"დროშა ყველა ოჯახში": როგორ გაჩნდა Droshebi.ge-ს იდეა და რა გეგმები აქვს ქართულ სტარტაპს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველოში დროშის ყოველდღიური გამოყენების კულტურა ჯერ კიდევ განვითარების ეტაპზეა. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული სიმბოლიკა ქვეყნის იდენტობისა და ერთიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია, დროშა ხშირად მხოლოდ სახელმწიფო დღესასწაულებთან, სპორტულ წარმატებებსა და განსაკუთრებულ მოვლენებთან ასოცირდება.
სწორედ ამ დამოკიდებულების შეცვლასა და დროშის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად ქცევას ისახავს მიზნად Droshebi.ge – ქართული ელექტრონული კომერციის პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სხვადასხვა ტიპის დროშებს, მათ შორის ინდივიდუალური დიზაინით დამზადებულ პროდუქციას სთავაზობს.
ბიზნესის შექმნის იდეა ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების გამოცდილებას უკავშირდება, სადაც დროშის მიმართ დამოკიდებულება და მისი ყოველდღიურობაში გამოყენების კულტურა განსაკუთრებით თვალსაჩინოა.
"დროშა ყველა ოჯახში", ამ გზავნილით Droshebi.ge ცდილობს, არა მხოლოდ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს, არამედ დროშის მიმართ საზოგადოებრივი დამოკიდებულების ცვლილებასაც შეუწყოს ხელი.
როგორ გაჩნდა ბიზნესის იდეა, რა გამოწვევებია საქართველოში დროშების ბაზარზე, როგორია მომხმარებელთა მოთხოვნა და რა გეგმები აქვს კომპანიას ადგილობრივი წარმოების განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე გასვლის მიმართულებით, ამ და სხვა საკითხებზე Droshebi.ge-ს დამფუძნებელი, თორნიკე ბაიდოშვილი საუბრობს.
როგორ გაჩნდა Droshebi.ge-ს შექმნის იდეა და რა პრობლემა დაინახეთ ქართულ ბაზარზე, რომლის გადაჭრაც ამ პლატფორმით გადაწყვიტეთ?
უცხოეთში მოგზაურობისა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრების პერიოდში აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, დროშის კულტურა საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში ფართოდ არის ინტეგრირებული. დროშას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადამიანების ცხოვრებაში და მის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს.
საქართველოში კი, სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ეს კულტურა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია და დროშას ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში სათანადო ადგილი არ უჭირავს.
ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ მუდმივად მქონდა სურვილი, რომ დროშის მიმართ პატივისცემის, სიყვარულის, მასთან ყოველდღიური თანაცხოვრებისა და სიამაყის ის განცდა, რომელიც უცხოეთში ცხოვრებისას შევიგრძენი, საქართველოშიც გადმომეტანა და აქაც დამემკვიდრებინა.
ბუნებრივია, თავდაპირველად თავად დავინტერესდი დროშის შეძენით და სწორედ ამ დროს წავაწყდი რეალურ პრობლემას. დღეს საქართველოში დროშის შეძენა უმეტესწილად მხოლოდ სუვენირების მაღაზიებშია შესაძლებელი, რომლებიც ძირითადად ტურისტებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, ადგილობრივი მოსახლეობისთვის ეს მაღაზიები ნაკლებად ხელმისაწვდომია, რადგან მათი ძირითადი სამიზნე აუდიტორია ტურისტები არიან და ადგილობრივი მცხოვრებლები იქ იშვიათად დადიან.
პრობლემური აღმოჩნდა დროშის ონლაინ შეძენაც. ბაზარზე არ არსებობდა სპეციალიზებული ვებგვერდი, რომელიც უშუალოდ დროშების გაყიდვაზე იქნებოდა ორიენტირებული. მათი შეძენა მხოლოდ რამდენიმე ონლაინპლატფორმაზე იყო შესაძლებელი, სადაც საქართველოს დროშები სხვა მრავალ პროდუქტს შორის, დამატებითი პროდუქციის სახით იყო წარმოდგენილი. ასეთ პლატფორმებს შორის იყო Extra, MyMarket და სხვა მსგავსი ვებგვერდები.
სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის მიზნით შევქმენით Droshebi.ge, რომელზეც მომხმარებლებს ქართულენოვანი მისამართითაც, "დროშები.გე", შეუძლიათ შესვლა.
რეალურად, Droshebi.ge არ არის მხოლოდ გაყიდვებზე ორიენტირებული ელექტრონული კომერციის პლატფორმა. "დროშები.გე" არის მოძრაობა, რომელიც ამ ქვეყნის ნაწილი იქნება მანამ, სანამ საქართველო იარსებებს. ჩვენი მიზანია, საზოგადოებას მუდმივად შევახსენოთ, რომ ქვეყნის სიყვარული და პატივისცემა სწორედ დროშიდან იწყება და რომ დროშა ყველა ოჯახში უნდა იყოს.
თქვენი მთავარი გზავნილია "დროშა ყველა ოჯახში". რას ნიშნავს ეს თქვენთვის, როგორც ბიზნესისა და ბრენდის ხედვა, და რამდენად რეალისტურ მიზნად მიგაჩნიათ საქართველოში დროშის ყოველდღიური გამოყენების კულტურის შექმნა?
ჩვენი მთავარი გზავნილი "დროშა ყველა ოჯახში" ზუსტად გამოხატავს იმ ხედვას, რომლის მატარებელიც Droshebi.ge-ია. სწორედ ამ მიზნით დავიწყეთ საქმიანობა: გვსურს საქართველოში ავამაღლოთ დროშის კულტურა და გავაძლიეროთ მის მიმართ პატივისცემა.
გზავნილი "დროშა ყველა ოჯახში" არის მოწოდება იმისკენ, რომ ქვეყნის სიყვარული მხოლოდ სუფრასთან წარმოთქმული სადღეგრძელოებით არ შემოიფარგლებოდეს და ის რეალურ, ყოველდღიურ ქცევაში აისახოს.
მიმაჩნია, რომ დროშა ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, რადგან ვიზუალურ აღქმას ყოველდღიურ ცხოვრებაში გაცილებით ძლიერი გავლენა აქვს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაზე მხოლოდ დროდადრო ფიქრს.
შეგიძლიათ თავადაც დააკვირდეთ საკუთარ დამოკიდებულებას ქვეყნის, ქალაქის, ქუჩებისა და ზოგადად, იმ გარემოს მიმართ, რომელშიც ცხოვრობთ. შეადარეთ თქვენი განცდები მაშინ, როდესაც ყოველდღიურად ხედავთ დროშას, და მაშინ, როდესაც დღის განმავლობაში ის საერთოდ არ ხვდება თქვენს თვალთახედვის არეში.
ვგულისხმობ იმას, რომ როდესაც დროშა შენი ყოველდღიურობის ნაწილია, ქვეყნის მიმართ კუთვნილებისა და სიყვარულის განცდაც უფრო მძაფრდება. ავტომატურად გიჩნდება მეტი სურვილი, გაუფრთხილდე შენს ქვეყანას, არ დააბინძურო გარემო, მეტად თავაზიანი იყო გარშემო მყოფების მიმართ და, ზოგადად, უკეთესი განწყობით ცხოვრობდე საკუთარ ქვეყანაში.
სწორედ ასეთი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას ემსახურება ჩვენი მთავარი გზავნილი.
თქვენთან მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს როგორც მზა პროდუქტი, ისე საკუთარი დიზაინით ან ლოგოთი დამზადებული დროშა. ბიზნესის თვალსაზრისით, რამდენად მნიშვნელოვანი მიმართულებაა ინდივიდუალური და კორპორაციული შეკვეთები და როგორია მოთხოვნა ამ სეგმენტში?
ინდივიდუალური დიზაინით დროშის დამზადება საქართველოში დღემდე პრობლემურ საკითხს წარმოადგენს. ხშირად მომხმარებლებს, როგორც საცალო, ისე ბიზნესსეგმენტში, სჭირდებათ მხოლოდ ერთი ან მცირე რაოდენობის დროშა, თუმცა ასეთი შეკვეთის შესრულება ქართულ ბაზარზე საკმაოდ რთულია.
დღეს ინდივიდუალური დიზაინით დროშების დამზადებას ძირითადად სარეკლამო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებლებს, თუმცა ისინი, როგორც წესი, უარს ამბობენ ერთეული პროდუქტის დამზადებაზე. შესაბამისად, მომხმარებელს პრაქტიკულად არ აქვს ალტერნატივა, რომ სასურველი დიზაინის დროშა მცირე რაოდენობით შეუკვეთოს.
სწორედ ამ სიცარიელეს ავსებს Droshebi.ge. ჩვენ მომხმარებლებს ვთავაზობთ ინდივიდუალური დიზაინით დროშის დამზადებას მაშინაც კი, როდესაც შეკვეთა მხოლოდ ერთ ცალს მოიცავს.
ამ ეტაპზე ინდივიდუალური დიზაინის დროშებს ჩვენს პარტნიორ ქარხანასთან თანამშრომლობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ ვამზადებთ. ბუნებრივია, ეს მიწოდების ვადებს ზრდის, თუმცა უახლოეს მომავალში საქართველოში დროშების საწარმოს გახსნას ვგეგმავთ.
ადგილობრივი წარმოების ამოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირებს ინდივიდუალური დიზაინით დამზადებული დროშების მიწოდების ვადებს და დადებითად აისახება პროდუქციის ფასზეც.
ონლაინვაჭრობის შემთხვევაში მომხმარებელი პროდუქტს შეძენამდე ფიზიკურად ვერ ხედავს და ვერ ეხება. როგორ უმკლავდებით ნდობის ამ ბარიერს და რა არის თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ მომხმარებელმა დროშის ზომა, ხარისხი და ფორმატი ონლაინ სწორად შეარჩიოს?
ეს პრობლემა ნამდვილად არსებობს და საკმაოდ აქტუალურია. ხშირად ვიღებთ მომხმარებლებისგან შეტყობინებებსა და კითხვებს იმის შესახებ, თუ როგორია ჩვენი დროშების ხარისხი ან როგორ უნდა შეარჩიონ მათთვის შესაფერისი ზომა.
სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ვებგვერდზე მომხმარებელს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია მივაწოდოთ. საიტზე განთავსებულია პროდუქციის დეტალური ფოტოები, რომლებიც მომხმარებელს მასალისა და ხარისხის უკეთ აღქმის შესაძლებლობას აძლევს.
გარდა ამისა, თითოეულ პროდუქტს ახლავს სრულყოფილი აღწერა, სადაც მითითებულია, რა მასალისგან არის დროშა დამზადებული, კერვის რა ტექნოლოგიაა გამოყენებული და როგორ შეუძლია მომხმარებელს სასურველი ზომის სწორად შერჩევა.
ზომების უკეთ აღსაქმელად დამატებითი პრაქტიკაც დავნერგეთ: როდესაც მომხმარებელი სასურველ ზომას ირჩევს, პროდუქტის ფოტოგალერეაში შეუძლია ნახოს, დაახლოებით როგორ გამოიყურება შესაბამისი ზომის დროშა რეალურ გარემოში, მაგალითად, სახლის წინ.
ამ მიმართულებით ჯერ კიდევ გვაქვს გარკვეული დეტალები დასახვეწი, განსაკუთრებით ვიზუალური მასალის თვალსაზრისით. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ უფრო დეტალური ფოტოების დამატებას, რომლებზეც დროშების სხვადასხვა ზომას შორის განსხვავებები კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი.
რა იყო ყველაზე რთული Droshebi.ge-ს, როგორც სრულფასოვანი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, გამართვისას, ტექნიკური ნაწილი, ონლაინგადახდები, მარაგების მართვა, ლოგისტიკა თუ მომხმარებლისთვის მარტივი გამოცდილების შექმნა?
Droshebi.ge-ს შექმნისას გადავწყვიტეთ, არ გამოგვეყენებინა ელექტრონული კომერციის მზა პლატფორმები, როგორებიცაა Shopify, WooCommerce და სხვა მსგავსი სისტემები.
ჩვენი მიზანი იყო, ელექტრონული კომერციის მიმართულებით ახალი გამოცდილება შეგვექმნა და გვქონოდა სრული თავისუფლება ნებისმიერი ტექნოლოგიური ექსპერიმენტის ჩასატარებლად.
სწორედ ამიტომ ვებგვერდი მთლიანად ინდივიდუალურად დავაპროგრამეთ. ასეთი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, პლატფორმა მაქსიმალურად მოვარგოთ მომხმარებლის საჭიროებებსა და გამოცდილებას, განვახორციელოთ სხვადასხვა სისტემასთან ინტეგრაცია და თავისუფლად დავნერგოთ მრავალფეროვანი პრომოაქციები.
ამ პროცესში ყველაზე დიდი გამოწვევა ადმინისტრაციული პანელის შექმნა აღმოჩნდა. მასში ინტეგრირებულია ანალიტიკური სისტემები, შეკვეთების დამუშავების სრულყოფილი პროცესი, ფინანსების მართვის ფუნქციონალი და საბანკო სისტემებთან ინტეგრაცია, მარაგების კონტროლი, ლოგისტიკური სერვისების ინტეგრაცია და სხვა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები.
გარდა ამისა, შევქმენით პრომოკოდების მართვის სისტემები, გამომწერთა ბაზასთან მუშაობისა და ელექტრონული ფოსტით მარკეტინგული კომუნიკაციის ფუნქციონალი და სხვა დამატებითი შესაძლებლობები.
დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ Droshebi.ge, სისტემური თვალსაზრისით, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ელექტრონული კომერციის ვებგვერდია.
პლატფორმას აქვს შესაძლებლობა, ინტეგრირდეს პრაქტიკულად ნებისმიერ სხვა სისტემასთან. ის სრულყოფილად არის გამართული საძიებო სისტემებისთვის ოპტიმიზაციის (SEO) მიმართულებით და ავტომატიზაციის მექანიზმების საშუალებით შეუძლია საკუთარი პროცესების ოპტიმიზაციაც.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სამომავლოდ ვებგვერდი მზად არის ხელოვნურ ინტელექტზე (AI) დაფუძნებულ სხვადასხვა ინსტრუმენტთან დასაკავშირებლად.
ეს მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, გაცილებით მარტივად შექმნან ინდივიდუალური დიზაინის დროშების ვიზუალები და პროდუქტი პირდაპირ ჩატის საშუალებით შეუკვეთონ.
თქვენ მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით ახორციელებთ. რამდენად რთულია რეგიონებში ონლაინშეკვეთების მომსახურება და როგორ უმკლავდებით მომხმარებელთა განსხვავებულ მოთხოვნებთან დაკავშირებულ გამოწვევებს?
ამ ეტაპზე პროდუქციას მთელი საქართველოს მასშტაბით ვაწვდით მომხმარებლებს, თუმცა უახლოეს კვირებში საერთაშორისო მიწოდების დამატებასაც ვგეგმავთ, რაც საშუალებას მოგვცემს, შეკვეთები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გავგზავნოთ.
ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქართველები, მათ შორის ემიგრანტები, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენი მიზანია, მათაც მივაწვდინოთ ხმა და მივცეთ შესაძლებლობა, საქართველოს დროშა მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეიძინონ.
მითუმეტეს, რომ თავად Droshebi.ge-ს შექმნის იდეაც სწორედ ემიგრაციაში ყოფნის პერიოდში დაიბადა.
რაც შეეხება მიწოდების პროცესს, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პრობლემები აღარ გვაქვს, რადგან გვყავს გამოცდილი და სანდო პარტნიორი Logistics Wise.
კომპანია უზრუნველყოფს მარაგების მართვას, პროდუქციის შეფუთვასა და სხვადასხვა საკურიერო სერვისის დახმარებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მიწოდებას.
ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ხარისხიანად, ორგანიზებულად და მაქსიმალურად მოკლე ვადებში მიმდინარეობდეს.
თუ Droshebi.ge-ს განვითარებას მომდევნო რამდენიმე წლის პერსპექტივაში შევხედავთ, სად ხედავთ ზრდის მთავარ შესაძლებლობას, პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოებაში, B2B მიმართულებაში, ტექნოლოგიურ განვითარებაში, რეგიონულ ზრდაში თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლაში?
კომპანიას განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, რომელიც რამდენიმე ძირითად მიმართულებას მოიცავს.
ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია B2B გაყიდვების განვითარება და ამ მიმართულების გაძლიერება. ასევე ვგეგმავთ სახელმწიფო ტენდერებში აქტიურ მონაწილეობას, რაც ჩვენი საქმიანობის გაფართოების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.
განვითარების კიდევ ერთი მიმართულებაა ფიზიკური მაღაზიების გახსნა. ამ მხრივ, პირველ რიგში, სავაჭრო ცენტრებში შესვლას განვიხილავთ, რათა ჩვენი პროდუქცია მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.
ამასთანავე, ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გრძელვადიანი მიზანია საქართველოში დროშების წარმოების სრულყოფილი ხაზის შექმნა.
ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დროშა ადგილობრივად, საქართველოში იწარმოებოდეს.