Fchain - ლიდერი კომპანია, რომელმაც საქართველოში საბუღალტრო და კადრების მართვის სერვისებში ახალი სტანდარტები დანერგა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Financial Chain Corporation (Fchain) საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში კლიენტებს საბუღალტრო, იურიდიულ, კადრების მართვისა და სხვა ტიპის მომსახურებებს უწევს. საქართველოში Fchain-ის ფილიალი 2015 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, ელა ლეკიშვილის ხელმძღვანელობით, ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებლებს აქტიურად სთავაზობს უნიკალურ მომსახურებებს.

საბუღალტროსთან ერთად, Fchain-ის ერთ-ერთი მოთხოვნადი და მთავარი პროდუქტი გახლავთ EOR (Employer of Record-ი) – დისტანციური დასაქმების სახეობა, როდესაც სპეციალისტები ოფიციალურად დაქირავებული არიან გარე მომსახურე კომპანიის მიერ. აღნიშნული სერვისი არა მხოლოდ 2015 წელს, არამედ დღესაც უნიკალურ მომსახურებად რჩება საქართველოში და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით Fchain-ი ბაზარზე ლიდერის პოზიციას იკავებს.

"2015 წელს ე.წ. აუთსორსი ნაკლებად პოპულარული იყო საქართველოში და ხშირად გვიწევდა მისი არსის ახსნა კლიენტებისთვის, ეს ეხება როგორც საბუღალტრო, ასევე - კადრების მიმართულებასაც. კლიენტს ვერ წარმოედგინა დისტანციურად ბუღალტრის ან HR მენეჯერის ყოლა. ამ მხრივ ნამდვილად დიდი შრომა გვაქვს ჩადებული მომხმარებლის მსოფლმხედველობის შეცვლაში და გვიხარია, რომ ახლა უკვე თითქმის ყველას ესმის აუთსორსის ბენეფიტები და ანდობენ თავიანთ საქმეს სხვა კომპანიებს", - Entrepreneur-თან საუბარში განმარტავს ელა ლეკიშვილი.

Financial Chain Corporation-ის დირექტორი აღნიშნავს, რომ კომპანიის ქართულ ბაზარზე გამოჩენისას ძირითად გამოწვევას ტექნოლოგიები წარმოადგენდა. იმ პერიოდისთვის საქართველოში არ არსებობდა შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფა (მაგ.: HR პროგრამა), რომელიც კომპანიის საჭიროებებზე იქნებოდა მორგებული. "Fchain-ში გვიწევდა უამრავი საქმის ხელით გაკეთება ან უცხოურ პროგრამებში მუშაობა. ახლა კი, უკვე არსებობენ საქართველოში კომპანიები, რომლებიც შესანიშნავ პროგრამებს წერენ და რომელთანაც ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს. ამ მხრივ გვეზოგება ყველაზე ძვირფასი რესურსი - დრო", - აცხადებს რესპონდენტი.

ანტრეპრენერი ელა ლეკიშვილისთვის არის ადამიანი, რომელიც არ უშინდება გამოწვევებს, რისკავს და ცდილობს ინოვაციების შეტანას ბაზარზე. სწორედ ასეთი ადამიანების წყალობით იქმნება წარმატებული და საინტერესეო ბიზნესკლიმატი. მრავალწლიანი, დამოუკიდებელი ბიზნესსაქმიანობიდან და საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე კი, Fchain-ის დირექტორი იმ ადამიანებს, ვისაც რაიმე ღირებულის შექმნა სურთ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო თავს იკავებენ, ურჩევს: "პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო, რომ გაბედონ პირველი ნაბიჯის გადადგმა, ხშირად ყველაზე რთული სწორედ პირველი ნაბიჯების გადადგმაა და ეს ლოგიკურია, რადგან მას სდევს მარცხის შიში, თუმცა როგორც კი ამ შიშს გადალახავენ, მიხვდებიან, თუ რამხელა შესაძლებლობები იშლება მათ წინ. პროფესიონალიზმი და მონდომება კი აუცილებლად გამოიღებს სასურველ შედეგს".

რაც შეეხება სამომავლო განვითარების გეგმასა და პერსპექტივას, 2025 წელს Financial Chain Corporation-ი კიდევ სამ ქვეყანაში ხსნის ფილიალებს, რაც კიდევ უფრო გააფართოებს კომპანიის პორტფოლიოსა და პარტნიორთა რიცხვს. საქართველოს ფილიალი კი აქტიურად განაგრძობს კლიენტებისთვის ინდივიდუალური, მორგებული მომსახურებების შეთავაზებას, მათ შორის: ხელოვნური ინტელექტის სისტემების ინტეგრაციის მიმართულებით.

"უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ უამრავ აქციას. მაგალითად, ახლა, მარტში ქალი მეწარმებიისთვის გვაქვს საბუღალტრო მომსახურების აქცია - "პირველი თვე სრულიად უფასოდ". ამით გვინდა ხელი შევუწყოთ ქალთა ჩართულობას საკუთარ ბიზნესსა და ქვეყნის ეკონომიკაში.

ამასთან ერთად, ყოველთვის გვახსოვს ჩვენი გუნდი და მაქსიმალურად ვცდილობთ შევუქმნათ მათ მშვიდი და საინტერესო სამუშაო გარემო. ჩავატაროთ სხვადახვა ტრენინგი თუ ვორქშოფი, რადგან ზუსტად ჩვენი გუნდის დამსახურებაა ჩვენი კმაყოფილი მომხმარებელი, ვინც თავის ფინანსებს ჩვენ გვანდობს.

სწორედ ეს არის ჩემი ინსპირაცია - კმაყოფილი მომხმარებელი და კმაყოფილი გუნდი. გყავდეს კმაყოფილი მომხმარებელი უკვე ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ შენს საქმიანობაში, ხოლო კმაყოფილი გუნდის გარეშე წარმოუდგენელია მიაღწიო წარმატებასა და დასახულ მიზნებს", - აღნიშნავს ელა ლეკიშვილი.

ელენე ლომსაძე

ჟურნალისტი

ინოვაციებისა და საერთაშორისო პროექტების გუნდის წევრი Steinbeis School of International Business and Entrepreneurship, Germany-ში. Google Global I/O Extended-ის თანაორგანიზატორი.