"ფინური საერთაშორისო სკოლის" მოდელი საქართველოში - ახალი სიტყვა განათლების სისტემაში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ფინეთში ბავშვები ცხოვრებისთვის სწავლობენ და არა გამოცდებისთვის. სწავლებისა და მოსწავლის შეფასების ინდივიდუალური მიდგომებია შემუშავებული. ჰოლისტური, მულტიდისციპლინური გარემო, სადაც აქცენტი თითოეული მოსწავლის აკადემიური უნარების განვითარებასა და სოციალურ-ემოციურ მდგომარეობაზე კეთდება", - ქეთი გვალია, "ფინური საერთაშორისო სკოლის" დირექტორი.
"ფინური საერთაშორისო სკოლა" საგურამოში 2019 წელს გაიხსნა და დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სკოლაში სწავლა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. მკვიდრი მოსახლეობისთვის ქართული ენის შესწავლა საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დადგენილი კურიკულუმის მიხედვით ხდება. მოთხოვნის შესაბამისად, ევროპულ ენებთან ერთად იგეგმება ჩინური ენის შესწავლაც.
ფინური საერთაშორისო სკოლის მასწავლებლების გუნდს ფინური სასწავლო მოდელის მიხედვით გადამზადებული როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მასწავლებლები წარმოადგენენ. ისინი ყველა მოსწავლისთვის მხიარულ, პროდუქტიულ, ინდივიდუალურ მიდგომაზე დაფუძნებულ უსაფრთხო გარემოს ქმნიან.
"ჩვენი სკოლის მისია აქტიური მოქალაქეების აღზრდაა, რომლებიც XXI საუკუნის გამოწვევებთან გამკლავებას და სწრაფად ცვალებად გარემოსთან ადაპტირებას, წარმატებულ საქმიანობასა და თვითგანვითარებას შეძლებენ.
აღნიშნული მისიის მისაღწევად ფინური საერთაშორისო სკოლა მიზნად იმგვარი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფას ისახავს, რომელიც ხელს მოსწავლეების ჰოლისტურ განვითარებას შეუწყობს".
სასწავლო პროცესი მოსწავლეებს არა მარტო აკადემიური ცოდნის შეძენაში, არამედ გამჭოლი უნარებისა და კომპეტენციების დაუფლებაში დაეხმარება.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარებასთან ერთად, სკოლის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს მოსწავლეებში სამეწარმეო აზროვნებისა და კომპეტენციების ჩამოყალიბება წარმოადგენს. ამგვარი მიდგომის საშუალებით მოსწავლეები თავიანთი ცოდნისა და უნარების რეალურ სამყაროსთან დაკავშირებას შეძლებენ და მიმდინარე პროცესებში საკუთარ როლს დაინახავენ.
"აღმოჩნდა, რომ ფინეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც მოსახლეობის განათლებისა და ცხოვრებით კმაყოფილების დონე თანაბრად, უმაღლეს ნიშნულზეა. უკვე 7 წელია, რაც ფინეთი გაეროს მიერ გამოცხადებულ ანგარიშში მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნის სტატუსს სტაბილურად ინარჩუნებს. სწორედ ეს ფაქტი ამტკიცებს, რომ ფინური საგანმანათლებლო მოდელი პროფესიულად და სოციალურად რეალიზებული პიროვნების ფორმირებას უზრუნველყოფს".
ფინური განათლების მეთოდი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენებას ითვალისწინებს. ხშირია სხვადასხვა თემის გარშემო გაკვეთილების ინტეგრირება. გუნდური მუშაობით, პრაქტიკული პროექტების კეთებითა და დაკვირვებით, მოსწავლეები საკითხებს უფრო ეფექტურად და სიღრმისეულად ეცნობიან. აღსანიშნავია ყოველდღიურ სწავლებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ჩართულობა და ინოვაციებისთვის მზაობაზე ზრუნვა.
როგორც ქეთი გვიყვება, ფინეთში მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული, პრესტიჟული და წარმატებული პროფესიაა, რაც ამ სასკოლო მოდელის გამართულობასა და აუცილებლობაზე მეტყველებს.
"სკოლაში მინიმუმამდეა დაყვანილი საშინაო დავალებები და მათი მოცულობა, რადგან მიგვაჩნია, რომ სკოლის შემდგომ, ოჯახთან ერთად გატარებული დრო და სრულფასოვანი ძილი ბავშვის პიროვნული განვითარებისთვის მეცადინეობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია.
დავალებების უმრავლესობას მოსწავლეები სკოლაშივე ასრულებენ. სწავლების განუყრელი ნაწილია ბუნებასთან სიახლოვეც - ლაშქრობები, ექსკურსიები და ყოველდღიურ რუტინაში შესვენებების ეზოში გატარება. სწორედ ამიტომ ავირჩიეთ საგურამო. ჩვენი პრიორიტეტი იყო, სკოლა ეკოლოგიურად სუფთა, ქალაქის ხმაურისა და გამონაბოლქვისგან მოშორებულ ადგილას გაგვეხსნა".
სწავლების პროგრამა 1-6 კლასებს მოიცავს. ასაკის შესაბამისად მზადდება სერტიფიკატი, რომელიც ვალიდურია როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად. სწავლა 10:00-ზე იწყება და 16:00-ზე მთავრდება.
სწავლების ღირებულების გადახდა როგორც სრული დაფარვით, ასევე ორ ან სამ ნაწილადაა შესაძლებელი. შეღავათები ვრცელდება დედმამიშვილების, ასევე გაწეული რეკომენდაციის საფუძველზე.
ტარდება ჭადრაკის, ხელოვნების, მუსიკის, ცეკვის, ხელნაკეთობის მომზადების გაკვეთილები. მოთხოვნის შესაბამისად, ყალიბდება სპორტული ჯგუფები. იგეგმება ფარიკაობის, კარატეს შემსწავლელი წრეების შექმნა და ა.შ.
დაწყებით კლასებში გამოიყენება შეფასება, რომელიც, უპირველესად, განმავითარებელ მიზანს ემსახურება - შეაფასოს მოსწავლის პროგრესი, მისი ძლიერი მხარეები და არსებული სირთულეები, რაც სასწავლო აქტივობების უკეთ დაგეგმვისთვისაა საჭირო.
შემდგომ საფეხურზე, მე-4-6 კლასებში, 4-10 ქულიან სკალაზე, ციფრებში გამოხატულ შეფასებასთან ერთად, მოსწავლეებს "შეფასების ბარათები" ეძლევათ, რომლებშიც წერილობით, დეტალურადაა განმარტებული მოსწავლის პროგრესი. ამგვარი მიდგომა შეფასების სისტემას მეტად გამჭვირვალესა და ადვილად გასაგებს ხდის როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მათი მშობლებისთვის.
ასევე ფუნქციონირებს საზაფხულო სკოლა. სწავლა ივლისსა და აგვისტოს თვეებში, მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს. მიიღებიან 4-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვები. საკომუნიკაციო ენა ინგლისურია.
სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეები მზად იქნებიან უწყვეტი სწავლის პროცესში ჩაერთონ და შრომის ბაზრის გამოწვევებს თავი წარმატებით გაართვან.
როგორ ქეითი აღნიშნავს, "ფინური საერთაშორისო სკოლის" გახსნა თბილისსა და ბათუმშიც იგეგმება. ასევე სასწავლო გეგმაში ცვლილებებიც განხორციელდება და მაღალი კლასებიც დაემატება.
"სასწავლო პროცესში ფოკუსი მსოფლიო მოქალაქეობასა და მდგრადი განვითარების მიზნებზე მოსწავლეებს დაეხმარება, თავიანთი როლი საერთაშორისო კონტექსტში დაინახონ და გააცნობიერონ, რომ მსოფლიოს განვითარებაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანონ".