G-AID – გუნდი, რომელმაც დრონების უნიკალური სისტემა შექმნა
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ალტე უნივერსიტეტის" კიდევ ერთი ყოველწლიური მარათონი წარმატებით დასრულდა. ეს უნივერსიტეტის რიგით მესამე სასკოლო პროექტია. "START-UP მარათონის" ფინალურ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა თავიანთი იდეები წარმოადგინეს.
გუნდები თავიანთ პროექტებზე მენტორებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. პროექტის ერთ-ერთი მედიამხარდამჭერი Entrepreneur Georgia გახლდათ, რომელმაც რჩეულები გამოავლინა.
G-AID სწორედ ამ რჩეულებს შორის მოხვდა. მისი წევრები ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის ქალაქ თბილისის #42 საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან: თემიკო მაჭავარიანი, ბაგრატ დავითაშვილი, ალექსანდრე თედიაშვილი და საბა მაჭავარიანი.
"G-AID არის მანძილთა სენსორით აღჭურვილი დრონი, რომლის საშუალებითაც პროგრამა რელიეფის სივრცულ რუკას შექმნის, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით კი შეძლებს არსებული მონაცემები შეაგროვოს და გააანალიზოს, წარსულ მონაცემებს შეადაროს, რათა შესაძლო რისკი შეაფასოს და ჩაშენებული ფუნქციონალით, უახლოესი ანძის საშუალებით, უწყებები მუდმივად განაახლოს. დრონი აგრეთვე თერმული ტექნოლოგიითა და რელიეფის მეწყრის შემდგომი ფორმის ანალიზით სამძებრო სამუშაოებშიც ერთვება", - ალექსანდრე თედიაშვილი.
ალექსანდრე აღნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში ადამიანთა ცხოვრების გასამარტივებლად უნივერსალური და მრავალფუნქციური ტექნოლოგიების შექმნის მრავალი მცდელობა არსებობს.
G-AID-ის თვითმავალი, მწვანე ენერგიაზე მომუშავე დრონი ის ინოვაციაა, რომელიც ცვლის სტრუქტურას "ტრაგედიაზე რეაგირებიდან" → "ტრაგედიის პრევენციამდე". დრონი ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობებს ზრდის, ხარჯებს ამცირებს, მონაცემთა ბაზას ამდიდრებს და უფრო მდგრად, კლიმატადაპტირებად საზოგადოებას აყალიბებს.
"ბოლო პერიოდში ჩვენ გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით კი შოვის ტრაგედიამ, დღევანდელ რეალობაში არსებული მწვავე პრობლემა ნათლად წარმოაჩინა.
ექსპერტებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შესაბამისი სიზუსტისა და სისწრაფის ტექნოლოგიების არარსებობის გამო, მონაცემთა მიღება და ანალიზი რამდენიმე დღით დაგვიანდა, რამაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამ სულისშემძვრელმა ტრაგედიამ გუნდი შეგვკრა, რათა მეწყერთა წინასწარი კონტროლის გზა მოგვეფიქრებინა", - ბაგრატ დავითაშვილი.
ბაგრატი გვიყვება, რომ მოდელის მთავარი ფუნქცია ბუნებრივი კატასტროფების წინასწარ აღმოჩენა და ადამიანთა პოვნისა და გადარჩენის მეთოდების გამარტივებაა. ამისთვის მოსწავლეებმა ავტონომიური დრონების სისტემა შექმნეს, რომელიც ლანდშაფტის დინამიკის მონაცემებს აგროვებს, მათ ხელოვნური ინტელექტით ამუშავებს და მეწყერსაშიში ზონების ამოცნობასა და მონიტორინგს ახორციელებს. ეს მონაცემები ასევე კომპანიებს სამშენებლო, არქიტექტურულ და სადაზღვევო გეგმარებაშიც დაეხმარება.
"ინოვაციური პროდუქტის შექმნასა და განხორციელებას გაცილებით დიდი დრო სჭირდება, ვიდრე სტარტაპ მარათონები გვაძლევს და ჩვენც პროტოტიპზე გაცილებით დიდხანს, 1 წელზე მეტია ვმუშაობთ.
თუმცა სტარტაპ მარათონმა საშუალება მოგვცა, 3 კვირის განმავლობაში ჯერ ჯგუფური, შემდეგ კი ინდივიდუალური ტრენინგები გაგვევლო გამოცდილ და წარმატებულ სტარტაპერებთან, ბიზნესმოდელისა და "ფიჩინგის" დასახვეწად, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სტარტაპის წარმატებისათვის", - საბა მაჭავარიანი.
საბა ამბობს, რომ ამ დროის განმავლობაში მოსწავლეების პროდუქტის საბაზრო მორგებადობის დასახვეწად და მონეტარული პოლიტიკის გასამართავად კონსულტაციებს იღებდნენ, და სხვა გუნდებთან თანამშრომლობით საბოლოო "შედევრს" ქმნიდნენ.
"საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მომავალი ნათელია. რამდენიმე ორგანიზაცია და უამრავი წარმატებული სტარტაპი მოქმედებს, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა ორიენტირებული.
აღსანიშნავია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ღვაწლი, AI-სა და მანქანური სწავლების პოპულარიზაცია ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ქართულ ენობრივ მოდელებზე მუშაობით, მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, მოსწავლეებში ცნობიერების ასამაღლებლად ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადის ორგანიზებით და სხვა.
ასევე, საქართველოს კვლევით ინსტიტუტებსა და უნივერსიტეტებში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის იმპლემენტაციის გაუმჯობესების პრაქტიკა მიმდინარეობს. ერთ-ერთი განხრაა ეკოლოგიური, გეოსივრცული ინფორმაციების მართვა და მდგრადი განვითარება, რაც განსაკუთრებით აქტუალურია საქართველოში", - თემიკო მაჭავარიანი.
თემიკო ამბობს, რომ ჩვენი მრავალფეროვანი ქვეყნის ლანდშაფტები ფასდაუდებელია და თითოეულ მათგანს შესწავლა, მოვლა და გაფრთხილება სჭირდება. ხელოვნური ინტელექტი ამ პროცესებს მხოლოდ დააჩქარებს და გაამარტივებს.
"ჩვენი გუნდი ყველა მოსწავლეს ურჩევს ასეთ პროექტებში მონაწილეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ ასაკიდანვე სამეწარმეო აზროვნების, ინოვაციური იდეების განხორციელებისა და ბიზნესპროექტების წამოწყება. ეს გეხმარება როგორც ანტრეპრენერული უნარების, ასევე პროექტის მენეჯმენტის ტექნიკური მხარის ათვისებაში.
სფეროს პროფესიონალებთან ძლიერ კავშირებს ქმნი, გუნდურ მუშაობას, დაბრკოლებების დაძლევას, გადაწყვეტილებების მიღებას სწავლობ. პრობლემები მუდამ იარსებებს (მოგესალმებით დედამიწაზე!), მაგრამ, ამის მიუხედავად, წინ უნდა ვისწრაფოდეთ. აბა, მზად ხართ უძილო ღამეებისთვის?", - თემიკო მაჭავარიანი.
თემიკო ფიქრობს, რომ პროფესიულ სამყაროში რეალური ჩართვით იმ ღირებულ ცოდნას ეზიარები, რასაც სკოლაში ვერ მიიღებ. თანაც, მარცხის შემთხვევაში გამოცდილი პროფესიონალები ფეხზე მყარად დგომასა და წინსვლაში გეხმარებიან. თავიანთ გამოცდილებას გიზიარებენ.
მისი აზრით, გამოცდილება გეხმარება, რომ არსებულ სიტუაციაში თავი თავისუფლად იგრძნო. გამოუცდელობა კი მხოლოდ დაბნეულობასა და ბუნდოვანებას იწვევს.
"მე და ჩემი მეგობრები ვეკუას სკოლის ინჟინერიისა და რობოტიკის კლუბის თანადამფუძნებლები და აქტიური მონაწილეები ვართ. ჩვენი მიზანი ყოველთვის ინოვაციური იდეებისა და სტარტაპების მხარდაჭერა იყო. ჩვენი ნამუშევრებით ღონისძიებებში ჩართულობა ამ იდეების ხორცშესხმაში გვეხმარება", - ბაგრატ დავითაშვილი.
როგორც ბაგრატი აღნიშნავს, საქართველოში სტარტაპ იდეების მხარდასაჭერი ვენჩურული ფონდები თითქმის არ არსებობს. "ალტე უნივერსიტეტის" მარათონი კი ახალგაზრდებს მეწარმეობრივი აზროვნების, ინოვაციური ხედვისა და ბიზნესუნარების განვითარებაში ეხმარება.
"ადრე დაიწყეთ და თქვენი ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ. მრავალფეროვანი და გამოცდილი გუნდი შეკრიბეთ. ხშირად სტარტაპში პროდუქტზე უფრო მნიშვნელოვანი გუნდი და მისი შესაძლებლობების სწორად წარმოჩენაა. არ დაიზაროთ და იმაზე მეტი იშრომეთ, ვიდრე ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ. მომავალი მადლობას გადაგიხდით. თქვენი სპეციფიკა იპოვეთ, ის პრობლემა, რაც აქტუალურია და უნიკალური გამოსავალი გახდით.
წარმატებულ პროფესიონალებთან ბევრი იმუშავეთ და იცოდეთ, სხვა მზამზარეულად არაფერს მოგაწვდით. მეტიც, მოგიწევთ სხვების ხშირად შეწუხებაც, უბრალოდ, "კი" ან "არა" პასუხის მისაღებად.
და დრო აკონტროლეთ! დრო არის ის ძვირფასი რესურსი, რომელიც ჩვენ, ახალგაზრდებს, უხვად გვაქვს და ხშირად ოპტიმალურად არ ვიყენებთ. წარმატებებს გისურვებთ", - ალექსანდრე თედიაშვილი.