Get All Access for $5/mo

Edumentors - ქართველების შექმნილი ''ედ-ტექ'' სტარტაპი უკვე 8 ქვეყანაშია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur.ge

ქართველების მიერ ბრიტანეთში დაფუძნებული საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სტარტაპის ინვესტორთა გუნდს ცნობილი ქართველი კალათბურთელი − თორნიკე შენგელია შეუერთდა.

საგანმანათლებლო სფეროში, ისევე, როგორც თითქმის ყველა ტრადიციულ ინდუსტრიაში, ტექნოლოგიების აქტუალობა წლიდან წლამდე იზრდება, რასაც ნათლად ცხადყოფს მხოლოდ გასულ წელს ედ-ტექ სექტორში $20 მილიარდზე მეტი მოცულობის ინვესტიციის განხორციელება მსოფლიო მასშტაბით. სულ რამდენიმე თვის წინ კი, ამ "ლურჯ ოკეანეს" ქართველების მიერ ბრიტანეთში დაფუძნებული სტარტაპი − Edumentors.co.uk-იც შეუერთდა, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში ევროპის რამდენიმე ქვეყნის ბაზარზე მოახერხა შეღწევა და მასშტაბირების პროცესს კვლავ აქტიურად განაგრძობს. მეტს ამ საგანმანათლებლო ტექნოლოგიური წამოწყების შესახებ Entrepreneur-ს თავად სტარტაპის თანადამფუძნებლები, ნინო დვალიძე და თორნიკე ასათიანი გვიამბობენ.

"მოგეხსენებათ, პანდემიის გამო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადაერთნენ, რამაც მოსწავლეთა მენტალურ ჯანმრთელობაზე და მათ მოტივაციაზე ნეგატიური გავლენა იქონია. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები საკმაოდ დიდ რესურსს ხარჯავდნენ თავიანთი შვილებისათვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის კუთხით, შედეგი მაინც არადამაკმაყოფილებელი იყო. ჩემს უფროს შვილს, რომელიც 12 წლისაა, ამ პერიოდში სწავლაზე გული აუცრუვდა და როდესაც მისთვის სკოლის მასწავლებლის რეპეტიტორად დაქირავების მცდელობაც წარუმატებლად დასრულდა, გადავწყვიტე ექსპერიმენტისთვის მიმემართა. ტრადიციული მასწავლებლის ნაცვლად, ჩემს შვილს ერთ-ერთი საუკეთესო ბრიტანული უნივერსიტეტის სტუდენტი დავუქირავე, რომელიც მას მათემატიკაში ამეცადინებდა და რამდენიმე თვეში ლექსოს აკადემიური მოსწრებაც საგრძნობლად გაიზარდა.

გულის სიღრმეში ყველა ბავშვი ოცნებობს ჰარვარდში, ოქსფორდში თუ კემბრიჯში მოხვედრაზე და ამ საოცნებო უნივერსიტეტების სტუდენტთა მენტორობა მათთვის სწავლის ამ რთულ გზას საგრძნობლად ამარტივებს. ლექსო უკვე სიხარულით შედიოდა გაკვეთილზე და არანაირი დამატებითი ძალისხმევა აღარ სჭირდებოდა სასწავლო პროცესში ჩასართავად. ექსპერიმენტმა გაამართლა, ახალგაზრდა, ენერგიულმა ტუტორმა მოახერხა ბავშვთან საერთო ენის გამონახვა, მისი დაინტერესება და სხვადასხვა მათემატიკური ამოცანის მისთვის გასაგები მაგალითებით ახსნა. სწორედ ამ დროს გავაცნობიერე, რომ ეს საინტერესო შესაძლებლობა იქნებოდა სხვა მშობლებისთვისაც, რომლებიც ანალოგიური გამოწვევის წინაშე იდგნენ", − გვიამბობს ნინო დვალიძე.

2021 წლის ოქტომბერში ნინომ გადაწყვიტა საპილოტე გვერდი შეექმნა, რომელიც წინასწარ, საგანგებოდ შერჩეულ სტუდენტებსა და მოსწავლეთა მშობლებს ერთმანეთთან დააკავშირებდა და "ტუტორინგის" ამ ახალ მეთოდს ხელმისაწვდომს გახდიდა. მალევე აღნიშნულმა სერვისმა მშობელთა ყურადღება მიიქცია და ყოველგვარი მარკეტინგული ხარჯის გარეშე, ორგანულად, Edumentors-ი წარმოუდგენლად სწრაფად გაიზარდა. ასეთი დაინტერესების შემდეგ, კომპანიის დამფუძნებლებმა სრულად ფუნქციური პლატფორმის შესაქმნელად საკუთარი ინვესტიცია დააბანდეს და მიმდინარე წლის იანვარში ბაზარზე გაეშვა www.edumentors.co.uk დღეს მას მომხმარებლები როგორც ბრიტანეთში, ისე ევროპის შვიდ ქვეყანაში ჰყავს და აქტიურად აგრძელებს ზრდას.

სტარტაპის დამფუძნებლებს დასაბამიდან გლობალური ბაზრის ათვისების მიზანი ამოძრავებდათ, ვინაიდან პრობლემა, რომელსაც მათი პლატფორმა აგვარებს, მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანია. გლობალური ზრდისთვის საჭირო რესურსის მოსაძიებლად Edumentors-ის გუნდმა საინვესტიციო რაუნდი გამოაცხადა და მალევე ძლიერი საერთაშორისო ინვესტორებისგან მოიძია ინვესტიცია $5 მილიონი ვალუაციით.

ედ-ტექ მიმართულების მზარდმა პოპულარობამ და თავად პლატფორმის გამართულმა მოდელმა ბრიტანელი, ირლანდიელი, ამერიკელი და ავსტრალიელი ინვესტორების ინტერესი დაიმსახურა. დღეს Edumentors-ს ქართველი ინვესტორებიც უმაგრებენ ზურგს. საინვესტიციო რაუნდს თავდაპირველად ხელოვნური ინტელექტის სფეროში გამოცდილი სპეციალისტი, Pulsar AI-ს თანადამფუძნებელი ზაალ გაჩეჩილაძე, ახლა კი ცნობილი კალათბურთელი და საგანმანათლებლო და ტექნოლოგიური სფეროს ენთუზიასტი, თორნიკე შენგელია შეუერთდა.

"თორნიკე შენგელიას დაინტერესება და ჩვენს სტარტაპში ინვესტორის რანგში ჩართულობა ჩვენთვის სასიამოვნო მიღწევაა. როდესაც თორნიკეს ვესაუბრეთ, აღმოჩნდა, რომ იგი თავადაც გატაცებულია საგანმანათლებლო ტექნოლოგიური სფეროთი და ჩვენსავით სჯერა, რომ მომავალში ბავშვებს ცოდნის გარდა, აუცილებლად დასჭირდებათ ედუმენტორები, რომლებიც მათ განათლებისა და კარიერული განვითარების კავშირს დაანახებენ. თორნიკეს ძალიან მოეწონა იდეა, რომ ჩვენი ტუტორები ბავშვებს არა მხოლოდ სასკოლო საგნებში მომზადებაში ეხმარებიან, არამედ კარიერულ მენტორობასაც უწევენ.

ისინი სკოლის მოსწავლეებს აძლევენ მიმართულებას, თუ როგორ აირჩიონ პროფესიული გზა, როგორ უნდა იმუშაონ თავიანთ თავზე და როგორ მივიდნენ საბოლოო შედეგამდე. ჩვენი საუბრისას ცხადი იყო, რომ თორნიკეს თავადაც სჯერა ამის საჭიროების, ვინაიდან ჰყავს სამი შვილი და უნდა მათთვისაც მსგავსი "ქოუჩების" აყვანა. სწორედ ამიტომ, ისეთი ინვესტორების მოძებნა, რომლებსაც გულით სჯერათ, − აღნიშნავს Edumentors-ის თანადამფუძნებელი თორნიკე ასათიანი.

რაც შეეხება Edumentors-ის სამომავლო გეგმებს, როგორც დამფუძნებლები გვიზიარებენ, სტარტაპი გეოგრაფიულ გაფართოებაზეა ორიენტირებული. რამდენიმე თვეში, www.Edumentors.com უკვე აშშ-ის ბაზარზე აპირებს გასვლას, რასაც კანადა და ავსტრალიაც მოჰყვება. სტარტაპის გრძელვადიანი ხედვა და მიზანია, ეს პლატფორმა მაღალი ხარისხისა და დონის საერთაშორისო საგანმანათლებლო მენტორობის "მარკეტფლეისად" იქცეს და გლობალური ბაზრის ე.წ. "უნიქორნი" გახდეს.

"მსოფლიო საგანმანათლებლო სფერო მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის და ტექნოლოგიური სიახლეები ამ პროცესის განუყოფელი ნაწილი ხდება. განათლება დღეს ბევრად მეტად არის ინდივიდზე მორგებული და მიგვაჩნია, რომ ამ მიმართულებით კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ჩვენი მიზანია, ამ პროცესის მნიშვნელოვანი მონაწილე ვიყოთ. განათლების მენტორობის Edumentors-ის მოდელი რელევანტური და საჭიროა ბევრი ქვეყნისთვის, ასე რომ ვფიქრობ, უზარმაზარი სივრცე გვაქვს გლობალური ზრდისთვის და მყარი ნაბიჯებით მივდივართ წინ", - აცხადებს Edumentors-ის დამფუძნებელი, ნინო დვალიძე.

არჩილ გელაშვილი

Entrepreneur Staff

ჟურნალისტი, Entrepreneur Georgia

მენეჯმენტი

რესტორნის მფლობელის ხუთი გამოწვევა

რესტორნის ახალბედა მფლობელები სათანადოდ არ აფასებენ საწყის კაპიტალს, რომელიც ახალი რესტორნის გასახსნელადაა აუცილებელი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი