Get All Access for $5/mo

დიმიტრი ჩერნიკოვი - წარმატებული მკერავი, რომელიც ბრენდებსა და ადამიანებს საკუთარი სტილის შექმნაში ეხმარება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: მარინა აგლიულინა

სამოსი საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მხოლოდ ყოველდღიურობასთან ასოცირდება. თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოდა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. ინდუსტრიის მრავალსაუკუნოვანი არსებობის განმავლობაში იყვნენ და არიან ადამიანები, რომლებმაც უნიკალური სტილი შექმნეს, დაეხმარნენ ბრენდებსა და ადამიანებს, გამოეხატათ საკუთარი თავი და იდენტობა. სწორედ ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება დიმიტრი ჩერნიკოვი − 9-წლიანი გამოცდილების მქონე მოდის მკვლევარი, რომელსაც 40-ზე მეტ მსოფლიო დონის ატელიესთან, ბრენდების შემქმნელებთან, მენეჯერებთან, მკერავებთან და მოდის რითეილერებთან უთანამშრომლია. ასევე, გახლდათ წამყვან ბრიტანულ ჟურნალ The Rake-ის, მოდის რედაქტორი. ამჟამად დიმიტრი თბილისში მუშაობს, არის Dmitriy Chernikov / დიმიტრი ჩერნიკოვი − კლასიკური კოსტიუმის შექმნა ატელიეს დამფუძნებელი, რომელიც მოდის ბრენდებს, მაღაზიებსა და ინდივიდუალურ პირებს უნიკალური სტილის შემუშავებაში ეხმარება.

როგორ იცვლება მოდის ტრენდები და როგორ იღებს შემოქმედებით ინსპირაციას მოდის ექსპერტი? − ამ შეკითხვებზე Entrepreneur დიმიტრი ჩერნიკოვს ესაუბრა.

ფოტო: კრისტინა ტოჩილკო

დიმიტრი, რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ მოდის დიზაინერი? რას მოიცავს თქვენი საქმიანობა?

მირჩევნია, საკუთარი თავი წარვადგინო არა როგორც მოდის დიზაინერი, არამედ − პერსონალური მკერავი. ჩემი საქმიანობა მოიცავს ხედვის შემუშავებას, თუ როგორი სამოსი უნდა ჩაიცვას ჩემმა მომხმარებელმა. ვამჯობინებ, მომხმარებელს შევთავაზო სხვადასხვა მრავალფეროვანი ვარიანტი, ხოლო შემდეგ ერთად ვიმუშაოთ და გადავწყვიტოთ, რამდენად ერგება ესა თუ ის სამოსი და რამდენად გამოხატავს მის ხასიათს. ამის შემდეგ, სამოსის თითოეულ ნაწილს საკუთარი ხელებით ვქმნი.

მოგვიყევით მეტი თქვენი ექსპერტული გამოცდილების შესახებრომელ კომპანიებთან გიმუშავიათ? ასევე, ფართომასშტაბიანი პროექტები, რომლებიც გახსენდებათ თქვენი მრავალწლიანი კარიერიდან...
ნამდვილად გამიმართლა, რომ ვმუშაობდი საკმაოდ ფართომასშტაბიან პროექტებზე. ჩემი მრავალწლიანი საქმიანობის დროს მქონდა საშუალება, მომენახულებინა 40-ზე მეტი ატელიე, რომელიც პერსონალურ შეკვეთებზე მუშაობდა. ამასთან, ვიყავი ე.წ. დრესკოდ-ექსპერტი ერთ-ერთი ბანკის VIP-ფილიალში. მაქვს კონსულტანტის გამოცდილება პროტოკოლისა და ეტიკეტის სპეციალისტთა ეროვნულ ასოციაციაში. გარდა ამისა, სამკერვალო და ფეხსაცმლის წარმოების უდიდეს გამოფენებზე ჩამიტარებია ლექციები და ვყოფილვარ მოდერატორიც.

ჩემთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო ლეგენდარულ ბრიტანულ ჟურნალ The Rake-ის, მოდის რედაქტორობა. ჟურნალის მეშვეობით ვაძლევდი რჩევებს დახვეწილი სტილის მოყვარულ მამაკაცებს, რომლებიც უნიკალურ ტანსაცმელსა და აქსესუარებს ეძებდნენ.

რატომ არის მოდა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის? რის თქმა შეუძლია გემოვნებას ადამიანზე?
ჩემი ხედვით, მოდა არის დროებითი მოვლენა. ის ასახავს ადამიანის მატერიალურ სტატუსს და ყურადღებას ამახვილებს ტენდენციებზე. ჩემთვის სტილის შექმნა ბევრად საინტერესოა. მომწონს ფრაზა − "სტილი ნიშნავს იცოდე, ვინ ხარ". ვცდილობ, შევიცნო ჩემთან მოსული მომხმარებლის პიროვნება და საჭიროების შემთხვევაში, დავეხმარო მათ საკუთარი თავის უკეთ აღქმაში.

ფოტო: ალექს რიაბოვი

დიმიტრი, ვისთვის არის იმიჯზე ზრუნვა აუცილებელი?
თუ თქვენ მუშაობთ ბიზნესსექტორში, აუცილებელია, გქონდეთ წინასწარ განსაზღვრული იმიჯი. პერსონალურად თქვენთვის შეკერილი კოსტიუმი პროფესიონალი ადამიანების გარდერობის განუყოფელი ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო შემთხვევაში, მსგავსი სამოსი არ ჭრის თვალს სიმკვეთრით, მისი ქსოვილი და დეტალები კარგად გადმოსცემს კოსტიუმის მფლობელის სერიოზულ ზრახვებსა და მისწრაფებას, ყველაფერში ჰქონდეს სიზუსტე. მაშინაც კი, თუ თქვენ მუშაობთ ისეთ სფეროში, სადაც კოსტიუმები იშვიათად აცვიათ, მსუბუქი ხელნაკეთი მოსასხამი ჯინსთან ერთად თქვენზე იმეტყველებს, როგორც საიმედოობის აშკარა ნიშანზე.

რა გაძლევთ ინსპირაციას? რა არის მნიშვნელოვანი თქვენთვის საიმისოდ, რომ შეინარჩუნოთ კრეატიულობა საქმეში?
მე არ შემიძლია ცხოვრება ხელოვნების, მუსიკის, არქიტექტურისა და მოგზაურობის გარეშე. ჩემს ნამუშევრებს ვაფუძნებ კლასიკურ ევროპულ პროპორციებზე, მაგრამ ზოგჯერ ვაზავებ აზიურ გავლენასაც: ვაბი-საბის იაპონურ ესთეტიკას, აღმოსავლეთისთვის დამახასიათებელ ორნამენტებს და სხვა. ამჟამად საქართველოში ვმუშაობ და ვცხოვრობ. მაინტერესებს ადგილობრივი ხელნაკეთობები: ტიხრული მინანქარი და ისტორიული სამკაულები, ჩემი საყვარელი ჩუღურეთის რაიონის ე.წ. არტ-ნუვო არქიტექტურა, ტრადიციული კოსტიუმების ნიუანსები და სხვა.

დიმიტრი, რამდენადაც ვიცით, თქვენ შეუკერეთ კოსტიუმი ამერიკელ მომხმარებელს, რომელმაც ორივე ფეხი დაკარგა. რა ტიპის სამოსი შეუკერეთ და რატომ იყო აღნიშნული გამოცდილება თქვენთვის ღირებული?
ჩემმა პირველმა მომხმარებელმა საქართველოში, ომის ვეტერანმა, რეკომენდაციების საშუალებით მიპოვა. ყოველთვის ოცნებობდა კლასიკურ კოსტიუმზე, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო მაღაზიაში ვერ იპოვა შესაფერისი სამოსი. ის საკმაოდ წარმატებული იყო პარასპორტის ისეთ სახეობებში, როგორიცაა თხილამურებით სრიალი, ველოსპორტი და სხვა. გადავწყვიტეთ, მისთვის შეგვეკერა შარვალი, რომელიც ფეხების შიდა ნაკერებზე ორი ელვაშესაკრავით იქნებოდა გაფორმებული, რათა მისთვის მოხერხებული ყოფილიყო პროთეზის დამაგრება. ჩემთვის ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა შევხვდი ორმაგი პროთეზის მქონე ადამიანს და საკმაოდ დიდი გამოწვევა გახლდათ, შემექმნა მისთვის კომფორტული შარვალი. გარდა ამისა, ჩემი მომხმარებელი ატარებდა კოლოსტომიის ჩანთას, აქედან გამომდინარე, მისი მოსაცმელი უნდა ყოფილიყო ასიმეტრიული, მაგრამ უსაფრთხო. მისთვის შესაფერისი სამოსის შესაქმნელად ოთხი შუალედური მოსინჯვა დაგვჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი იყო. ყველაზე ღირებული გამოცდილებაა კოსტიუმის შექმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ შეუძლიათ მოირგონ მზა ტანსაცმელი მაღაზიაში.

დიმიტრი, როგორ შეაფასებდით გასული წლებისა და ამჟამინდელ ტრენდებს? რა ძირითადი ცვლილებებია მოდის ინდუსტრიაში? რა იყო ტრენდული ადრე და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება თანამედროვე ეპოქაში?
ამჟამადაც ვისაუბრებ მხოლოდ კოსტიუმებისა და კლასიკური სტილის მაგალითზე − იმაზე, რაშიც დაოსტატებული ვარ. საბედნიეროდ, ბოლო წლებში ჩვენ დავინახეთ გადახვევა 2000-იანი წლების ტრენდისგან, რაც მოიცავდა ზედმეტად გამხდარ და ჩამოჭრილ ტანსაცმლის სილუეტებს. დღესდღეობით, ხარისხიანი კოსტიუმი არის ის, რომელიც მორგების თავისუფლებას გაძლევს, აქვს ე.წ. სუნთქვადი ბუნებრივი ქსოვილი და სხეულს ანიჭებს თვალისმომჭრელ ფორმას. მამაკაცები საკუთარი კოსტიუმებისთვის უფრო მეტ შთაგონებას იღებენ ძველ ფილმებში წარმოჩენილი კლასიკური პროპორციებიდან, ვიდრე მოდური ლუქბუქებიდან. ასევე ძალიან მიხარია, რომ ქალები სულ უფრო მეტად უჭერენ მხარს იდეას, შეიმოსონ ე.წ. "მკაცრი პიჯაკებით", რომელიც შესანიშნავად გამოიყურება როგორც ბიზნესგარემოში, ასევე კლუბსა და რესტორანში.

დიმიტრი, რას იტყვით ქართული მოდის შესახებ? თქვენი ხედვით, რა არის ე.წ. ნიშური სტილი საქართველოში? როგორ ფიქრობთ, რამდენად დიდი გავლენა იქონია ისტორიამ და კულტურამ ქართულ მოდაზე?
რაც მეტად ვადევნებ თვალს ქართულ მოდას, მით უფრო მსურს ჩავუღრმავდე მის ისტორიას. ჩემმა თბილისელმა მეგობრებმა მაჩვენეს თავიანთი ოჯახების რამდენიმე ფოტო: ის, თუ როგორ იმოსებოდნენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ქართველი მამაკაცები დამახასიათებელ შარვლებსა და ყაბალახებში. ვფიქრობ, ეს სტილი იმსახურებს გაცოცხლებასა და თანამედროვე მოდაში ინტეგრირებას. მსგავსი რამის თქმა შემიძლია ქართველების სიყვარულზეც შავი ფერის მიმართ: ნამდვილად შთამაგონებელია და ღირს მასზე მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მომხმარებლებს ვეუბნები − საქმიანი ეტიკეტის მიხედვით, მხოლოდ სმოკინგი შეიძლება იყოს შავი, ვფიქრობ კარგი იდეაა, შევუხამოთ შავი პალტო ან შარვალი.

რა თქმა უნდა, დღეს თბილისი ქუჩის სტილის ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია. მიუხედავად იმისა, რომ თავს არ მივიჩნევ ე.წ. დროპ-კულტურის (Drop Culture) მოყვარულად, მომწონს ყურადღების გამახვილება იმაზე, რასაც ქუჩაში ვხედავ.

ფოტო: კრისტინა ტოჩილკო

დიმიტრი, მოგვიყევით თქვენი სამომავლო გეგმების შესახებ. რა სახის პროექტებზე ფიქრობთ მუშაობას სამომავლოდ?
მოხარული ვარ, რომ ვმუშაობ ჩემთვის კარგად ნაცნობ სფეროში − ვმუშაობ ინდივიდუალურ შეკვეთებზე, ჩემს მომხმარებლებთან ერთად. ჩემს ყველა ქსოვილს ვუკვეთ დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან, რათა მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხის სამოსი შევუქმნა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, უფრო მეტს ვიმუშავებ ქართველი კლიენტებისთვის და დავეხმარები იმ ადამიანებსაც, რომლებსაც აქამდე არ ჰქონიათ პირად მკერავთან მუშაობის გამოცდილება. ჩემი შემდგომი თვეებისთვის გეგმაა ისეთი ხაზის შექმნა, რომელიც თქვენს ზომებზე მორგებულ ხარისხიან სამოსს შემოგთავაზებთ, თუმცა მისი შექმნა უფრო მარტივი ტექნოლოგიით იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, მომხმარებლისთვის ეს ნიშნავს უფრო ხელმისაწვდომ ფასებსა და პერსონალურ სამკერვალოსთან მუშაობის საუკეთესო გამოცდილებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

Business News

ზრუნვა საკუთარ თავზე?

მე ჩემზე ვიზრუნებ, რომ შენზე უკეთ ვიზრუნო