"დილისკარი" – როცა ქართული პურის ცხობის ტრადიცია და თანამედროვე ბიზნესი ერთმანეთს ხვდება
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხშირად გვსმენია, რომ წარმატებულ ბიზნესს მაშინ ქმნის ადამიანი, როცა საკუთარ რეალურ სურვილს მიჰყვება და იმ საქმეს იწყებს, რომლისაც მთელი გულით სჯერა. სწორედ ასე დაიბადა ბრენდი "დილისკარი", რომელმაც ქართული პურის ცხობის ტრადიცია გააცოცხლა.
"თანამედროვე ბაზარზე ხშირად იკარგება პურის ნამდვილი არსი – ის უბრალოდ, "სწრაფ პროდუქტად" გადაიქცა, მაშინ როცა კაცობრიობის კულტურული და ენერგეტიკული სიმბოლოა. "დილისკარის" იდეა გაჩნდა სურვილიდან, ხელახლა გაგვეცოცხლებინა ქართული პურის ცხობის ტრადიცია და ის თანამედროვე ცხოვრებასთან სინქრონში დაგვებრუნებინა. ბრენდის სახელიც სიმბოლურია: "დილისკარი" არის კარი ახალი დღის, ახალი ენერგიისა და შესაძლებლობებისკენ. ამავდროულად, ეს არის ადგილი ჯავახეთში, საიდანაც ჩვენ – დამფუძნებლები მოვდივართ და სადაც ჩვენი ოცნებების დიდი ნაწილი დაიბადა. ჩვენი მიზანი იყო ბაზარზე შემოგვეტანა გამოცდილება, სადაც პური აღარ არის მხოლოდ საკვები – ის ყოველდღიური რიტუალი, ენერგიის წყარო და კულტურული კოდია, რომელიც თანამედროვე ადამიანს საკუთარ ფესვებთან აკავშირებს", – ამბობს "დილისკარის" თანადამფუძნებელი, მარეხი გვარამაძე.
კონკურენტულ ბაზარზე, რომელიც ერთი შეხედვით გადატვირთულია, "დილისკარმა" დაინახა თავისუფალი სივრცე კონცეპტუალური და ავთენტიკური ხედვისთვის.
"დღეს ბაზარს აკლია ბრენდები, რომლებიც არა მხოლოდ პროდუქტს ყიდიან, არამედ გვიყვებიან ამბავს – ისტორიას, რომელიც აცოცხლებს ძველ ტრადიციებს და მომხმარებელს შინაარსთან აბრუნებს. ჩვენი გადაწყვეტილება, შეგვექმნა "დილისკარი", სწორედ ამ ამბიციამ განაპირობა: დაგვეკავებინა ეს ცარიელი ნიშა და შეგვეთავაზებინა უნიკალური ხედვით შექმნილი, გამორჩეული პროდუქტი. გვჯერა, რომ ასეთი მიდგომით მეტ სარგებელს მოვუტანთ როგორც ინდუსტრიას, ისე, პირველ რიგში, მომხმარებელს, რომელსაც სჭირდება პროდუქტი, სადაც ყველა ასპექტი – გემოდან დაწყებული, შექმნის ფილოსოფიით დასრულებული – გააზრებული და ავთენტიკურია".
"დილისკარის" დამფუძნებლებისთვის მთავარი გამოწვევა ტრადიციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების ჰარმონიული დაკავშირება აღმოჩნდა:
"ხშირად, მასშტაბის ზრდასთან ერთად, პროდუქტი კარგავს თავდაპირველ გემოსა და ხარისხს. ამ ბალანსის პოვნა რთული პროცესია, თუმცა დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ შევძელით ისეთი პროდუქტის შექმნა, რომელიც ინარჩუნებს ქართული პურის პირველყოფილ ენერგიას და ამავდროულად, პასუხობს თანამედროვე მომხმარებლის საჭიროებებს".
სწორედ ამიტომ "დილისკარმა" წარმოება ორი მიმართულებით განავითარა: პირველი ეს არის არტიზანული ლავაში – ის იქმნება ტრადიციული მეთოდით, მუშავდება ხელით და განკუთვნილია მათთვის, ვისთვისაც გემოს ნიუანსები გადამწყვეტია, მათ შორის, ჰორეკა სექტორისთვის. მეორე მიმართულება კი არის ინდუსტრიული ხაზი – ეს არის საცალო გაყიდვებისთვის ადაპტირებული ფორმატები. აქ შენარჩუნებულია ხარისხი, თუმცა სტრუქტურა თანამედროვე მოხმარების წესს არის მორგებული.
მარეხი გვარამაძის თქმით, პურის წარმოება და სტრატეგიული მენეჯმენტი ქართულ ბიზნესრეალობაში ხშირად კვლავ "მასკულინურ" სფეროდ აღიქმება. სწორედ ამიტომ, მარეხი გვარამაძისთვის გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავება არა ერთჯერადი გამოწვევა, არამედ პროფესიული ყოველდღიურობის ნაწილია.
"ამასწინათ, Mercedes-Benz-ის ძალიან საინტერესო კამპანია შემხვდა, რომელიც სრულად ეხმიანება ჩემს ხედვას – Be One of Many. ამ კამპანიის მთავარი გზავნილიც სწორედ ესაა: აღარ არის საჭირო ვიყოთ გამონაკლისები ბიზნესში ან რომელიმე სექტორში იმისთვის, რომ გავხდეთ წარმატებულები. ვფიქრობ, რომ ნამდვილი კულტურული ცვლილება და ბალანსი ჩვენს ქვეყანაში თუ მსოფლიოში მაშინ მიიღწევა, როცა ქალის ყოფნა ნებისმიერ რთულ ინდუსტრიაში, მათ შორის წარმოებაში, აღარ იქნება "განსაკუთრებული შემთხვევა", არამედ გახდება ჩვეულებრივი, ნორმალური ამბავი", – ამბობს მარეხი გვარამაძე.
მარეხი გვარამაძისთვის ანტრეპრენერობა მხოლოდ ბიზნესის კეთებას არ ნიშნავს – ეს არის უნარი, დაინახო შესაძლებლობები იქ, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ რეალობას ამჩნევენ. მისი ხედვით, ნამდვილი ანტრეპრენერი არის ის, ვინც იდეას რეალურ ღირებულებად გარდაქმნის და ქმნის გამოცდილებას, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობას უკეთესობისკენ ცვლის.
"ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც იდეას რეალურ ღირებულებად აქცევს, ქმნის პროდუქტს, კულტურას ან გამოცდილებას, რომელიც ადამიანების ცხოვრებას აუმჯობესებს. ანტრეპრენერობა ჩემთვის ნიშნავს პასუხისმგებლობას, ინოვაციას და მუდმივ მოძრაობას განვითარებისკენ. ანტრეპრენერობა არის ხედვა, რომელსაც პრაგმატული პროგრესი ამოძრავებს".
"დილისკარის" დამფუძნებლებისთვის შთაგონების უმთავრესი წყარო ქართული კულტურული მემკვიდრეობა და მისი თანამედროვეობასთან სინთეზია.
"პურის ცხობის უნიკალური ტრადიცია მხოლოდ წარსული არ არის – ეს არის ცოცხალი კოდი, რომლის გაცოცხლება და ადამიანებისთვის ახალი გამოცდილების სახით მიწოდება ბრენდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა. "დილისკარის" ფილოსოფია სიმარტივესა და სიცოცხლის სიყვარულზე დგას, სადაც პროდუქტი ენერგიისა და შინაგანი ძიების სიმბოლოდ იქცევა".
"დილისკარის" ხედვა ლოკალურ ბაზარს სცილდება და მასშტაბურ, საერთაშორისო ამბიციებს მოიცავს. მისი მიზანია, "დილისკარი" იქცეს ბრენდად, რომელიც ქართული ლავაშის პოტენციალს მსოფლიოს გააცნობს.
"უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ბრენდის პოზიციონირების გაძლიერებას ქართულ ბაზარზე, ასევე ჰორეკა სექტორთან აქტიურ თანამშრომლობას და პროდუქტის ხაზის განვითარებას. აგრეთვე, ჩვენი მიზანია უნიკალურ, ქართულ ენდემურ ჯიშებთან მუშაობა და სპეციალური ხაზის შექმნა, რომელიც უძველეს ტექნოლოგიასთან ერთად, ქართული ხორბლის ჯიშებს გააცოცხლებს თანამედროვე პურის ფორმით. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ხედვა სცდება მხოლოდ ადგილობრივ ბაზარს – გვჯერა, რომ ქართულ ლავაშს აქვს პოტენციალი, გახდეს გლობალური პროდუქტი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, "დილისკარის" საშუალებით ქართულმა პურის კულტურამ კიდევ ერთხელ თქვას თავისი სიტყვა მსოფლიოში".