"ეფეს საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი, ქეთი ჟვანია SDG პიონერი გახდა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
კომპანია "ეფეს საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი, ქეთი ჟვანია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის მსხვილი ადგილობრივი ან საერთაშორისო კომპანიების კატეგორიაში SDG პიონერი გახდა. გამარჯვებული გაეროს გლობალური შეთანხმების საბჭოს, გაეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა.
შეგახსენებთ, რომ "კორპორაციული მდგრადობის ჯილდო - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის" "გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის" ორგანიზებითა და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა, სადაც გარდა SDG პიონერის დაჯილდოებისა, გამარჯვებულები 6 ძირითადი მიმართულებით გამოვლინდნენ. აღნიშნულ, რიგით მეშვიდე ცერემონიალზე კომპანია "ეფეს საქართველომ" ქართველი და უცხოელი წევრებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიურის შეფასების შედეგად, ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიის 2 ნომინაციაშიც, კერძოდ, "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" და "მდგრადი მოხმარება და წარმოება" მიიღო.
გვესაუბრება "ეფეს საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ციფრული კომუნიკაციების მენეჯერი ქეთი ჟვანია
მოგესალმებით ქეთი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის SDG პიონერის ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში თქვენ გადმოგეცათ, დამატებით რა პასუხიმგებლობას გაკისრებთ აღნიშნული წარმატება?
გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის 2024 წლის SDG პიონერის ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში მიუთითებს, რომ "ეფეს საქართველო" თანამშრომლებთან ერთად აქტიურად უწყობს ხელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებას საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ნომინაციაში გამარჯვებულები გაეროს გლობალური შეთანხმების საბჭოს, გაეროს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ გამოავლინა. ეს აღიარება, რა თქმა უნდა, დამატებითი პასუხიმგებლობაა. SDG პიონერის ჯილდო საამაყოა პირადად ჩემთვის და ასევე, რა თქმა უნდა, "ეფეს საქართველოსთვის". მას შემდეგ, რაც 2018 წელს "ეფეს საქართველოს" გუნდს შემოვუერთდი, ვიზიარებ ჩვენი კომპანიის ღირებულებებს და დიდი მოტივაციით ვერთვები მდგრად ინიციატივებში, მომავალშიც ასე გაგრძელდება.
ზოგადად, რა არის კორპორაციული მდგრადობა "ეფეს საქართველოსთვის"?
"ეფე საქართველოსთვის" კორპორაციული მდგრადობა, დეკლარირებული პრიორიტეტია, რომელიც თანხვედრაშია გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებთან. 16 წელზე მეტია, რაც კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტს ვახორციელებთ. შესაბამისად, მდგრადობის თემაზე მიღებული ჯილდოები სწორედ, აღნიშნული მიმართულებით ჩვენ მიერ გაღებული ძალისხმევის დაფასებაა, რომელიც გვაჩვენებს, რომ სწორი მიმართულებით მივდივართ. ზოგადად, "ეფეს საქართველოსთვის" კორპორაციული პასუხისმგებლობა მოიცავს რამდენიმე ძირითად სფეროს, მათ შორის, როგორიცაა თანამშრომლებსა და საზოგადოებაზე ზრუნვა, გარემოს დაცვა და რესურსების მდგრადი გამოყენება, სამართლიანი შრომითი პირობების უზრუნველყოფა, ეთიკური ბიზნეს პრაქტიკა და აშ. ვცდილობთ ჩვენს საქმიანობას მოვარგოთ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები.
"ეფეს საქართველომ" ჯილდო მსხვილი ბიზნესის კატეგორიის 2 ნომინაციაშიც: "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" და "მდგრადი მოხმარება და წარმოება" მიიღო. უფრო ვრცლად რომ მოგვიყვეთ ამ მიმართულებით კომპანიამ რა ძალისხმევა და აქტივობები გაწია?
კომპანია მუდმივად ცდილობს, ეს საქმიანობა არ იყოს ერთჯერადი და იყოს კომპანიის სტრატეგიების დონეზე წარმართული და დოკუმენტებით გაწერილი.
საკმაოდ მნიშვნელოვან ნომინაციებში გავიმარჯვეთ. "ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა" - ჩვენთვის პრიორტეტია ჩვენი თანამშრომლები და მათზე ზრუნვა. კომპანია ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე და მათთვის ქმნის ინდივიდუალური განვითარების გეგმებს. "ეფეს საქართველო" ქმნის თანაბარ შესაძლებლობებსა და უფლებებს ყველა თანამშრომლისთვის, მათი ჯანმრთელობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. მაგალითისთვის: "ეფეს საქართველო" უზრუნველყოფს თანამშრომლების ჯანმრთელობის დაზღვევის სრულ პაკეტს და 100% ანაზღაურებს დეკრეტულ შვებულებას. კომპანიაში მოქმედებს ეთიკის კოდექსი და ეთიკის ჯგუფის კომიტეტი. ჩვენ კოლეგებს სამართლიანად და თანაბრად ვექცევით, განურჩევლად ნებისმიერი მახასიათებლისა.
რაც შეეხება მეორე ნომინაციას, "მდგრადი მოხმარება და წარმოება" შედგება რამდენიმე პროექტისგან. აღნიშნული მიმართულება მოიცავს რესურსების ეფექტიან გამოყენებს წარმოების პროცესში, ნარჩენების მართვის სისტემების დანერგვას, გარემოზე ზემოქმედების შემცირებასა და მდგრადი მიწოდების ჯაჭვის ჩამოყალიბებას. ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩამდინარე წყლების ბიოლოგიური გამწმენდი ნაგებობა, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს და თანხვედრაშია ევროკავშირის სტანდარტებთან და მოთხოვნებთან.
გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე გვაქვს, რაც გულისხმობს კომპანიის გადასვლას განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე. ეს ნიშნავს ენერგიის ყველა წყაროსა და წარმოების პროცესის გადატანას განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ელექტროენერეგიაზე.
სხვა აქტივობებს რაც შეეხება, ჩვენ პირველი კომპანია ვართ, რომელიც შევუერთდით ეროვნული სატყეო სააგენტოს პროგრამას "ტყის მეგობარი". ამ პროგრამის ფარგლებში, დახლოებით 12 ჰექტარ ფართობზე ტყის აღდგენასა და მოვლა-პატრონობას მთლიანად ჩვენ ვაფინანსებთ.
გარდა ამისა, ჩვენს კომპანიაში წლებია დანერგილია სხვადასხვა გარემოსდაცვითი აქტივობები, მათ შორის ენერგოეფექტურობისა და ენერგოდაზოგვის, ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების კამპანიები და ა.შ.
ასევე, ხაზი მინდა გავუსვა ჩვენს მეწარმეობის პროგრამას GO Green, რომელიც Impact Hub Tbilisi-თან და Startup Büro-სთან თანამშრომლობით განვახორციელეთ. პროგრამის მიზანი იყო საქართველოში მდგრადი მეწარმეობის განვითარება და ამ მიმართულების სტარტაპებისა თუ ინდივიდების გაძლიერება.
კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ კორპორაციული პასუხისმგებლობის კუთხით?
მომავალში აუცილებლად გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ჩვენს აქტივობებს ღირსეული სამუშაო გარემოს გასაძლიერებლად, კომპანიისა და ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, და ასევე მდგრადი მოხმარებისა და წარმოების განვითარებისთვის.