ევროკავშირის მხარდაჭერით Akustiko მინი ლაბორატორიით აღიჭურვა - ახალი ეტაპი ხარისხისა და კონკურენტუნარიანობის მიმართულებით

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საქართველოში აკუსტიკის სფეროს განვითარება რამდენიმე წლის წინ რთულად წარმოსადგენი იყო. დღეს კი კომპანია Akustiko არა მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე, არამედ რეგიონშიც ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ მიიჩნევა.

კომპანიის განვითარების ახალ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს მინი აკუსტიკური ლაბორატორიის დანერგვა, რომელიც ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული QUIS ("უკეთესი პროდუქტი, უკეთესი მომსახურება") პროექტის მხარდაჭერით განხორციელდა.

ამ მხარდაჭერის ფარგლებში Akustiko-მ ევროპული წარმოების მინი ლაბორატორიული აღჭურვილობა მიიღო, რომელიც კომპანიისთვის აკუსტიკური მასალების ტესტირებისა და ხარისხის კონტროლის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად აფართოებს.

ბიზნეს იდეიდან აკუსტიკის წამყვან კომპანიამდე

Akustiko-ს დამფუძნებლის, ავთანდილ კრავეიშვილის თქმით, კომპანიის შექმნის იდეა ჯერ კიდევ 2012-2013 წლებში გაჩნდა, მაშინ, როდესაც საქართველოში აკუსტიკის ბაზარი პრაქტიკულად არ არსებობდა.

"იმ პერიოდში აკუსტიკა ადამიანებისთვის ძირითადად ხმის ჩამწერ სტუდიებთან და საკონცერტო დარბაზებთან ასოცირდებოდა. აკუსტიკური სერვისებისა და ტექნოლოგიების მიწოდება ფაქტობრივად არ არსებობდა. მიუხედავად სკეპტიკური შეფასებებისა, ზუსტად ვიცოდი, როგორი უნდა ყოფილიყო კომპანია ტექნოლოგიური და საოპერაციო თვალსაზრისით", - ამბობს ავთანდილ კრავეიშვილი.

დღეს კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურებას ხმის იზოლაციის, შიდა აკუსტიკის, ვიბროიზოლაციის, პროფესიული აუდიო და სასცენო განათების სისტემების მიმართულებით. Akustiko სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობს და მის პორტფელში შედის პროექტები განათლების, ჯანდაცვის, საბანკო, სამრეწველო და ინფრასტრუქტურული სექტორებიდან.

მინი ლაბორატორია და ახალი შესაძლებლობები

კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა საკუთარი პროდუქციის ტესტირება და ხარისხის კონტროლი იყო. განსაკუთრებით აქტუალური ეს საკითხი მას შემდეგ გახდა, რაც Akustiko-მ ხმის საიზოლაციო პროდუქტის განვითარებაზე დაიწყო მუშაობა.

"პროტოტიპების დამზადებისას ძალიან გვაკლდა ტესტირების და ხარისხის კონტროლის მექანიზმი. მხოლოდ საველე პირობებში ვტესტავდით, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო, თუნდაც შუალედური ვალიდაციისთვის. თითქოს ინსტიქტის დონეზე ვგრძნობდით, რომ რაღაც შესაძლებლობა გამოჩნდებოდა და ამ პერიოდში მონაწილეობა მივიღეთ "აწარმოე საქართველოს" სააგენტოს პროექტში, რომლის ფარგლებშიც გავაფორმეთ კონტრაქტი ლაბორატორიული სერვისების ხარჯების დაფინანსების პირობით.

სწორედ ამ დროს, სანამ ჩვენს საბოლოო პროტოტიპებს გავგზავნიდით თურქეთის 2 ლაბორატორიაში (ხმის იზოლაციის და ხანძარმედეგობის ტესტირებაზე), გამოჩნდა QUIS-ის პროექტი, რომლის ფარგლებში გადმოგვეცა მინი აკუსტიკური ლაბორატორიული ხელსაწყო Norsonic Impedance Tube, რამაც თითქოს ყველაფერი თავის ადგილზე დაალაგა და მოკლე ვადებში შევძელით შუალედური ტესტირებების ჩატარება, პროტოტიპების ლაბორატორიისთვის მომზადება და თურქეთში გაგზავნა. დღეს უკვე ჩვენს პირველ მნიშვნელოვან პროდუქტს აქვს აკუსტიკური ლაბორატორიული სერთიფიკატი, ასევე სერთიფიკატი ავიღეთ ხანძარმედეგობის მიმართულებითაც. ეს ყველაფერი სულ ახლახანს მოხდა და ჯერ კიდევ არ განელებულა სიხარული", - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.

მისივე თქმით, მიღებული აღჭურვილობა კომპანიას საშუალებას აძლევს, სხვადასხვა მასალა და პროტოტიპი წინასწარ შეაფასოს, შეამოწმოს მათი ხმის შთანთქმისა და ხმის იზოლაციის მახასიათებლები და მხოლოდ ამის შემდეგ მიმართოს აკრედიტებულ ლაბორატორიებს საბოლოო სერტიფიცირებისთვის.

QUIS-ის მხარდაჭერა და ხარისხის ინფრასტრუქტურის მნიშვნელობა

QUIS პროექტის ეკონომიკური თანამშრომლობისა და კერძო სექტორის განვითარების მრჩევლის, ნინო მეფარიშვილის განმარტებით, პროექტის მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და ხარისხის ინფრასტრუქტურის გაძლიერების გზით.

"პროექტი პროგრესულ კომპანიებს ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებთან დასაახლოვებლად. ეს მოიცავს როგორც ცნობიერების ამაღლების აქტივობებს, ისე ხარისხის კონტროლისა და კვლევა-განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებას", - ამბობს ნინო მეფარიშვილი.

QUIS პროექტი ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოში ხარისხის ინფრასტრუქტურის განვითარებას, ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებასა და მცირე და საშუალო ბიზნესების კონკურენტუნარიანობის გაძლიერებას.

მისი თქმით, Akustiko ერთ-ერთ ბენეფიციარად შეირჩა კომპანიის განვითარების ისტორიის, ინოვაციური მიდგომისა და მკაფიოდ გამოხატული საჭიროების გამო.

"ლაბორატორიული გამოცდები პირდაპირ არის დაკავშირებული პროდუქტის ხარისხის შეფასებასთან, კვლევა-განვითარების შესაძლებლობებთან და კონკურენტუნარიანი ადგილობრივი წარმოების ზრდასთან, რაც მცირე და საშუალო საწარმოების მდგრადი განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია", - აღნიშნავს მეფარიშვილი.

კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მიღებული მხარდაჭერა მხოლოდ ტექნიკური აღჭურვილობით არ შემოიფარგლება. მათი შეფასებით, მსგავსი ინიციატივები ბიზნესებს ეხმარება არა მხოლოდ ხარისხის გაუმჯობესებაში, არამედ საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის გაზრდასა და განვითარების ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაშიც.

Akustiko-ში აღნიშნავენ, რომ მინი ლაბორატორიის დანერგვა მხოლოდ ერთი პროექტის წარმატება არ არის. მათი შეფასებით, ეს შესაძლებლობა კომპანიას ახალი პროდუქტების განვითარებაში, ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებაში დაეხმარება. სწორედ მსგავსი ინიციატივები ქმნის საფუძველს, რომ ქართული მცირე და საშუალო ბიზნესები უფრო კონკურენტუნარიანები გახდნენ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.