Emolas Corporation - ქართული კულტურის ექსპორტიორი საერთაშორისო სახელოვნებო სივრცეებში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Emolas Corporation არის აშშ-ში დაფუძნებული კულტურის მენეჯმენტისა და პროდიუსინგის კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია საერთაშორისო საშემსრულებლო ხელოვნების პროექტების განვითარებასა და განხორციელებაში.ს ამწლიანი ოპერირების განმავლობაში კომპანიამ დაამყარა პარტნიორობა პრესტიჟულ ამერიკულ ვენიუებთან და წარმატებით განახორციელა მასშტაბური კულტურული პროექტები. საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ მუსიკასა და შოუ-ბიზნესს, არამედ ქართულ გასტრონომიას, სპორტს, ლიტერატურასა და ვიზუალურ ხელოვნებას. "სუხიშვილებთან'' თანამშრომლობით კომპანიამ უზრუნველყო ანსამბლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცერტის ორგანიზება ნიუ-იორკის Carnegie Hall-ის სცენაზე. ინტერვიუში კომპანიის დამფუძნებელი სალომე ლილუაშვილი უკეთ მოგვიყვება კომპანიის სტრატეგიებსა და სამომავლო გეგმებზე.
რა სტრატეგიული მიზანი ჰქონდა სუხიშვილების ნიუ-იორკის კონცერტს თქვენი კომპანიისთვის და როგორ გაჩნდა ამ ღონისძიების ორგანიზების იდეა?
ჩვენს კომპანიას ჰქონდა სტრატეგია და ზუსტად ამ სტრატეგიის მიხედვით დავუკავშირდით ,,სუხიშვილებს''. ჩვენი მთავარი სტრატეგია არის, რომ გავიდეთ ისეთ საკონცერტო დარბაზებზე და ისეთ სივრცეებზე, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით უმაღლეს კულტურულ წრეებს და ვითანამშრომლოთ შესაბამის არტისტებთან. საბედნიეროდ, ქართული კულტურა ამ მხრივ მდიდარია და გვყავს ბევრი შემოქმედი. კარნეგი ჰოლთან მოლაპარაკებების შედეგად დაჯავშნილი გვქონდა რამდენიმე თარიღი, შემდეგ დავუკავშირდი ,,სუხიშვილებს'' და გავაცანი დეტალები. ქართული გუნდის მიერ ასეთი პროექტის ორგანიზება კარნეგი ჰოლის სცენაზე იყო პირველი და მე მინდოდა, რომ შემექმნა უმაღლესი ხარისხის პროდუქტი, რომელსაც გამოვიტანდით ამ სცენტაზე. კარნეგი ჰოლთან მოლაპარაკებებისას ჩემი მთავარი არგუმენტი იყო ის, რომ ,,სუხიშვილებს'', რომლებსაც მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ სცენაზე უცეკვიათ, კარნეგი ჰოლში არ ჰქონდათ ნამუშევარი.
როგორ აფასებთ ამ პროექტის მნიშვნელობას Emolas Coproration-ის განვითარებისთვის ბიზნესის თვალსაზრისით?
აქამდე მოსასვლელად ბევრი რამ გავაკეთეთ, მაგრამ კიდევ უფრო მეტიც გვაქვს გასაკეთებელი. გვაქვს ბიზნეს სტრატეგია, რომელსაც მივყვებით. ეს პროექტი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენთვის, რაგდან ჩვენი მთავარი მიზანია უმაღლესი რანგის კულტურული სივრცეებისა და მაღალი ავტორიტეტის მქონე არტისტების დაკავშირება ერთმანეთთან, ვგულისხმობ კულტურის ყველა სფეროს არტისტებს და არა მხოლოდ მუსიკოსებს. ეს იყო თავიდანვე ჩვენი კომპანიის მთავარი სტრატეგია და წლებია, რაც მას მივსდევთ და ჩვენს შედეგებსაც ვზრდით.
მოგვიყევით კონცერტის მოსამზადებელ პერიოდზე
ყოველი პროექტი ჩვენთვის ნულიდან იწყება - ყველა დეტალს თავად ვგეგმავთ და ვახორციელებთ. ლოჯისტიკური თვალსაზრისით ეს პროცესი ყოველთვის დიდ გამოწვევებთან არის დაკავშირებული: მაღალი ბიუროკრატია, ვიზებთან და პეტიციებთან დაკავშირებული სამუშაოები განსაკუთრებულ სიზუსტესა და დროს მოითხოვს. რეალურად, გამოწვევაა თითქმის ყველაფერი, რასაც ხელს ვკიდებთ, თუმცა სწორედ ასეთ პირობებში ვიღებთ პასუხისმგებლობას და მიზანმიმართულად ვმუშაობთ სასურველი შედეგის მისაღწევად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თითოეული პროექტი პროფესიონალურად, მაღალი სტანდარტებით და ბოლომდე მიყვანილი იყოს. ამასთან, ხაზგასასმელია, რომ პროექტი სანახაობით არ სრულდება - პირიქით, სწორედ ამის შემდეგ იწყება არანაკლებ მნიშვნელოვანი ეტაპი. სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია, შესაბამისი პლატფორმებისა და წყაროების გამოყენება აუცილებელია იმისთვის, რომ შესრულებულ სამუშაოს რეალური ღირებულება მიენიჭოს და მისი გავლენა გრძელვადიან შედეგებად გარდაიქმნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუნდაც ყველაზე მასშტაბურ პროექტს შეიძლება დაკარგული ჰქონდეს ის ფასი, რომელსაც რეალურად იმსახურებს. კარნეგი ჰოლის გუნდთან თანამშრომლობა იყო უდიდესი გამოცდილება და ნაბიჯი კარიერულ და პროფესიულ ცხოვრებაში.
რას გვეტყოდით სპონსორებზე?
მესმის, რომ პირველად ჩატარდა ქართველების პროდიუსინგის ქვეშ ამ მასშტაბის ღონისძიება, მაგრამ პირველი შემთხვევა იყო, რომ ჩვენი ქვეყნის ამდენი წამყვანი კომპანია ჩაერთო ამ პროექტს მხარდაჭერის ნაწილში. ამ კომპანიებმა, კონკრეტულად კი: საქართველოს ბანკი, მეტროპილი, ასკანელი, ბორჯომი და e-consul - პროექტის ჩანასახშივე დაიწყეს ჩვენთან თანამშრომლობა, მათ დაიჯერეს ამ პროექტის რეალურობა და დასაწყისშივე დაგვიდგნენ გვერდით. ეს ღონისძიება ფინანსურად ძალიან დიდი პროექტი იყო და ზუსტად ამ კომპანიების თანადგომით შედგა ის.
როგორია Emolas Corporation-ის გრძელვადიანი სტრატეგიული ხედვა საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების მიმართულებით?
სწორ ადგილებში, სწორი არტისტების და სწორი კოლაბორაციების განხორციელება არის, რაც შედეგებს გაძლევს, აქიდან გამომდინარე, ყოველთვის ბაზრის დინებაზე გვექნება თვალი და რაც იმ მომენტში მომხმარებლისთვის იქნება მნიშვნელოვანი ისე ვიმოქმედებთ, რომ საჭირო დროს სტრატეგიულად განვახორციელოთ კულტურული ღონისძიებები არა მხოლოდ ამერიკაში.
გაგვიზიარეთ კომპანიის სამომავლო გეგმები
წელს გვაქვს დაგეგმილი სამი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც არ მოიცავს მხოლოდ იმ ერთი დღის ღონისძიებას, არამედ კრავს რამდენიმე დღიან ციკლს- პირველი დღე ეთმობა ბიზნეს-დიპლომატიურ შეხვედრებს, შემდეგ უშუალოდ ღონისძიება არის და ბოლოს თანამედროვე არტისტების მხარდაჭერით ჩატარებული პროექტი. ახალ დაგეგმილ პროექტებზე ახლა დეტალურად ვერ ვისაუბრებ და ვერ ვიტყვი თუ ვინ ჩამოგვყავს- მაგრამ ამ არტისტებიდან ორი მათგანი ევროპელია ერთი კი ქართველი.მალე, კონკრეტულად კი 1 თვეში დაანონსდება ყველაფერი. ჩვენი სტრატეგია უცვლელია- ტოპ არტისტები ტოპ ვენიუებზე. ქართველ შემსრულებლებს ყოველთვის პრიორიტეტს ვანიჭებთ, თუმცა რეალისტურად ვუდგებით პროცესს - პოპ-მუსიკის შემთხვევაში რთულია უცხოური აუდიტორიის მასობრივად დაინტერესება მაშინ, როცა ქართული პოლიფონია, ფოლკლორი და "სუხიშვილები" საერთაშორისო პროდუქტი და გლობალური პოტენციალის მატარებელია.
როგორ ხედავთ თქვენს კომპანიას 5 წლის შემდეგ?
ჩვენ ხედვაზე მეტად გვაქვს მიზნები. ამ წუთას ჩვენ ვართ New York-ში არსებული ქართულ კულტურაზე ორიენტირებული კომპანია, მაგრამ გვინდა, რომ უფრო დიდი მასშტაბები მოვიცვათ, იმიტომ რომ კულტურა და ხელოვნება არის საერთაშორისო.