Get All Access for $5/mo

ძაღლების ეს გამსეირნებლები წელიწადში $100 000-ს გამოიმუშავებენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ ძაღლებთან ერთად ყოფნა მოგწონთ, იცოდეთ, რომ პანდემიის დროს აყვანილი ლეკვები ნამდვილი ოქროს საბადოა. ამ სტატიაში ზოობიზნესის ექსპერტ რიჩ მინცერისგან იმ რჩევებსაც მიიღებთ, თუ როგორ განავითაროთ თქვენი ძაღლების გასეირნების ბიზნესი.

Clark Industries

დროა ლეკვების სიყვარული თანხად აქციოთ.

New York Times-ის ცნობით, ნიუ იორკში ძაღლების მაღალი კლასის გამსეირნებლები ექვსნულიან თანხებს გამოიმუშავებენ, რაც პანდემიის დროს აყვანილი ლეკვებისა და სამსახურში დაბრუნების დამსახურებაა.

ბეთანი ლეინმა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში დაიწყო კარიერა და 2014 წელს 35 წლისამ ქირისა და სესხის დასაფარად ძაღლების მოვლის ბიზნესი − Whistle & Wag დააარსა. დამატებითი სამსახური დღეს მის ფინანსურ ზრდას განაპირობებს.

ლეინი ძაღლის ყოველ გასეირნებაზე $35-ზე მეტს იღებდა და სესხებიც გადაიხადა. შემდეგ, სხვა ძაღლების გამსეირნებლებიც დაიქირავა და სახლიც იყიდა ქალაქგარეთ. მართალია, ბიზნესის შემოსავლები არ დაუზუსტებია, მაგრამ Times-თან განაცხადა, რომ იგი ექვსნულიან ციფრებს შეადგენს.

"ახალგაზრდობაში საკუთარი თავისთვის რომ მეთქვა, ძაღლების მოვლით თავის რჩენას შევძლებდი", − განუცხადა ლეინმა Times-ს, − "არასოდეს დავიჯერებდი".

ASPCA-ის ცნობით, პანდემიის დროს 23 მილიონზე მეტმა ამერიკულმა ოჯახმა აიყვანა ძაღლი ან კატა, რომლებსაც მოვლა სჭირდებათ.

თუ ამ "ოქროს ციებ-ცხელებაში" ჩართვას ფიქრობთ, რიჩ მინცერის (ავტორი წიგნისა "დაიწყე შენი შინაური ცხოველების ბიზნესი") რამდენიმე რჩევას გაეცანით თქვენი საოცნებო შინაური ცხოველების ბიზნესის განვითარებისთვის. როგორც ის ამბობს, მომსახურების სფეროს სხვა მრავალი ბიზნესის მსგავსად, წარმატებას აქაც მომხმარებელთა დიდი ოდენობა განაპირობებს.

1. გაავრცელეთ ინფორმაცია

ყველაზე გავრცელებული გზა, რომლითაც მომხმარებელს იპოვით, ინფორმაციის გავრცელებაა. ჯერ თქვენი ოჯახის წევრებით და მეგობრებით დაიწყეთ. შემდეგ მეზობლებით, იოგას ან ზუმბას კლასის ადამიანებით, თანამშრომლებით − ნებისმიერს უთხარით თქვენს წამოწყებაზე. ეს ადამიანები გიცნობენ და გენდობიან. თუ ისინი თქვენი მომსახურებით კმაყოფილები არიან, აუცილებლად სთხოვეთ, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია შინაური ცხოველების სხვა მფლობელებსაც გაუზიარონ.

2. წადით იქ, სადაც ძაღლები არიან

შინაური ცხოველების მომვლელთა კლიენტები ძირითადად ძაღლების პატრონები არიან. მოამზადეთ საინფორმაციო ფლაერები და წადით იქ, სადაც ჩვეულებრივ უამრავი ადამიანია, რომლებიც თავიანთ ძაღლებს ასეირნებენ. მალე აღმოაჩენთ, რომ ძაღლების გასეირნებისას ადამიანები უმეტესად მეგობრულად არიან განწყობილნი, ამიტომ ჰკითხეთ მათ ძაღლის სახელი და საუბარი გაუბით, შემდეგ თქვენი ფლაერი ან მინიმუმ სავიზიტო ბარათი გადაეცით.

ფლაერსა და სავიზიტო ბარათზე თქვენი ელ.ფოსტის, ტელეფონის ნომრის, Facebook-ის ან Instagram-ის მითითება არ დაგავიწყდეთ. შეგიძლიათ შინაური ცხოველების ადგილობრივი ჯგუფების სოციალური მედიის გვერდებს შეუერთდეთ და რეგულარულად იაქტიუროთ. თუ ამ საზოგადოების ნაწილი იქნებით, მათი ნდობის მოპოვებასაც შეძლებთ და სახელსაც გაითქვამთ.

3. თქვენი შინაური ცხოველების ბიზნესისთვის მარტივი ვებგვერდი შექმენით

კარგი იქნება საკუთარი ვებგვერდიც გქონდეთ და სოციალურ ქსელშიც იაქტიუროთ, მაგრამ გადაჭარბება საჭირო არ არის. ხშირად, პოტენციურ კლიენტებს დარეკვამდე თქვენი ვებგვერდის დათვალიერება და თქვენზე ყველა დეტალის გარკვევა ურჩევნიათ.

კარგი ვებგვერდი მომხმარებლებს თქვენთან დარეკვისკენაც უბიძგებს. ბუნებრივია, ვებგვერდზე სრული ინფორმაცია უნდა იყოს იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს თქვენი შინაური ცხოველების მოვლის სერვისი, რატომ არის ის შესანიშნავი და კიდევ, სხვა სასარგებლო რჩევებიც. ტექსტთან ერთად, ფოტოებიც არ დაგავიწყდეთ − ადამიანებს მოსწონთ შინაური ცხოველების საყვარელი ფოტოები.

4. გამოაქვეყნეთ თქვენი სერვისები სოციალურ მედიაში

აუცილებელია გქონდეთ Instagram ან/და Facebook-ანგარიშები, მაშინაც კი, თუ სოციალური ქსელები არ გაინტერესებთ. ისინი უამრავ ადამიანთან დაგაკავშირებთ, რომელთაგან ბევრს შინაური ცხოველი ჰყავს. კიდევ ერთი შესაძლებლობაა ადგილობრივი განცხადებების დაფები, რომლებიც თქვენი რეგიონის მომხმარებლებს დაგაკავშირებთ.

სოციალურ ქსელებში ადგილობრივი გვერდები მოძებნეთ, წამოიწყეთ საუბარი შინაურ ცხოველებზე, უპასუხეთ შეკითხვებს, გამოაქვეყნეთ საინტერესო ფაქტები და ჩაერთეთ დისკუსიაში. ასე მუშაობს სოციალური მედია − შეატყობინეთ ადამიანებს, რომ აქ ხართ და შეუძლიათ დაგიკავშირდნენ.

5. განათავსეთ შესაბამისი ნიშანი თქვენს მანქანაზე

დიდი მნიშვნელობა აქვს შესაბამის ნიშანს თქვენი ავტომობილის კარზე, სადაც მითითებულია, რომ შინაურ ცხოველებს უვლით. თან, თუ მანქანით ბევრს დადიხართ, თქვენს რეკლამას უამრავი ადამიანი დაინახავს.

6. გაწევრიანდით ასოციაციებში

ადგილობრივი ასოციაციების წევრობა − სავაჭრო პალატა იქნება ეს, შინაური ცხოველების მომვლელთა ორგანიზაცია თუ ვეტერინარობასთან დაკავშირებულ ჯგუფი, შესანიშნავ იდეებს და უფრო მეტ მომხმარებელს მოგიტანთ. შეხვედრებზე სავიზიტო ბარათებიც დაარიგეთ.

არ დაივიწყოთ, რომ შინაური ცხოველები ამერიკელი ოჯახების ნახევარზე მეტს ჰყავს. ნუ იფიქრებთ, რომ ვინმე თქვენი პოტენციური მომხმარებელი არ იქნება, მხოლოდ იმიტომ, რომ მათი ბიზნესი შინაურ ცხოველებთან არ არის დაკავშირებული. თუ მათ არ ჰყავთ შინაური ცხოველები, მათ ნათესავებს, მეგობრებს, ნაცნობებს და თანამშრომლებს ნამდვილად ეყოლებათ!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი