ეფექტიანობის საზომი ინტერპერსონალურ ურთიერთობებში

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"სისტემებში გარკვევა არსებული პრობლემის
უფრო კრიტიკულად შეფასებისა და ბევრად
ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების საფუძველია".
დენიელ გოლმენი, "ემოციური ინტელექტი"

დღესდღეობით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სხვადასხვა ასაკის ადამიანებს ჰქონდეთ ინფორმირებულობის მაღალი ხარისხი ისეთი სისტემებზე, როგორიცაა, ტექნოლოგიები, ეკონომიკა, გარემო, განათლება, პოლიტიკა. ამ ჭრილში მეტად სასარგებლო და საინტერესოა გავეცნოთ "ემოციური ინტელექტის" ავტორის, ფილოსოფიის დოქტორის, დენიელ გოლმენის მიერ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის ლექტორთან, პიტერ სენჯთან ერთად შექმნილ სოციალურ-ემოციური სწავლების უნიკალურ მეთოდოლოგიას. მის საფუძველზე ყველას შეგვიძლია გამოვიმუშაოთ ან გავიმყაროთ თვითშემეცნებისა და ემოციების მართვის ტექნიკა, განვსაზღვროთ საკუთარი თუ გარშემო მყოფების სოციალური იმპულსები და ადვილად ვმართოთ ინტერპერსონალური ურთიერთობები.

აღნიშნული მიდგომების უკეთ აღსაქმელად მიმოვიხილოთ ემოციური ინტელექტის დანიშნულება პიროვნულ და ორგანიზაციულ განვითარებაში. პირველ რიგში, უმთავრესი ყურადღება ენიჭება მის როლს დასახული მიზნების მისაღწევად, რადგან საშუალებას გვაძლევს, კარგად გავერკვეთ და ნათლად გამოვხატოთ ჩვენი სურვილები, მისწრაფებები, მოტივაციის მიზეზები. მისი მეშვეობით კონცენტრირებას ვახდენთ საკუთრივ მიზნებზე იმ ფორმით, რომ მკაფიოდ განვსაზღვროთ რა, როდის, რისთვის და როგორ შეგვიძლია გავაკეთოთ. ამასთანავე, დავაზუსტოთ რამდენად რეალისტურია და გაზომვადი ჩვენი კონკრეტული მიზანი, იქნება ეს დაწინაურების შესაძლებლობა, სახლის თუ მანქანის შეძენა, საოცნებო პროექტის განხორციელება, ახალი კომპანიის შექმნა თუ არსებულის გაფართოება და ა.შ.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი არის მოცემულ მომენტში არსებული რესურსების ოპტიმიზაციაზე დაფიქრება და სწორი განაწილება, რაც გულისხმობს, ნათლად დავინახოთ, რა გაგვაჩნია რესურსულად, მაგალითად, რა მოცულობის ბიუჯეტი გვაქვს, რა დრო და პერსონალი გვჭირდება იმისთვის, რომ ურთიერთსასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ.

ჯანსაღი ორგანიზაციული კავშირებისთვის არანაკლებ საყურადღებო ფაქტორია გუნდურობის განმაპირობებელი დინამიკის გაძლიერება და ნდობის გამყარება. ეს თავისთავად ხელს უწყობს ორმხრივად ნაყოფიერ თანამშრომლობას და ღია კომუნიკაციას, რათა გუნდის წევრებმა ერთობლივად განახორციელონ საერთო მიზნისკენ მიმართული სტრატეგია.

ასეთი დამოკიდებულება ბუნებრივად უზრუნველყოფს შიდა თუ გარე ურთიერთობების დარეგულირებას გრძელვადიანი პარტნიორობის ფორმატში. ამავდროულად, ამარტივებს ცვალებად გარემოსთან სწრაფ ადაპტირებას, მოულოდნელად წამოჭრილ გამოწვევებთან გამკლავებას, კონფლიქტების პრევენციასა და სიახლეებზე ორიენტირებას. ფაქტობრივად, ხელს უწყობს შესაძლებლობების გამოყენების მიზნით პროაქტიულობის გამოვლენას, კონსტრუქციული დიალოგის ინიცირებას, ურთიერთგაგებასა და კოლაბორაციული პრინციპით მდგრად განვითარებას.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სოციალური უნარები მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს კომუნიკაციის ეფექტიანობას, კერძოდ, მსმენელის რომელ კატეგორიას განვეკუთვნებით და როგორია მოსმენის შემდგომი ჩვენი რეაგირება. ამასთანავე, განაპირობებს ჩვენში არსებული ან შეძენილი ლიდერული თვისებების გამოვლენას, რაც, ერთი მხრივ, გამოიხატება გარშემო მყოფებზე გავლენის სტრატეგიის შერჩევით და მეორე მხრივ, რთულ სიტუაციებში კონფლიქტის განმუხტვის შესაძლებლობით.

შეგახსენებთ, რომ ეფექტიან კომუნიკაციას გადამწყვეტი როლი ენიჭება წარდგენის, საჯარო გამოსვლისა თუ მოლაპარაკების წარმატებული მსვლელობისთვის, რამდენადაც აყალიბებს ურთიერთგაგების საფუძველს, გამჭვირვალობასა და თანამშრომლობით გარემოს. ინტერპერსონალურ დონეზე პროცესის შედეგიანობას განაპირობებს მშვიდი, გაწონასწორებული, მეგობრული ტონით კომუნიკაცია და სათქმელის დინჯად, გასაგებად გადმოცემა. ჩქარი საუბრის მანერა არასასურველია, რადგან ინფორმაციის მიმღებს შეიძლება გაუჭირდეს მის მიმართ დამოკიდებულების სწორი აღქმა. ხმამაღალი, სწრაფი ლაპარაკი მანიპულირების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს და შესაძლოა მცდარი გავლენა მოახდინოს, ვინაიდან აფერხებს საკითხის არსში წვდომას და დიალოგის ფორმატში ურთიერთობასაც აბრკოლებს.

მკაფიო და ლაკონიური საუბრის გარეშე შესაძლოა წარმოიშვას გაუგებრობები, ერთგვარი ჩიხი, იმედგაცრუება, რასაც შედეგად ახლავს წარუმატებლობა. ინტერპერსონალურ ურთიერთობებში ყურადღება ექცევა არა მარტო საჭიროებების, პოზიციებისა და ინტერესების მკაფიოდ გამოკვეთას, არამედ ყურადღებით მოსმენასა და საერთო ენის მოძებნით ურთიერთსასარგებლო შეთანხმების მიღწევას. საუბრისას ჯანსაღი ფსიქოლოგიური ფონის შესაქმნელად მოგვეთხოვება ვიყოთ გულისხმიერი მსმენელი, პატივი ვცეთ თანამოსაუბრეს და გამოვხატოთ საკმარისი ყურადღება საუბრის დაწყებიდან დასრულებამდე.

ზოგადად, მოსმენა რამდენიმე სახისაა: ა) "მასშტაბური" - მოიცავს ძირითადი აზრობრივი შინაარსის ფართო რაკურსით გადმოცემას; ბ) დეტალური - ეხება არსებითი საკითხების დაკონკრეტებით მთავარი აქცენტების გაკეთებას; გ) კრიტიკული - ნიშნავს მოსმენილის გააზრებულ ანალიზსა და სათანადო ინტერპრეტაციას. განასხვავებენ მოსმენის ორ მეთოდს: რეფლექსური ანუ აქტიური, რაც გულისხმობს პროცესში მაქსიმალურ ჩართვას, მხარდაჭერის გამოხატვასა და აქტიურ უკუკავშირს. არარეფლექსური ანუ პასიური მოსმენისას ერთ-ერთი მხარე ჩუმად უსმენს მეორეს, არ აწყვეტინებს საუბარს, არ გამოთქვამს კომენტარს, რეპლიკას და სხეულის ენაც / ჟესტიკულაციაც საკმაოდ ინერტულია. მისი გამოყენება უმჯობესია აღელვებული თანამოსაუბრისთვის მშვიდი გარემოს შესაქმნელად და ფსიქოლოგიური დაძაბულობის გასანეიტრალებლად.

საქმიანი საუბრების შედეგიანობისთვის რეფლექსური მოსმენის უპირატესობაა ყურადღების ფოკუსირება, თანამოსაუბრეზე დაკვირვება და განსახილველი საკითხების არსში ჩაღრმავება. აქტიური მსმენელები გამოირჩევიან ემოციური ინტელექტის მაღალი კოეფიციენტით, თანაგანცდის ზომიერი გამოხატვის უნარითა და საუბარში სრულყოფილი ჩართულობით. აღნიშნული თვისებები, ფაქტობრივად, ემპათიური მოსმენის კატეგორიას განეკუთვნება და, შესაბამისად, ჩართულ მხარეებს საშუალებას აძლევს, ადვილად გაარჩიონ ძირეული ემოციები, მამოტივირებელი ფაქტორები, განსაზღვრონ პრობლემის არსი, გააზრებულად უპასუხონ დასმულ შეკითხვებს, მოარგონ თავიანთი მიდგომები საერთო ინტერესებს და, რაც მთავარია, ურთიერთგაგებით მოიპოვონ ნდობა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საუბარში წამოჭრილი სირთულეების დროს მწავე კამათის თავიდან არიდებისა და პრობლემური სიტუაციების გადასაჭრელად ოპტიმალური გამოსავლის მოძიებისთვის.

ცხადია, კონფლიქტური სიტუაციის განმუხტვა და მისი მოგვარება ერთ-ერთი აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია ბიზნესგარიგებებში, საერთაშორისო დონის მოლაპარაკებებში, განსაკუთრებით, დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის პოლიტიკური დისბალანსის გასანეიტრალებლად და მშვიდობიანი გზით კონსენსუსის მისაღწევად. მომლაპარაკებელი მხარეები უნდა შეეცადონ საქმიანი შეხვედრის დროს წარმოქმნილ უთანხმოებასა თუ დავაზე მაქსიმალურად დროული რეაგირება მოახდინონ, რათა არ მოხდეს პროცესის შემდგომი ესკალაცია.

კონფლიქტების ანალიტიკური განხილვისა და რაციონალურად მოგვარების უნარი გვეხმარება გრძელვადიანი პერსპექტივის ჭრილში დავინახოთ კომუნიკაციის ეფექტიანობის შედეგი. ამით საშუალება გვეძლევა სტრატეგიულად განვსაზღვროთ კონკრეტულ დროში მიზნის მიღწევის სამოქმედო გეგმა. კონფლიქტის ეფექტურად მართვა გულისხმობს სიტუაციურად გამოვიკვლიოთ და შევარჩიოთ ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი. რაც მალე მოვძებნით საერთო შეხების წერტილებს და საღად შევაფასებთ არსებულ ვითარებას, მით უფრო დროულად წავიწევთ წინ. ერთობლივად მიღებული გადაწყვეტილებებით გვიადვილდება პროდუქტიული ურთიერთობების განვითარება და მოპოვებული ნდობის შენარჩუნება.

დაბოლოს, რამდენიმე მარტივი რჩევა ინტერპერსონალურ ურთიერთობებში კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად, ემპათიური მოსმენის გასამყარებლად და კონფლიქტურ სიტუაციებში დაძაბულობის მუხტის შესამცირებლად:

  • ვისწავლოთ მოსმენა არა მარტო ყურებით, არამედ თვალებით, რაც გულისხმობს დაკვირვების გამოვლენას, ყურადღების გამოხატვასა და საუბარში ორმხრივ ჩართულობას;
  • გავივარჯიშოთ ემპათიური მოსმენის ტექნიკა, რომლის მეშვეობითაც თავიდან ავირიდებთ საუბარში უხეშ ჩარევას, შეწყვეტინების მცდელობას და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას;
  • გამოვიყენოთ აზრების მკაფიოდ, ლაკონიურად და დროულად გამოხატვის მიდგომები, მოვარგოთ კომუნიკაციის სტილი კონკრეტულ პიროვნებებსა და სიტუაციებს, დავაბალანსოთ საუბრის ტემპი, ტონი და მიმართვის ფორმა.
  • დავსვათ დამაზუსტებელი შეკითხვები, რათა თავიდან ავირიდოთ გაუგებრობა, დავრწმუნდეთ, რამდენად ზუსტად გავუგეთ თანამოსაუბრეს და გადავამოწმოთ, სწორად ჩავწვდით თუ არა ნათქვამის არსს;
მაკო ჯაოშვილი

ალტერბრიჯის პროფესორი, სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი

სიახლეები

BAU International University Batumi-ს ახალი რექტორი ჰყავს

როგორ გადაამზადებს უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ ექიმებად?