European Women Payments Network საქართველოში შემოდის და ქვეყნის წარმომადგენლად ნანა გოგუაძე დაინიშნა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ევროპის ერთ-ერთი წამყვანი პროფესიული ქსელი, European Women Payments Network (EWPN), საქართველოში შემოდის და ქვეყნის წარმომადგენლად ნანა გოგუაძე დაინიშნა.

EWPN აერთიანებს ქალებს ფინტექის, გადახდების, საბანკო და ფინანსური სერვისების სფეროებიდან და მიზნად ისახავს მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, ცოდნის გაზიარებასა და ძლიერი საერთაშორისო ქსელის ჩამოყალიბებას. ორგანიზაცია ქმნის პლატფორმას, სადაც ქალებს აქვთ შესაძლებლობა, გააძლიერონ პროფესიული კავშირები, მიიღონ ახალი ცოდნა და აქტიურად ჩაერთონ ინდუსტრიის განვითარებაში.

ქსელი რეგულარულად მართავს ღონისძიებებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლებიც ფოკუსირებულია სექტორის მთავარ ტენდენციებსა და გამოწვევებზე. აღნიშნული შეხვედრები აერთიანებს როგორც გამოცდილ, ისე ახალ ლიდერებს, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, გაეცნონ საუკეთესო პრაქტიკებს და მოუსმინონ წარმატებულ პროფესიონალებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ფინანსური ეკოსისტემის განვითარებაში.

ნანა გოგუაძე ფინტექისა და ფინანსური სერვისების სფეროში გამოცდილი პროფესიონალია, რომელმაც მნიშვნელოვანი გამოცდილება დააგროვა გადახდებისა და ციფრული ფინანსების მიმართულებით. ის მუშაობდა Visa-ში, სადაც ხელმძღვანელობდა კორპორატიული კომუნიკაციების მიმართულებას კავკასიის რეგიონში და მონაწილეობდა ისეთი ინიციატივების განვითარებაში, რომლებიც უკავშირდება ციფრული გადახდების გავრცელებას, ფინანსური ეკოსისტემის გაძლიერებას და ინოვაციური პროდუქტების პოზიციონირებას ბაზარზე. მისი პროფესიული გამოცდილება მოიცავს ფინტექ პარტნიორობების განვითარებას, ინდუსტრიის მოთამაშეებთან მუშაობას და ახალი ფინანსური სერვისების ბაზარზე დანერგვის მხარდაჭერას, რაც მას აძლევს საშუალებას ეფექტურად დააკავშიროს ადგილობრივი ეკოსისტემა საერთაშორისო ტენდენციებთან. ამჟამად ნანა გოგუაძე მარკეტინგის მიმართულებას ხელმძღვანელობს Pave Bank-ში.

ნანა გოგუაძის დანიშვნა EWPN-ის საქართველოს წარმომადგენლად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ადგილობრივი ფინტექ ეკოსისტემისთვის. მისი როლი იქნება ორგანიზაციის აქტივობების განვითარება საქართველოში, პროფესიული საზოგადოების გააქტიურება და საერთაშორისო ქსელთან მჭიდრო კავშირების გაძლიერება.

აღსანიშნავია, რომ EWPN-ის საქართველოში შემოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს რეგიონულ ფინანსურ და ფინტექ ჰაბად, რაც ქმნის ახალ შესაძლებლობებს როგორც ინდივიდუალური პროფესიონალებისთვის, ისე მთლიანად სექტორისთვის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი