დროის მართვა თუ საკუთარი თავის? "თუ გსურს შეცვალო შენი ცხოვრება, შეცვალე პრიორიტეტები"
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"თუ გსურს შეცვალო შენი ცხოვრება, შეცვალე პრიორიტეტები"
მარკ ტვენი
დროის მართვა, ძირითადად, დღის, კვირის, თვისა თუ მთელი წლის გეგმის შედგენასთან ასოცირდება, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ დროის სწორად მართვას საფუძვლად საკუთარი თავის სწორად მართვის ცოდნა უდევს.
საკუთარი თავის მართვა კი ბევრად კომპლექსური საკითხია, ვიდრე დღის გეგმის ფურცელზე ჩამოწერა ან დროის მენეჯმენტის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რადგან საკუთარი თავის მართვა, უპირველესად, ადამიანის პირადი მისიის, მის მიერ არჩეული ღირებულებებისა და ფასეულობების საკითხია, რასაც უნდა დაეფუძნოს გასაკეთებელი საქმეების გეგმაც და მათი განხორციელებაც.
მთავარია, როგორ შევძლებთ ჩვენს გრძელვადიან, საშუალოვადიან თუ უახლოესი მიზნებისკენ ჩვენი დროისა და ენერგიის მიმართვას.
არსებობს მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები, ისევე როგორც მნიშვნელოვანი, მაგრამ ნაკლებად სასწრაფო საკითხები, რომლებზეც მყისიერი რეაგირება არაა საჭირო, მაგრამ თავისი მნიშვნელობით ყველაზე ღირებულია.
მნიშვნელოვან და გადაუდებელ საქმეებზე რეაქტიული მოქმედებაა საჭირო, მნიშვნელოვან, მაგრამ ნაკლებად სასწრაფო საქმეებზე კი პროაქტიულად უნდა ვიმოქმედოთ და მეტი ინიციატივა გამოვიჩინოთ, რაც საკუთარი თავის ეფექტიანი მართვისა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის საფუძველია.
როცა დროის დიდ ნაწილს გადაუდებელ, მაგრამ უმნიშვნელო საქმეებს ვუთმობთ, უნდა გვესმოდეს, რომ ამას დიდწილად არა ჩვენი, საკუთარი, არამედ სხვა ადამიანების პრიორიტეტების თანახმად ვაკეთებთ.
გეგმის შედგენისას სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ – რას ვახარჯავთ დროს? სხვა ადამიანების თუ საკუთარ პრიორიტეტებს? მთავარი ის კი არაა, გასაკეთებელი საქმეების სია გრძელია თუ მოკლე, მთავარია, რა კავშირშია ჩვენი ცხოვრების მისიასთან და მთავარ ღირებულებებთან?
გადაუდებელ საქმეებზე რეაგირება და სწრაფად მოგვარება უნდა შეგვეძლოს, მაგრამ სჯობს კრიზისების პრევენციას მეტი დრო დავუთმოთ, ვიდრე მათ მოგვარებას, რისთვისაც ახალი შესაძლებლობების განვითარებაზე მეტი უნდა ვიმუშაოთ.
ის, თუ რაში ვხარჯავთ დროს, დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ვხედავთ საკუთარ დროს და პრიორიტეტებს. დროის მართვაზე მეტად ჩვენი ცხოვრების ეფექტიანად მართვაა საჭირო, ჯანსაღი ფასეულობებისა და პირადი მისიის საფუძველზე.
როგორც მარკ მენსონი თავის ცნობილ წიგნში "ფეხებზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება" წერს: "სწორედ ესაა "თვითსრულყოფის" არსი: უპირატესობა მიანიჭო სწორ ფასეულობებს, იზრუნო უკეთეს რამეებზე. რადგან როცა კარგ რამეებზე ზრუნავ, პრობლემებიც ჯანსაღი გაქვს. ხოლო როცა პრობლემები ჯანსაღია, ცხოვრებაც უკეთესია".
დროის, ანუ როგორც უკვე შევთანხმდით, საკუთარი თავისა და ცხოვრების სწორად მართვაში, წონასწორობის შენარჩუნებაა მთავარი. არ უნდა დაგვავიწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი სფეროები, როგორებიცაა ჯანმრთელობა, პირადი ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები და პიროვნული განვითარება.
ნამდვილ ეფექტიანობას დაბალანსება სჭირდება. ერთ საქმეში მიღწეულმა წარმატებამ შესაძლოა სხვა საქმეში მარცხი გამოიწვიოს. პროფესიული წარმატება კარგია, მაგრამ ეს თუ ჯანმრთელობის დაზიანების ან მეგობრების დაკარგვის ხარჯზე ხდება, გვინდა კი საერთოდ ასეთი წარმატება?
დროისა და ცხოვრების ეფექტიანად მართვა საკუთარი თავის ორგანიზებას, საქმიანობის პრიორიტეტების მიხედვით დალაგებასა და მათ შესაბამისად მოქმედებას ითვალისწინებს. ამისთვის რამდენიმე ძირითადი უნარია საჭირო – პრიორიტეტების განსაზღვრის, პრიორიტეტების შესაბამისად მოქმედებისთვის საკუთარი თავის ორგანიზებისა და დისციპლინის გამომუშავების უნარი.
რამდენად შეთანხმებულია თქვენი პირადი მისია თქვენს პრიორიტეტებთან, მიზნებთან, გეგმებთან და დისციპლინასთან?
თანამედროვე სამყაროში, სადაც ქაოსი ნორმად იქცა, სადაც ყველა მხრიდან და ყველა ფორმით უწყვეტად ვიღებთ ინფორმაციას, საჭიროს თუ უსარგებლოს, მთავარზე კონცენტრირება და პრიორიტეტების სწორად განაწილება ძირითად გამოწვევად რჩება, რადგან წვრილ-წვრილი საქმეების კეთებისას მთავარს ვშორდებით.
თუ გვსურს, ეფექტიანად ვმართოთ დრო, მნიშვნელოვანი საქმეები ნაკლებად მნიშვნელოვანზე წინ უნდა დავაყენოთ, უნდა გვესმოდეს, რომ ლიდერობაც და მენეჯერობაც ერთდროულად მოგვიწევს, რადგან მნიშვნელოვნისა და პრიორიტეტულის განსაზღვრაში ლიდერის უნარებია საჭირო, საქმეების ბოლომდე მიყვანაში კი ლიდერისა და მენეჯერის.
გვახსოვდეს, წარმატებულ ადამიანებს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება აერთიანებს – ეს არც შრომისმოყვარეობაა, არც იღბალი და არც ურთიერთობების ხელოვნება, არამედ ეს უმთავრესის სხვა დანარჩენისგან გარჩევის უნარია!
განარჩიეთ თქვენც!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი
editor@entrepreneur.ge