გაიცანით IOAI ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების წევრი: გიორგი ცქიტიშვილი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი ცქიტიშვილი ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე (IOAI) გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად საქართველოს წარადგენს.

გიორგის ტექნოლოგიური გზა მეხუთე კლასში, პროგრამირებით დაინტერესებით დაიწყო, რაშიც მნიშვნელოვანი როლი პროგრამირების სკოლა "მზიურმა" ითამაშა. ეროვნულ დონეზე პირველი მნიშვნელოვანი წარმატება მერვე კლასში მოიპოვა, როდესაც საქართველოს ინფორმატიკის ეროვნულ ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით კი საერთაშორისო გამოცდილება უკრაინის ახალგაზრდულ და გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (UJGOI) და შუმენის საერთაშორისო ტურნირზე (IATI) დააგროვა.

გიორგის ანგარიშზე უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა:

  • საქართველოს ინფორმატიკის ეროვნული ოლიმპიადის V ადგილი
  • ბრინჯაოს მედალი უკრაინის ახალგაზრდულ და გოგონათა ოლიმპიადაზე ინფორმატიკაში (UJGOI)
  • შუმენის საერთაშორისო ტურნირში (IATI) მონაწილეობა
  • საქართველოს IOAI ეროვნული ნაკრების წევრობა

როგორც თავად აღნიშნავს, ეროვნულ ნაკრებამდე მისასვლელ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა GAIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინტენსიურმა კურსმა შეასრულა, სადაც უმაღლესი მათემატიკის სიღრმისეულმა შესწავლამ AI-ს მიმართულებით მისი ინტერესები კიდევ უფრო გააძლიერა.

"IOAI-ზე საქართველოს სახელით გამოსვლა ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ძალიან მეამაყება, რომ ჩვენი ქვეყანა ასე სწრაფად ვითარდება და ფეხს უწყობს ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე ტენდენციებს. ოლიმპიადიდან გამოცდილების მიღებას და ცოდნის გაზიარებას ველოდები, შედეგისთვის კი ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველო საპრიზო ადგილებზე ვიხილოთ."

საქართველო საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში (IOAI) პირველად 2025 წელს ჩაერთო და სადებიუტო წელსვე ქვეყნის ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.

ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია. ეროვნული და საერთაშორისო საოლიმპიადო გუნდების მომზადება და მხარდაჭერა სწორედ ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში ხორციელდება. ჰაბი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი სისტემური გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა.

საქართველოს ნაკრების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური სასწავლო პროგრამის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. რვათვიანი ინტენსიური მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, საფუძვლიანად შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტი და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განევითარებინათ.

ეროვნული AI ოლიმპიადის და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია TBC - თიბისი.

ჰაბის პარტნიორები არიან: UN Women Georgia, EPAM Georgia, Lineate Georgia, Tech Association of Georgia, McDonald's Georgia, BLOX • ბლოქსი.