გაიცანით 17 წლის გურამ შენგელია, რომელმაც 7 წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტისგან ჩარიცხვის დასტური მიიღო
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Webster Univeristy Geneva, Webster Leiden Campus, American University in Bulgaria, Alfred University, University of Kentucky, Concord University და Albion College – ეს იმ უნივერსიტეტების ჩამონათვალია, რომელმაც 17 წლის სამტრედიელ ახალგაზრდას ჯამში 500,000 $-მდე სტიპენდია შესთავაზა. საბოლოოდ, გურამ შენგელია სწავლას ბიზნეს ადმინისტრირების განხრით, American University in Bulgaria-ში განაგრძობს.
Entrepreneur-თან საუბარში ახალგაზრდა ქართველი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. მიაჩნია, რომ აღნიშნულმა უნივერსიტეტმა საუკეთესოდ დაინახა მისი მონდომება. გარდა ამისა, უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ ევროპულ, არამედ ამერიკულ დიპლომსაც მიიღებს. ამასთან, ექნება შესაძლებლობა, სწავლის პერიოდში ზაფხულის ყველა პერიოდი აშშ-ში გაატაროს, რაც, რა თქმა უნდა, განვითარების ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება.
"სკოლის პერიოდი ჩემთვის მეტად საინტერესო და დასამახსოვრებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საჯარო სკოლა არ გამოირჩეოდა საგნების მრავალფეროვნებით, მე მაინც შევძელი რამდენიმე ფავორიტის პოვნა. უპირველესად, მათემატიკას გამოვარჩევდი. ახლაც მახსოვს, პირველ კლასში ყოფნისას, მეორე და მესამე კლასების ოთახებში ვიპარებოდი ხოლმე, რათა დაფაზე მათი მაგალითები და ამოცანები ამომეხსნა. ბევრისთვის ეს უცნაურია, მაგრამ ამ პერიოდიდან დღემდე თითოეული მაგალითის ამოხსნა უცვლელად მანიჭებს ისეთ შეგრძნებას, თითქოს რაღაც დიდს მივაღწიე. ასევე დიდი სიყვარული ჩემგან ინგლისურმაც დაიმსახურა, როცა შედარებით წამოვიზარდე და მივხვდი, რომ ჩემი ადრეული ასაკიდანვე დასახული მიზნების ასასრულებლად ეს საგანი აუცილებელი იყო. მალევე აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ მარტივად ვითვისებდი მასალას და შემდგომში რეპეტიტორმაც ძალიან დიდი დახმარება გამიწია წინსვლის პროცესში. კიდევ ფიზიკასა და გეოგრაფიას გამოვარჩევდი − საგნებს, რომლებმაც ჩემში არსებულ უამრავ შეკითხვას გასცეს პასუხი და ვიტყოდი, რომ ზემოთ აღნიშნულმა საგნებმა დიდი როლი ითამაშა ჩემს წარმატებაში", − განმარტავს გურამ შენგელია.
რაც შეეხება რჩევას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომლებსაც საზღვარგარეთ სურთ განათლების მიღება, გურამს მიაჩნია, რომ ამისათვის ზუსტი რეცეპტი არ არსებობს, თუმცა აღნიშნავს, რომ უცხოური უნივერსიტეტები ყურადღებას არა მხოლოდ კარგ ნიშნებს, არამედ კლასგარეშე აქტივობებსაც აქცევენ. გურამი Erasmus+-ის გაცვლითი პროგრამის მონაწილეა, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვნად დაეხმარა, გაემრავალფეროვნებინა საკუთარი გამოცდილება და შეექმნა ერთგვარი პორტფოლიო, რომელიც წარუდგინა უცხოურ უნივერსიტეტებს და შესაბამისი წარმატებაც მოიპოვა. გურამი ახალგაზრდებს ურჩევს, მაქსიმალურად გონივრულად გამოიყენონ ზაფხულის პერიოდი და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა მსგავს კლასგარეშე აქტივობებში.
"იმას ვიტყოდი, რომ ასეთ დროს ზედმეტი ფიქრი არაფრისმომცემია. თუ იმდენი ამბიცია გაქვთ, რომ საზღვარგარეთ გსურთ სწავლა, ესე იგი მზად ხართ ამ გზის გასავლელად, ამიტომ არასდროს დაიშუროთ დრო აპლიკაციებზე სამუშაოდ და აჩვენეთ უნივერსიტეტებს თქვენი მაქსიმუმი. ეს ნაბიჯი პიროვნულ წინსვლაში ძალიან დაგეხმარებათ და დავამატებ, რომ ჯერ არ წავსულვარ სასწავლებლად, მაგრამ ამ პროცესმა ძალიან ბევრი ვინმე და რამე შემძინა. უდიდეს წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ადამიანს, ვისაც დიდი თუ პატარა მიზნები აქვს. ვიცი, რომ საკუთარ თავსა და ოცნებებზე მუყაითად მუშაობა ყოველთვის გამოიღებს შედეგს.
რაც შეეხება უშუალოდ სამომავლო გეგმებს, ზოგადად, არ მიყვარს საკუთარ გეგმებზე საუბარი, რადგან მირჩევნია, რომ სანამ ჩემს მიზანს არ მივაღწევ, მანამდე არ გავაზიარო, მაგრამ ერთს ვაღიარებ, რომ ის, რაც ჩემთვის მომავალთან ასოცირდება, იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე არსებული რომელიღაც წარმატება", − აღნიშნავს გურამ შენგელია.