გაბედე! ნუ იქნები გარემოებათა მსხვერპლი! იყავი გმირი!
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ღმერთო, მომეცი სიმშვიდე, რომ შევეგუო იმას, რის შეცვლაც არ შემიძლია, გაბედულება, რომ შევცვალო ის, რის შეცვლაც შემიძლია და სიბრძნე, რომ გავარჩიო ერთი მეორისაგან.
რეინჰოლდ ნიბური
ამერიკელი თეოლოგი
ყველაფერი ყოველთვის სხვისი ბრალია... აბა ჩემი ბრალი ხომ არ იქნება?
- მე რომ მდიდარი მშობლები მყოლოდა...
- მე რომ მიმართლებდეს...
- მე რომ უკეთეს ქვეყანაში დავბადებულიყავი...
- მე რომ შანსი მომცემოდა...
- მე რომ ვალები არ მქონდეს...
- მე რომ უკეთესუფროსთან მემუშავა...
- მე რომ კარგი სამსახური მქონოდა...
- მე რომ გავლენიანი მეგობრები მყოლოდა...
- მე რომ ძლიერ გუნდში მოვხვედრილიყავი...
- მე რომ კარგი განათლება მიმეღო...
- მე რომ ნიჭიერი ვიყო...
- მე რომ ამდენი მტერი არ მყავდეს...
- მე რომ...
- მე რომ...
- მე რომ...
ხომ არ გეცნობა?..
ადამიანთა უმრავლესობა თავისიწარუმატებლობის გარემო-ფაქტორებზე დაბრალებას და გასამართლებელი მიზეზების ძებნას უფრო მეტ დროს უთმობს, ვიდრე საკუთარი სისუსტეების გაანალიზებას, შეცდომებზე სწავლას, ნაკლის გამოსწორებას და განვითარებას.
თავისი უმოქმედობის სხვა ადამიანების, გარემო-პირობებისა და სიტუაციებისთვის დაბრალება, მუდმივად სხვების დადანაშაულება ბევრად მარტივია, ვიდრე საკუთარი ცხოვრების კონტროლზე პასუხისმგებლობის აღება და თავისივე შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა.
ამიტომაც არიან წარუმატებელი ადამიანები უმრავლესობაში, რადგან ისინი მოქმედებას უმოქმედობას არჩევენ, ყველაფერს გარემო-ფაქტორებს აბრალებენ, რაც მათ შესაძლებლობებს, მათ შინაგან პოტენციალსა და უნარს უფრო და უფრო ასუსტებს და აკნინებს.
გარემო-ფაქტორებზე ზემოქმედება ადამიანის ძალებს ხშირად მართლაც აღემატება, მაგრამ ამ ფაქტორებით გამოწვეული სიტუაციიდან გამოსავლის საუკეთესო გზის მოძებნასა და დაუყოვნებლივ მოქმედებაზე გადასვლას ადამიანთა დიდი ნაწილი გაურბის და შექმნილ რეალობას ეგუება, არ რეაგირებს, ინიციატივას არ იჩენს, პასიური მოწმის, უსუსური მსხვერპლის როლში რჩება.
გასაგებია, რომ ხშირად სიტუაცია უიმედოდ ჩანს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, კიდევ ერთი ალტერნატივა განიხილო? განსხვავებული მიდგომა აირჩიო? ბოლოსდაბოლოს, ინიციატივა საკუთარ თავზე აიღო და გააკეთო ის, რაც შეგიძლია და რაზეც ხელი მიგიწვდება! აქ და ახლა.
გაიხსენე, ბოლოს როდის თქვი, არ მაინტერესებს გარემო-ფაქტორები, მთავარია, გამოვასწორო ის, რის გამოსწორებაც შემიძლია!
მსხვერპლის როლში ყოფნა და საკუთარი უსუსურობის გარეფაქტორებით გამართლება, საკუთარ წარუმატებლობაში სხვა ადამიანების დადანაშაულება საკუთარი შესაძლებლობების დაკნინებას და იმ ფაქტთან შეგუებას იწვევს, რომ არასოდეს არაფერი შეიცვლება და ყოველთვის ასე იქნება, რადგან გარეფაქტორებთან გამკლავება ადამიანის ძალებს აღემატება.
თუმცა, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ რაც უნდა მძიმე რეალობაში აღმოჩნდე, ყოველთვის შეგიძლია, ძალები მოიკრიბო და შეცვალო ის, რის შეცვლაც შეგიძლია, გარემოპირობებზე გადაბრალების ნაცვლად საკუთარ თავზე იმუშაო და ძველი პრობლემა ახალ შესაძლებლობად აქციო.
რა შეგიძლია? რას აკეთებ იმისათვის, რომ შეიცვალო და შეცვალო?
გარესამყარო თუ უსამართლოა, შენ რა გიშლის ხელს, რომ მეტად შემოქმედებითი, შრომისმოყვარე, საკუთარ პროფესიაში მეტად გაწაფული და განვითარებული იყო?
ხომ არ სჯობს, მშვიდად მიიღო ის, რასაც ვერ აკონტროლებ, რეალობას თვალი გაუსწორო და მთელი ყურადღება დაუთმო იმას, რის გაკონტროლებაც შეგიძლია, ანუ საკუთარ თავს! ეს ხომ ისაა, რაც ნამდვილად შეგიძლია!
პასუხისმგებლობისგან გაქცევა, მისგან თავის არიდება უსუსური მსხვერპლის როლში გვაყენებს. არადა, დღეს სამყარო ბრძოლას ითხოვს, ბრძოლას ბოლომდე!
ვერავინ ვერაფერს დაგიშავებს, თუ ამის უფლებას თავად არ მისცემ.
გაბედე! ნუ იქნები გარემოებათა მსხვერპლი! იყავი გმირი!
გაბედე! იფიქრე გამოსავალზე! მოაგვარე პრობლემა!
გაბედე! წუწუნის დრო აღარ არის! მოქმედების დროა!
გიორგი შარაშიძე
მთავარი რედაქტორი