გაიცანით IOAI ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების წევრი: გიორგი მაისურაძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გიორგი მაისურაძე სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე (IOAI) გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად საქართველოს წარადგენს.

გიორგის საერთაშორისო საოლიმპიადო გამოცდილება უკვე არაერთ მნიშვნელოვან წარმატებას მოიცავს. მისი ტექნოლოგიური გზა დამოუკიდებელ სწავლებასთან ერთად საერთაშორისო კონკურსებში აქტიური მონაწილეობით განვითარდა, ხოლო ეროვნულ ნაკრებამდე მისასვლელ გზაზე განსაკუთრებული როლი ხელოვნური ინტელექტის საოლიმპიადო კურსმა, ლიგის ტურებში მონაწილეობამ და თანაგუნდელებთან ამოცანების ერთობლივმა განხილვამ შეასრულა.

გიორგის ანგარიშზე უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა:

  • ბრინჯაოს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EJOI, ბულგარეთი, 2025);
  • ვერცხლის მედალი უკრაინის ინფორმატიკის ოლიმპიადაზე;
  • ბრინჯაოს მედლები რუმინეთის ინფორმატიკის ოლიმპიადებზე (Info1Cup, 2025 და 2026);
  • საქართველოს IOAI ეროვნული ნაკრების წევრობა.

როგორც თავად აღნიშნავს, ეროვნული ნაკრების წევრობა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა და მუდმივ შრომასთან, განვითარებასთან და საერთო მიზნისთვის ბრძოლასთან ასოცირდება.

"ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა საერთაშორისო დონეზე წარმოვაჩინო ჩემი ცოდნა და ჩემი ქვეყანა. IOAI-ისგან ველოდები ახალი ცოდნის მიღებას ხელოვნური ინტელექტის სფეროში და მსოფლიოს საუკეთესო მოსწავლეებთან გამოცდილების გაზიარებას. ვფიქრობ, შრომა და მიზანდასახულობა დამეხმარება ნებისმიერი გამოწვევის გადალახვაში."

საქართველო საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში (IOAI) პირველად 2025 წელს ჩაერთო და სადებიუტო წელსვე ქვეყნის ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.

ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია. ეროვნული და საერთაშორისო საოლიმპიადო გუნდების მომზადება და მხარდაჭერა სწორედ ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში ხორციელდება. ჰაბი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი სისტემური გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა.

საქართველოს ნაკრების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური სასწავლო პროგრამის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. რვათვიანი ინტენსიური მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, საფუძვლიანად შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტი და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განევითარებინათ.

ეროვნული AI ოლიმპიადის და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია TBC - თიბისი.

ჰაბის პარტნიორები არიან: UN Women Georgia, EPAM Georgia, Lineate Georgia, Tech Association of Georgia, McDonald's Georgia, BLOX • ბლოქსი.