ერთი წელი, ოთხი საერთაშორისო ჯილდო – ანა დოხნაძე, მეღვინე "ნაბერაულის" ღვინოების უკან

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

რაჭა-ლეჩხუმი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ტრადიციული რეგიონია მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით. აქაურ ღვინოებს უნიკალურობას ანიჭებს მრავალფეროვანი ნიადაგი, კლიმატი და ადგილობრივი, ავტოქთონური ვაზის ჯიშები. რეგიონის ხასიათი კარგად აისახება "ნაბერაულის" ღვინოებში, რომლებიც რაჭული და ლეჩხუმური ჯიშებისგან მზადდება: ალექსანდროული, მუჯურეთული, საფერავი, ძელშავი, ცოლიკოური, უსახელოური და რაჭული მწვანე.

გასულ წელს "ნაბერაულის" გუნდს შეუერთდა მეღვინე ანა დოხნაძე, რომლის პირველმა ნამუშევრებმა უკვე მოიპოვეს საერთაშორისო აღიარება.
2023 წლის მოსავლის ქვევრის რაჭული მწვანე Mundus Vini-ის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ისევე როგორც 2023 წლის ცოლიკოური, რომელმაც IWSC (International Wine & Spirits Competition)- ზე მოიპოვა ოქროს მედალი.
2023 წლის ალექსანდროულMundus Vini-ის კონკურსის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, ხოლო 2023 წლის ტვიში კი IWSC (International Wine & Spirits Competition)-ის ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა.

ანა დოხნაძე "ნაბერაულის" მთავარი მეღვინეა. საერთაშორისო გამოცდილება აქვს გერმანიაში, რაინგაუს რეგიონში, სადაც გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში სწავლობდა, ასევე რთველისა და ვენახის მოვლაში იყო ჩართული.

ანა, გვიამბე შენი პროფესიული ხედვის შესახებ
"ჩემთვის ხარისხიანი ღვინის საფუძველი ვენახში იწყება. როგორც "ნაბერაულის" ოჯახის წევრი, ვცდილობ, ჩვენი ვენახების განვითარებას შევუწყო ხელი. ჩემი პრიორიტეტია ვენახის მართვის ჭკვიანი პრაქტიკების დანერგვა, რაც ხელს უწყობს ვაზის ჯანსაღ ზრდას და მაღალხარისხიანი ღვინის წარმოებას.

ჩემი მიზანია, რაჭა-ლეჩხუმის ტერუარის უნიკალურობა პრემიუმ ღვინოებში დავამკვიდრო, ვაზის ენდემური ჯიშების აღორძინებით. მჯერა, რომ ტრადიციული მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით ჩვენს მეღვინეობის კულტურას მხოლოდ გავაძლიერებთ. მინდა, ღვინის მოყვარულებს ვთავაზობდეთ ისეთ პროდუქტს, რომელიც მემკვიდრეობისა და ხარისხის ერთიანობას წარმოადგენს."

ანა, რას გვეტყვი ღვინოებზე, რომლებმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვეს?

"პირველი რთველი "ნაბერაულში" შარშან ჩავატარე, სადაც შვიდი ღვინო დავაყენე. მათ შორის ლეჩხუმის ცოლიკოური, რომელიც კარგი კონდიციით დაიკრიფა. მსურდა, ამ ყურძნისგან ღვინოს გამოკვეთილი ხასიათი და სხეული ჰქონოდა, ამიტომ ექვსი თვე ლექზე დავავარგე. შედეგად, მიღებულმა ღვინომ შეინარჩუნა ჯიშის არომატული ნიშანთვისებები, მაგრამ დაემატა ლექზე დავარგების ელემენტებიც.

რაჭული მწვანეს შემთხვევაში განსხვავებული მიდგომა ავირჩიე და გარკვეულწილად რისკზეც წავედი. მინდოდა მენახა, როგორ განვითარდებოდა იგი ქვევრში დავარგებისას. რადგან ეს ჯიში სქელკანიანია, მტევნები ვენახში შემოდგომის ბოლომდე დავტოვეთ, რათა შაქრიანობის მაქსიმალური დონე დაგროვილიყო. ამ ეტაპზე მიღებულ შედეგს დადებითად ვაფასებთ.

ალექსანდროული მშრალად დავაყენე, რის შედეგადაც ძალიან არომატული, საშუალოსხეულიანი და ცინცხალი ღვინო მივიღე, რომელშიც რაჭული კენკრის ხილის არომატებია გამოხატული. ეს არის სახასიათო, ავთენტური ღვინო, რომელიც ამ ჯიშის პოტენციალს კარგად წარმოაჩენს.

ჩვენი ტვიში გამოირჩევა სიტკბოს, მჟავიანობისა და მინერალურობის იდეალური ბალანსით. მისი დახვეწილი გემოვნური პროფილი სრულად ასახავს რაჭული ტერუარის უნიკალურობას.

მინდა, თითოეულ ჯიშთან მაქსიმალურად ვიმუშავო და რაჭის მეღვინეობას ახალი ხედვა შევმატო. გერმანიაში მიღებულმა გამოცდილებამ მომცა ახალი პერსპექტივა, რომელიც რეგიონულ ტრადიციებთან შერწყმულ ინოვაციურ მიდგომას ემყარება."

ასეთია ამბავი ახალი თაობის მეღვინეზე, რომელიც რაჭული ღვინის ისტორიას აგრძელებს

ანა ტრადიციასა და ინოვაციას შორის ბალანსის პოვნით ცდილობს, რაჭული ღვინოები საერთაშორისო ასპარეზზე ახალი სიმაღლეებით წარადგინოს. მისი პროფესიონალიზმი, ბუნებრივი მიდგომები და რეგიონული იდენტობის შენარჩუნების სურვილი ქმნის ღვინოებს, რომლებიც არა მხოლოდ მედლებს იმსახურებენ, არამედ რაჭა-ლეჩხუმის უნიკალურ სულიერებას გადმოსცემენ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია