთმობა – დიანას ხედვაა, რომ მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, სასკოლო პროგრამის მიღმა განივითარონ დამოუკიდებელი აზროვნება, შემოქმედებითი უნარები და სოციალური პასუხისმგებლობა.
პარალელურად, გაგრძელდება "გემოშას" განვითარებაც: ადგილობრივი პროდუქციის წარმოების გაფართოება, ხარისხის გაუმჯობესება და ახალი ბაზრების მოძიება. დიანას სურს, ეს მიმართულება უფრო მდგრად ეკონომიკურ საქმიანობად ჩამოყალიბდეს. ასევე, გეგმავს, "ამ შობას ნუ მოჭრი" ერთჯერადი საახალწლო კამპანიის ფარგლებს გასცდეს და ბუნებაზე ზრუნვის გრძელვადიან ტრადიციად იქცეს.