"ეზობანა" – ღია სივრცე საბავშვო წვეულებებისთვის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"ეზობანა" წარმოადგენს ღია, გამწვანებულ საბავშვო სივრცეს, რომელიც სპეციალურად შეიქმნა ბავშვების დაბადების დღეებისა და წვეულებების აღსანიშნავად. კომპანიის დამფუძნებლის, ანა გოგიაშვილის თქმით, "ეზობანას" მთავარი მიზანია იმ პრობლემის გადაჭრა, რაც დღეს ბევრ მშობელს აქვს – სტანდარტული, დახურული და ერთფეროვანი საბავშვო გასართობი სივრცეების ნაცვლად, შექმნილიყო ისეთი სივრცე, სადაც როგორც მშობელი, ასევე ბავშვი ბედნიერად გაატარებდა დროს გამწვანებულ გარემოში.

"იდეას რაც შეეხება, გვინდოდა შეგვექმნა ადგილი, სადაც ბავშვები არ იქნებოდნენ ჩაკეტილ, მოსაწყენ სივრცეში, არამედ შეძლებდნენ უსაფრთხოდ თამაშს ღია, გამწვანებულ გარემოში, სუფთა ჰაერზე, თანაც განსხვავებული და სახალისო პროგრამით.

"ეზობანას" ბაზარზე გამოარჩევს არა მხოლოდ სივრცე, არამედ მიდგომა – თითოეული წვეულება იგეგმება ინდივიდუალურად, ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით. ჩვენ ვთავაზობთ არა მხოლოდ გართობას, არამედ გამოცდილებას, რომელიც ბავშვებისთვის დასამახსოვრებელი, თავისუფალი, ხოლო მშობლებისთვის მშვიდი და კომფორტული იქნება", – ამბობს ანა.

ანა გოგიაშვილი აღნიშნავს, რომ როდესაც საქმე ეხება ბავშვებისთვის ყველაზე ბედნიერი დღის – დაბადების დღის ორგანიზებას, მოტივაციასთან ერთად, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

"იყო რისკი, რომ განსხვავებული სივრცის ნაცვლად, მშობლებს ძველი და კარგად ნაცნობი დახურული სივრცე აერჩიათ დაბადების დღის აღსანიშნავად, თუმცა ჩვენ შეგნებულად ავირჩიეთ განსხვავებული გზა. გვჯეროდა, რომ ბავშვებს სჭირდებათ მეტი თავისუფლება, ბუნებასთან ურთიერთობა და ცოცხალი გამოცდილება, და რომ მშობლები მზად არიან ამ ღირებულებების მისაღებად. ამ ეტაპზე ეს გადაწყვეტილება გარკვეულ რისკებსაც შეიცავდა, მაგრამ სწორედ ამ რისკის აღება და საკუთარი იდეის რწმენა იყო ის სიმამაცე, რომელმაც "ეზობანა" რეალობად აქცია. ვფიქრობთ, რომ ეს გაბედულება არა მხოლოდ ბიზნესის დაწყებაში, არამედ განსხვავებული ხედვის დაცვაშიც გამოიხატა – მაშინ, როცა ბაზარზე მსგავსი ფორმატის სივრცეები სულ რამდენიმეა".

კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ თავდაპირველად ასეთ მცირედ დროში, ამდენი ბავშვის მშობლის ნდობის დამსახურებას არ მოელოდნენ.

"ასევე, პრობლემა იყო უამინდობა, როდესაც არ ვიცოდით დაგეგმილი დაბადების დღის დროს, წვიმის შემთხვევაში როგორ მოვიქცეოდით. თუმცა გამოცდილებით შედეგად, შევქმენით სივრცეები, სადაც ბავშვების და მშობლების გადანაცვლებაა შესაძლებელი, ზუსტად ისე, რომ დაბადების დღის მიმდინარეობა არ შეფერხდეს", – აღნიშნავს ანა გოგიაშვილი.

მისი თქმით, დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ასწავლა, რომ ყველაზე მთავარია იოცნებო ბავშვივით, არ გაჩერდე, იყო გამბედავი და ჟინიანი.

"თუ გსურს, რომ იყო "შემქმნელი", პირველ რიგში, უნდა გჯეროდეს და გიყვარდეს შენი პროდუქტი, მთელი გული ჩადო საქმეში და შედეგი თავისით მოვა.

ანტრეპრენერი კი არის სწორედ ის ადამიანი, ვისაც გამოარჩევს გამბედაობა, ჟინიანობა და დაბრკოლებების არ ეშინია".

ანა გოგიაშვილს საქმიანობაში ინსპირაციას მისი ოთხი წლის შვილი და ზოგადად, ბავშვების სიყვარული აძლევს. აღნიშნავს, რომ მისი მთავარი მამოძრავებელი ძალა ადამიანებისთვის, მითუმეტეს პატარებისთვის, ბედნიერების მინიჭების შესაძლებლობაა.

კომპანიის დამფუძნებლის თქმით, "ეზობანას" განვითარების ხედვა ეფუძნება ეტაპობრივ და მდგრად ზრდას. უახლოესი 1 წლის განმავლობაში კომპანიის მთავარი მიზანია არსებული საბავშვო ღია სივრცის გამრავალფეროვნება და მისი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესება – როგორც ინფრასტრუქტურის, ისე პროგრამების მიმართულებით.

"ვგეგმავთ საბავშვო წვეულებების პროგრამების დამატებას, ასაკობრივად და თემატურად განსხვავებული კონცეფციების დანერგვას, რათა თითოეული ღონისძიება იყოს ინდივიდუალურად მორგებული ბავშვის ინტერესებსა და საჭიროებებზე. უახლოეს პერიოდში ჩვენი მიზანია "ეზობანა" იქცეს უფრო ცნობილ და სანდო სივრცედ მშობლებისთვის, სადაც ისინი არა მხოლოდ დღესასწაულს, არამედ განსაკუთრებულ გამოცდილებას მიიღებენ შვილებთან ერთად.

გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავთ "ეზობანას" განვითარებას როგორც მრავალფუნქციურ საბავშვო სივრცეს, სადაც ღია გარემო, შემოქმედებითი აქტივობები და ემოციურად მხარდამჭერი პროგრამები ერთიანდება. ჩვენი მიზანია "ეზობანა" გახდეს ადგილი, რომელიც ბავშვებისთვის ასოცირდება სიხარულთან, თავისუფლებასა და ბუნებრივ განვითარებასთან", – ამბობს ანა გოგიაშვილი, "ეზობანას" დამფუძნებელი.