Ferrari-მ Nazar Holding-თან პარტნიორობით თბილისში ბრენდის პირველი Pre-Owned ავტომობილების შოურუმი გახსნა
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
საქართველომ Ferrari-ს გლობალურ რუკაზე გამორჩეული ადგილი დაიკავა. 19 დეკემბერს თბილისში ბრენდის პირველი ოფიციალური Pre-Owned ავტომობილების შოურუმი და სერვისცენტრი საზეიმოდ გაიხსნა.
Ferrari-ს ოფიციალურ პარტნიორად საქართველოში Nazar Holding დასახელდა. ეს არის კომპანია 46-წლიანი ისტორიით, რომელიც ცნობილია ავტორიტეტითა და მომხმარებლის ნდობის მაღალი, სტაბილური მაჩვენებლით. დღესდღეობით Nazar Holding ბაქოში ოპერირებს. კომპანია Ferrari-სთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. მისი საქმიანობა მოიცავს გაყიდვებს, გაყიდვის შემდგომ მხარდაჭერას, ტექნიკურ მომსახურებასა და შეკეთების სერვისებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისში გახსნილი სივრცე პირველია მსოფლიოში, სადაც Ferrari-მ თავისი კორპორაციული იდენტობა ექსკლუზიურად Pre-Owned ავტომობილების შოურუმის ფორმატში წარადგინა. თბილისის შოურუმის კონცეფცია ორიენტირებულია მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებაზე. შოურუმის გახსნა ახალი ეტაპის დასაწყისია, რომელიც ნდობასა და მომსახურების მაღალ სტანდარტებზეა დაფუძნებული და კიდევ უფრო აძლიერებს Ferrari-ს პოზიციას საქართველოს მასშტაბით.
შოურუმში წარმოდგენილი ყველა მოდელი სერტიფიცირებულია ე.წ. Ferrari Approved პროგრამით, რაც უზრუნველყოფს თითოეული ავტომობილის უმაღლეს ხარისხს, უსაფრთხოებასა და ავთენტურობას.
ოფიციალური გახსნის დღეს სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა, პირველად ეხილათ სრულიად ახალი Ferrari 849Testarossa, რომელიც საინჟინრო ხელოვნების შთამბეჭდავი მაგალითია. ეს არის ავტომობილი, რომელიც კარგად ასახავს Ferrari-ს ინოვაციურ ხასიათს და დიზაინის სრულყოფისკენ მუდმივ სწრაფვას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ Nazar Holding-ის მფლობელი, ალი ნაზარი და Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელი, რენო დე პაოლი. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ახალი შოურუმის სტრატეგიულ მნიშვნელობას რეგიონში და საქართველოს, როგორც ლუქს კლასის ავტომობილების ბაზრის, დიდ პოტენციალს.
ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს Nazar Holding-ის მფლობელმა და Ferrari Europe & Africa-ს ხელმძღვანელმა სიტყვით მიმართეს:
"ეს არა მხოლოდ შოურუმის გახსნაა, არამედ არის დაპირება, რომ Ferrari-ს მარადიულ ღირებულებებს ვუთავსებთ თანამედროვე, დეტალებზე ორიენტირებულ და პერსონალიზებულ მომსახურებას. თბილისი იმსახურებს Ferrari-ს გამოცდილებას უმაღლესი სტანდარტით", – აღნიშნა ალი ნაზარმა.
"Ferrari Tbilisi-ს გახსნით ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციებს პარტნიორთან ერთად, რომელიც იზიარებს ჩვენს სტანდარტებსა და ხედვას. მომხმარებლები Ferrari-ს სრულყოფილებას იგრძნობენ არა მხოლოდ ავტომობილებში, არამედ თითოეულ ინტერაქციაში", – განაცხადა რენო დე პაოლიმ.
რაც შეეხება Ferrari Approved პროგრამას, ეს არის მეორადი ავტომობილებისთვის ოფიციალური სერტიფიცირების პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ Ferrari-ს ოფიციალური სერვისცენტრების ქსელის ფარგლებში. პროგრამა ვრცელდება Ferrari-ს ავტომობილებზე, რომლებიც არ არის ახალი და რეგისტრირებულია მაქსიმუმ 14 წლის ვადით. ამ პროგრამის მიზანია Ferrari-ს თითოეული მოდელის ავთენტურობის შენარჩუნება, რაც თავისთავად უზრუნველყოფს მომხმარებლის სრულ ნდობას, სიმშვიდესა და ავტომწარმოებლის მაღალი ხარისხის შეგრძნებას. Ferrari Approved სერტიფიკატის მისაღებად ავტომობილები 200-ზე მეტ მკაცრ შემოწმებას გადის, რა დროსაც მოწმდება მათი სერვისის ისტორია. ის ასევე უზრუნველყოფს ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალურ მომზადებას. პროგრამა მოიცავს ქარხნულ გარანტიას 24 თვემდე ევროპაში, აშშ-ში, ახლო აღმოსავლეთსა და ჩინეთში, ხოლო დანარჩენ მსოფლიოში – 12 თვის ვადით. Ferrari Approved პროგრამით უზრუნველყოფილია ევროპის მასშტაბით საგზაო დახმარება 24 თვის განმავლობაში, მსოფლიოს დანარჩენ ქვეყნებში კი – 12 თვის განმავლობაში. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში კლიენტები ერთი წლით ხდებიან The Official Ferrari Magazine-ის გამომწერები.
როდესაც საუბარია Ferrari-ზე, ყველასთვის ცნობილია, რომ ის მსოფლიო ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ლუქს ბრენდია. ის აერთიანებს ავტოსპორტს, სპორტულ ავტომობილებსა და ცხოვრების სტილს. Ferrari-ს ლოგო ექსკლუზიურობის, ინოვაციისა და ავტომობილის მოწინავე წარმადობის სიმბოლოა. ბრენდის მემკვიდრეობა და გლობალური გავლენა მჭიდროდ არის დაკავშირებული Formula 1-ის გუნდთან – Scuderia Ferrari-სთან, რომელიც სპორტის ისტორიაში ყველაზე წარმატებულია.

1950 წლიდან, მსოფლიო ჩემპიონატის დაარსების დღიდან, Scuderia Ferrari-მ მოიპოვა 16 კონსტრუქტორთა და 15 მძღოლთა მსოფლიო ტიტული.
იტალიის ქალაქ მარანელოში მდებარე სათავო ოფისიდან Ferrari აპროექტებს და აწარმოებს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საკულტო და ცნობად სპორტულ ავტომობილებს, რომლებიც 60-ზე მეტი ქვეყნის ბაზარზე იყიდება. ე.წ. Lifestyle მიმართულებით Ferrari აწარმოებს პერსონალური იმიჯის განმსაზღვრელ პროდუქციასა და საკოლექციო ნივთებს, რომლებიც მომხმარებლისთვის უნიკალურ გამოცდილებას ქმნის და ბრენდის იდენტობასთან კიდევ უფრო აკავშირებს.
Ferrari-ს გავლენა თანამედროვე ბიზნესსამყაროზე უნიკალურია. ბრენდმა შეძლო შეექმნა ე.წ. დეფიციტის ეკონომიკა, რომლის თანახმადაც მოთხოვნა ყოველთვის აჭარბებს მიწოდებას. ექსკლუზიურობის ეს განმსაზღვრელი მიდგომა თითოეულ მოდელს საინვესტიციო აქტივად აქცევს. Ferrari არის ბრენდი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს არა სატრანსპორტო საშუალებას, არამედ ემოციას, გამოცდილებას, ექსკლუზიურობის შეგრძნებას და უნიკალურ დიზაინს – იტალიურ ესთეტიკას, რომელიც დროს უძლებს.