Get All Access for $5/mo

ეკატერინა რამიშვილი - ანტრეპრენერი, რომელიც საქართველოში ელკომერციის სფეროს ავითარებს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Elcom Space და QisaBags - ასე ჰქვია ბრენდებს, რომელსაც უკვე რამდენიმე წელია, ეკატერინა რამიშვილი წარმატებით ხელმძღვანელობს. პარალელურად კი აქტიურად ცდილობს საქართველოში ელექტრონული კომერციის სფეროს განვითარებას.

ეკატერინას სამეწარმეო თავგადასავალი 2018 წელს QisaBags-ის დაფუძნებით დაიწყო. ბრენდს საქართველოში დამზადებული პრემიუმ ხაზის ნატურალური ტყავის ჩანთები და აქსესუარები ელექტრონული კომერციის მეშვეობით აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გააქვს ექსპორტზე.

ერთი ჩანთით დაწყებულმა ბიზნესმა უცხოურ ბაზარზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია, ამ დროისთვის QisaBags-ს 10 000-ზე მეტი პროდუქცია აქვს რეალიზებული მსოფლიოს მასშტაბით.

"დღეს Etsy- გლობალურ პლატფორმაზე მსოფლიოს მასშტაბით ონლაინმაღაზიების ტოპ 1,7%-ში ვართ და გვყავს ათასობით ერთგული მომხმარებელი, რაც, მიმაჩნია, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა", - აღნიშნავს ეკატერინა.

Etsy-ზე მიღწეული წარმატების შემდეგ ეკატერინამ Qisabags-ის პროფესიონალური ვებგვერდი შექმნა, რომელიც 300-ზე მეტ პროდუქციას აერთიანებს და მთლიანად უცხოურ ბაზარზეა ორიენტირებული. როგორც ეკატერინა აღნიშნავს, QisaBags ერთ-ერთი პირველი ქართული კომპანიაა, რომელმაც ელექტრონული კომერციის გამოყენებით სავაჭრო არხების მაქსიმალური ოპტიმიზაცია განახორციელა უცხოეთის მიმართულებით და მინიმალური ინვესტიციით გაათმაგა გაყიდვები.

Qisabags-ის წარმატების შემდეგ ანტრეპრენერს გაუჩნდა სურვილი, საკუთარი გამოცდილება და რესურსები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვისაც გაეზიარებინა, რომლებსაც აქვთ ამბიცია, გასცდნენ ქვეყნის საზღვრებს. ასე შეიქმნა Elcom Space, რომელიც "ელკომერციის ბიზნესაქსელერაციის" პროექტის ფარგლებში მეწარმეებს მათ ბიზნესებზე მორგებულ ელკომერციის კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს.

ბიზნესსაქმიანობის გარდა, 6 წელია, რაც ეკატერინა ელექტრონული კომერციის კურსებს უძღვება როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში ისეთი ორგანიზაციების მხარდაჭერით, როგორიცაა: USAID Economic Security Program, E-Commerce Association - Georgia, Spark Ecommerce Accelerator, Georgian Chambers of commerce and Industry. გარდა ამისა, ელკომერციის სფეროში გამოცდილების გაზიარების მიზნით მას დაწერილი აქვს ინგლისურენოვანი წიგნები Etsy-სა და Shopify პლატფორმებზე SEO ოპტიმიზაციის შესახებ, რომელიც ხელმისაწვდომია Amazon-ზე.

აღსანიშნავია, რომ ეკატერინა ამ მიმართულებით განვითარებას არ წყვეტს, 2023 წელს მან USAID-ის გრანტი მოიპოვა აშშ-ში ელექტრონული კომერციის არხების გამოყენებით წარმოების გაზრდაზე. გარდა ამისა, ბიზნესის მიმართულებით აქტიურად გეგმავს წარმოების გაზრდას უახლოესი 1 წლის განმავლობაში.

"მთავარი მამოძრავებელი ძალა ჩემთვის არის ის, რომ ჩვენი პროდუქტი მთელ მსოფლიოში იყიდება და ყოველდღე ახალი მომხმარებელი ეცნობა ქართულ ბრენდს სხვადასხვა ონლაინპლატფორმასა და ჩვენს ვებგვერდზე, რაც ძალიან დიდი სიამაყე და მოტივაციაა ჩემთვის. მეორე ინსპირაცია ჩემი მოსწავლეები არიან. მიხარია, როდესაც ვხედავ, რომ ჩემი ისტორია სხვისთვის მაგალითი და ინსპირაციაა", - აღნიშნავს ეკატერინა რამიშვილი.