გაბედე! შექმენი! წაიქეცი-ადექი! – ანუ ჩვენ ყველანი ლიდერები ვართ! ყველა წიგნის წაკითხვა არც აუცილებელია და მით უფრო, არც რაიმეს მომცემი, თუკი არ იცი, როგორ წაიკითხო წიგნი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ხშირად ვხვდებით სიებს ასეთი სათაურებით: ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერი, პულიცერის პრემიის ლაურეატი, 5 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ 2026 წელს და ეს სია უსასრულოა… მაშ, ამ უსასრულო წიგნების ჩამონათვალიდან ყველა უნდა წავიკითხო? და თუ რომელიმეს არ წავიკითხავ, რაიმეს ჩამოვრჩები? ეს ის კითხვებია, რომელიც მე, როგორც მკითხველს, სულ მაწუხებს და ამაზე პასუხიც მაქვს მე, როგორც გამომცემელს. დიახ, ასეა, წიგნის კითხვას ცოდნა უნდა და ეს მხოლოდ ასოების ცნობით არ შემოიფარგლება. კითხვისას მთავარია გაათვითცნობიერო შინაარსი და ის, რაც შენ, როგორც მკითხველს, გეხმიანება და შეეცადო რეალურ ცხოვრებაში გადმოიტანო.
ამ სვეტით ჩემი მიზანია, ამ უსასრულო სიებში გაგარკვიო, მკითხველო და მოკლე, ჩემეული რეფლექსია გადმოვცე წიგნებზე და გაგიმარტივო არჩევანი, რომელი წიგნი როდის და როგორ წაიკითხო.
ვოლტ დისნეის აღმასრულებელი დირექტორის, ბობ აიგერის წიგნი "ცხოვრების დაუვიწყარი მოგზაურობა" (The ride of a Lifetime) გიყვება ერთი ადამიანის ცხოვრების გზაზე, რომელიც მარცხს, დაცემას, კვლავ ადგომას, დანაკარგს, სიხარულს, წარმატებას, მოკლედ, ყველა იმ ეტაპს აერთიანებს, რაც ადამიანის ცხოვრებას ახასიათებს. ეს არის მემუარული ტიპის წიგნი, სადაც მკითხველი ნახავს პიროვნების განვითარებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე და შეიძლება თამამად ითქვას, ეს არის წიგნი თანამედროვე ლიდერობის შესახებ, და ეს წიგნი, ზემოთ აღნიშნულ ერთ-ერთ სიას, ნიუ-იორკ თაიმსის ბესტსელერს მიეკუთვნება.
ვისთვის არის ეს წიგნი? – მე ვიტყოდი, ყველასთვის! არ აქვს მნიშვნელობა, აღმასრულებელ პოზიციაზე ხარ, ახლა იწყებ კარიერას, ახლა ეძებს ცვლილებებს კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში თუ, უბრალოდ, ეძებ სასიამოვნო ლიტერატურას. მოკლედ – ცხოვრების რა ეტაპსაც არ უნდა გადიოდე ახლა, ამ წიგნში შენთვის მნიშვნელოვან მიგნებებს აუცილებლად აღმოაჩენ.
დისნეის აღმასრულებებლი დირექტორი – როგორ ჟღერს? ძლევამოსილად, მიუწვდომლად და რაღაც ისე, თითქოს ეს პოზიცია არ არის მოკვდავებისთვის. ხომ მეთანხმები?! მაშ, ამიტომ არის წიგნის პროლოგი შთამბეჭდავი?! – პასუხი არის არა! პროლოგში აღმოაჩენ, რომ "ძლევამოსილი" აღმასრულებელი დირექტორი არის ჩვეულებრივი ადამიანი, ხშირად მოწყვლადი, უამრავ სირთულესთან უწევს გამკლავება და გულწრფელად გიზიარებს თავის ადამიანურ განცდებს, როგორც წარმატების პერიოდიდან, ასევე სირთულეებიდან.
ეს არ არის წიგნი, რომელიც გასწავლის, როგორ გახდე უკეთესი ლიდერი, როგორ მართო გუნდი და ასე შემდეგ. ეს არის წიგნი, რომელიც გიყვება კონკრეტულ შემთხვევებს და როგორ უმკლავდება ამ მოვლენებს თავად ავტორი. ერთ შემთხვევას გაგიზიარებ და თუკი შენზეც ისევე იმოქმედებს, როგორც ჩემზე, დარწმუნებული ვარ, ეს წიგნი შენი წასაკითხი წიგნების სიას მიემატება.
ვოლტ დისნეის პარკის გახსნა შანხაიში. ამ ერთი წინადადების უკან დგას უამრავი თანამშრომელი, გათენებული ღამე, გეოპოლიტიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებები (ჩინეთის სახელმწიფოსთან), დიდძალი ბიუჯეტი და აღსრულებაში მოსაყვანად მრავალი წელი. და აი, დადგა გახსნის დღეც. წარმოიდგინე შენი თავი აღმასრულებელი დირექტორის ადგილას. განცდები, მოლოდინები, ღელვა, აღფრთოვანება, გახსნის ღონისძიების მასშტაბურობა რომ წარმოიდგინო, მსოფლიო დონის გაშუქება, სამთავრობო დონეზე ორივე ქვეყნის (ამერიკის, ჩინეთის) პრეზიდენტების სიტყვა და ამ დროს დაცვის უფროსი გეუბნება, რომ ვოლტ დისნეის ერთ-ერთ პარკში ორი წლის ბავშვი ალიგატორმა გაიტაცა. რა განცდაა? როგორ მოიქცევი?
ვისაც კორპორაციულ სამყაროში უმუშავია, ის მიხვდება, ამ დროს რა ხდება. ჩაერთო პროტოკოლი, ანტიკრიზისული მენეჯმენტი, იურისტები... როგორც წესი, კომპანიებს (დიდ და დალაგებულ ორგანიზაციებს) ჰყავთ პრესსპიკერი, რომელიც ასეთ დროს აკეთებს განცხადებებს. თუმცა ბობის ქმედება აქ განსხვავდება, ის, როგორც მამა და ბაბუა, თვლის, რომ განცხადება მან უნდა გააკეთოს. გაკვეთილი პირველი: არასდროს დაივიწყო საკუთარი ღირებულებები და დადექი ყველა წესსა და პროტოკოლზე მაღლა (ეს ჩემი მიგნებაა, მკითხველს აქ თავისუფალ არჩევანს ვუტოვებ). პარკის გახსნის ღონისძიებისთვის გაწერილი დღის განრიგი ჩვეულებრივ გრძელდება: შეხვედრები, კონცერტისთვის მზადება... და ამ რუტინაში აიგერი ჰყვება თავის განცდებს აღმასრულებლის როლის შესრულებისას, ამ რთულ ვითარებაში რას გრძნობს, რას ფიქრობს... თითქოს პატარა პასაჟია, თუმცა დიდი შინაარსის მატარებელი. ბობის ცოლის უსიტყვო მხარდაჭერა და აქ აიგერი კიდევ ერთხელ პროტოკოლისგან უხვევს... ის რეკავს ბავშვის მშობლებთან და მამას აძლევს პირობას, რომ სხვა ბავშვს იგივე არ დაემართება... შესაბამისად, მანჰეტენის ზომის ტერიტორიაზე იწყება 48-საათიანი სამუშაოები უსაფრთხოების ახალი ზომების მისაღებად... აქვე აიგერი იღებს გადაწყვეტილებას და შანხაიში მასთან ერთად მყოფ ერთ-ერთ აღამსრულებელ დირექტორს აგზავნის უკან, ამერიკაში, რათა ამ რთულ პერიოდში ამერიკაში მყოფმა თანამშრომლებმა თავი მარტო არ იგრძნონ...
გაკვეთილი ნომერი ორი: აიღე პასუხისმგებლობა, როგორც ლიდერმა და გახსოვდეს, ემოციურად როგორ რთულ პერიოდსაც არ უნდა გადიოდე, შენს გუნდს სჭირდება განცდა, რომ მარტონი არ არიან. და ასე არ არის კორპორაციული ცხოვრების მიღმაც? ადამიანს სჭირდება განცდა, რომ ის მარტო არ არის, თუნდაც უსიტყვოდ იყოს ეს, თუმცა იგრძნოს მხარდაჭერა. ზუსტად ისე, როგორც ეს აიგერის ცოლმა გააკეთა...
მკითხველო, რომ არ დაგასპოილერო და მთელ წიგნს აქ არ მოვყვე, ამიტომ გავჩერდები. თუმცა პირობას გაძლევ, ამ წიგნში ზემოთ მოთხრობილ ერთ ამბავზე კიდევ უფრო შთამბეჭდავ ამბებს ამოიკითხავ, როგორიცაა: სტივ ჯობსთან შეხვედრა და მოლაპარაკების ტექნიკა; აიგერის გზა ყველაზე დაბალი რგოლიდან აღმასრულებელ პოზიციამდე; ერთი ინფარქტი, ერთი განქორწინება და მაინც ტურბულენტურ გარემოში ფეხზე ადგომა; ვარსკვლავური ომების პროექტზე მუშაობის გამოწვევები და ასე შემდეგ... და აიგერის გაკვეთილი (მაინც გავასამე გაკვეთილი:) ) "იცოდე რა არ იცი და ენდე იმას, რაც იცი".
შეჯამებისთვის დავამატებ: ლიდერობა არ ნიშნავს, იყო შეუმცდარი. მთავარია, არ დაგავიწყდეს, ნებისმიერ სიტუაციაში დარჩე ადამიანად! და ის, რაც ნებისმიერ ლიდერს სჭირდება იმისთვის, რომ მუდამ განვითარების გზაზე დარჩეს, ეს არის გამბედაობა და ცნობისმოყვარეობა. გამბედაობა – გარისკო იმისთვის, რომ შექმნა ახალი. მარცხის შიში კლავს კრეატიულობას და ზრდას. ცნობისმოყვარეობა – გაძლევს საშუალებას, მუდამ ახლის ძიებაში იყო, აღმოაჩინო ახალი ადამიანები, ადგილები და მუდამ შემეცნებისთვის იყო ღია.
იმედი მაქვს, ეს წიგნი შენზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს და თუ ასე იქნება, გთხოვ, გამიზიარო შთაბეჭდილებები: mariamg@bubblhead.ge
კითხვა რეფლექსიისთვის:
როგორ იმოქმედა შენმა გამბედაობამ – რისკის მიღების მზადყოფნამ (ან მისმა ნაკლებობამ) შენს ცხოვრებაში და კარიერაში გაჩენილ შესაძლებლობებზე – და რას გააკეთებდი სხვაგვარად, მეტი სიმამაცითა და ცნობისმოყვარეობით რომ მოქცეულიყავი?
წიგნის შეძენა საქართველოში შესაძლებელია BookShop-ის ვებგვერდზე: https://bookshop.ge/product/view/-9780552174305