ფიროსმანის შესახებ George Gamez Publishing-ის გამოცემული წიგნი იაპონურ ამაზონზე გაიყიდება წიგნების სერია "ბიოგრაფიკა" და George Gamez Publishing-ის გეგმები
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
გამომცემლობა George Gamez Publishing-მა გამოჩენილი ქართველი მოღვაწეების შესახებ წიგნების სერია, "ბიოგრაფიკა" დაიწყო. სერიის პირველი წიგნი ფიროსმანის შესახებ მოუთხრობს მკითხველს და მისი შეძენა არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო აუდიტორიასაც შეეძლება.
ფიროსმანის შესახებ წიგნი იაპონურ ამაზონზე გაიყიდება. თუმცა, როგორც გამომცემლობის დამფუძნებლები, ნინო ქუთათელაძე და გიორგი გამეზარდაშვილი (იგივე გამეზა) გვეუბნებიან, ეს მხოლოდ დასაწყისია.
წიგნის შეძენა, ასევე, შესაძლებელი იქნება ტოკიოში გამართულ საქართველოს დღეებზე. ფესტივალი იაპონიის დედაქალაქში ივლისში გაიმართება და მას ერთ-ერთი ცენტრალური პარკი უმასპინძლებს.
როგორც გამეზა გვიყვება, მისი შემოქმედებით იაპონური მხარე თავად დაინტერესდა. ფიროსმანის შესახებ ნაწარმოების თარგმნასა და დაბეჭდვაზეც სრული პასუხისმგებლობა სწორედ მათ აიღეს საკუთარ თავზე. ფიროსმანის კომიქსი იაპონელმა ენათმეცნიერმა, იასუჰირო კოჯიმამ თარგმნა - ელექტრონული ვერსია იაპონიაში გაიგზავნა, სადაც შემდეგ დაიბეჭდა და იყიდება.
როგორ დაიწყო პროექტზე მუშაობა, რატომ ფიროსმანი და რა გეგმები აქვს George Gamez Publishing-ს სამომავლოდ - ამის შესახებ Entrepreneur-ი გამომცელობის დამფუძნებლებს, ნინო ქუთათელაძესა და გიორგი გამეზარდაშვილს ესაუბრა.
პირველ რიგში, ფიროსმანის შესახებ წიგნზე გვიამბეთ - როგორ გაჩნდა შექმნის იდეა და რატომ ფიროსმანი?
ნინო ქუთათელაძე: ამ ტიპის წიგნის შექმნის იდეა გამეზას ერთ-ერთი რიგითი სეირნობისას გაუჩნდა, როცა წიგნის მაღაზიაში შესულმა ვერ აღმოაჩინა რაიმე ახალი, ილუსტრირებული და ორიგინალური. ასეთ სიტუაციაში უმარტივესი პრინციპით მოქმედებს - "თუ ვერ ნახულობ იმას, რაც გსურს, შექმენი ის". ფიროსმანი ის კაცია, რომელიც არ წყვეტს კავშირს აწმყოსთან, პირიქით - ვითარდება და ავრცობს თავის არსს. ჩვენს იდეასაც იდეა-ლურად ერგება მისი პერსონაჟი საინტერესო ცხოვრებით. ის ხომ ერთ-ერთი სიმბოლოა ქართული ხელოვნების. ახლებურ, კომიქსურ სტილში გადაწყვეტილი მისი ისტორია საინტერესოა ყველა ასაკის მკითხველ-დამთვალიერებლისთვის, განსაკუთრებით გასახარია პატარების ინტერესი და მოწონება.
როგორც ვიცით, წიგნი იაპონიის ბაზარზე გამოჩნდა: რა მნიშვნელობა აქვს ამას, პირველ რიგში, თქვენთვის და შემდეგ ქართული საგამომცემლო საქმიანობისთვის?
ნინო: ერთ დღესაც დაგვიკავშირდა ჩემი იაპონურის ლექტორი, რომლის იაპონელი კოლეგაც თურმე ჩვენი წიგნით სწავლობს ქართულს - თქვენი წიგნით ქართულს ვსწავლობ მშვენივრადო, მადლიერებას გამოხატავდა უკვე ჩვენს ენაზე. წიგნის თარგმნის იდეაც მან შემოგვთავაზა. ამ ინტერვიუს მეშვეობით კი მინდა მადლობა გადავუხადო მათ ამ დნობისა და თანამშრომლობისთვის. წიგნი ითარგმნა იაპონელი ენათმეცნიერის, იასუჰირო კოჯიმას მიერ, შემდეგ იაპონური გამომცემლობის მიერ დაკაბადონდა და უკვე ჩაეშვა იაპონური ამაზონის გაყიდვებში. ივლისში საქართველოს დღეები ტარდება ტოკიოს ერთ-ერთ ცენტრალურ პარკში და იქაც მოჰკრავთ თვალს და შეძლებთ იაპონურად ნათარგმნი ფიროსმანის წიგნის შეძენას.
იაპონია მრავალფეროვანი და მაღალგანვითარებულია საგამომცემლო სფეროშიც. მით უფრო კომიქს-ილუსტრაციული მიმართულებით. აფასებენ და უხარიათ ახალ-ახალი აღმოჩენები, მოსწონთ განსხვავებული ვიზუალური და შინაარსობრივი ხედვები. ვფიქრობთ, იაპონურ ენაზე "ფიროსმანის" თარგმნა და ტირაჟის დაბეჭდვა (ასევე ონლაინვერსიის გაშვება)- ძალიან კარგი ფაქტია არამხოლოდ ჩვენი გამომცემლობისთვის, ქვეყნის წარმოჩენაც ასეთი ფორმით დადებითი მოვლენაა.
"ფიროსმანი" პირველი წიგნია, თუმცა იგეგმება სხვა ქართველი მოღვაწეების შესახებ მუშაობაც - ამ პროექტის შესახებ რომ გვიამბოთ მეტი. რა არის მისი მიზანი, ვინ ახორციელებს მას და ვინ არიან პარტნიორები?
გამეზა: როგორც პროცესში აღმოჩნდა - "ფიროსმანი" არის საწყისი წიგნი სერიისა "ბიოგრაფიკა"; სერიის იდეა გულისხმობს უკვე სხვადასხვა პერსონაჟზე მომდევნო წიგნების შექმნას, მათი ინდივიდუალური ისტორიებისა და ხასიათის გათვალისწინებით. პირველი წიგნის ტექსტი - ქოფირაითერმა დავით ბაბიაშვილმა შეადგინა, ილუსტრაციები მე დავხატე, digital lab-ის ტექნიკური მხარდაჭერით კი დავიწყეთ სამუშო პროცესი. მომდევნო წიგნებში შესაძლებელია ავტორთა ცვალებადობა - ამით ყოველი წიგნი განხვავებული და პერსონაჟის ხასიათზე მორგებული იქნება. მიზანიც ესაა: ახალი ხედვითა და სტილით გავაცნოთ ბავშვებს, ზრდასრულებს, ადგილობრივებს თუ უცხოელებს - ჩვენთვის ძვირფასი და საამაყო ისტორიული პერსონაჟები. ჩვენი პარტნიორი ფიროსმანის წიგნის შექმნისას იყო ქალაქ თბილისის მერია და ჩვენი მეგობარი რამდენიმე კომპანია. კერძოდ KMC Glass-ი და Digital Lab-ი.
ასევე, მნიშვნელოვანი ამბავია გამომცემლობის დაფუძნებაც - რა სიახლეს სთავაზობთ მკითხველს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მასშტაბზე?
გამეზა: საგამომცემლო მიმართულების მნიშვნელოვანი ნაწილი არის საბავშვო პროექტები. ყოველი ახალი პროდუქტი შეიქმნება ორიგინალური, საავტორო სტილით, შემოქმედებითი და შემეცნებითი იდეების თანხვედრით.
რა არის თქვენი გუნდის ძირითადი მოტივაცია და ინსპირაცია, რაც რთულ პერიოდებში დანებების საშუალებას არ გაძლევთ?
ნინო: ჩვენი მოტივაცია მუდმივად სიახლის სურვილია, სიახლე კი ხშირად ახალ თაობებშია, მათგან სწავლა, შთაგონება და მათთვის შექმნა - არის კიდეც მთავარი პრინციპი ამ გასართობ-შემეცნებითი პროცესისა.
როგორია სამომავლო გეგმები როგორც პროექტში, ისე საგამომცემლო საქმიანობაში?
გამეზა: "ბიოგრაფიკა"-ს შემდეგი ეპიზოდები მუშავდება, ვგეგმავთ ახალი, სხვადასხვა ფორმატისა და შინაარსის გამოცემის შექმნას, მეტი ავტორისა და პარტნიორის ჩართვას, მხიარულებით და "კრეატივით" - ღირშესანიშნავი ნიმუშების გაკეთებას. ამ პერიოდში ვაკეთებთ და მალე გამოიცემა ახალი - ჟურნალის ფორმატის "კოMiXები"-ს სერია, სხვადასხვა თემატიკის სიუჟეტებით, გმირებით, ისტორიებით, შერეული სტილის ნახატებით, ტექსტებით, დიზაინით. შემოქმედებით საქმიანობაში ყოველ მომდევნო გამოწვევას ახალი იდეა ახლავს თან, ამრიგად, სიახლეები არ მოგვაკლდება!