გაიცანით IOAI ოლიმპიადის საქართველოს ნაკრების წევრი: მათე რეხვიაშვილი
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
მათე რეხვიაშვილი სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეა. საქართველოს ნაკრებთან ერთად ის საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაზე (IOAI) გაემგზავრება, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ახალგაზრდა მონაწილეებთან ერთად საქართველოს წარადგენს.
მათეს ტექნოლოგიური გზა ბავშვობაში ჭადრაკით დაიწყო, მოგვიანებით კი პროგრამირებაში გადაიზარდა. საოლიმპიადო ასპარეზზე მრავალწლიანი გამოცდილებისა და მუდმივი განვითარების შედეგად მან წარმატებით შეისწავლა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებაც. ეროვნულ ნაკრებამდე მისასვლელ გზაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ინტენსიურმა მომზადებამ, ეროვნული AI ოლიმპიადის პროცესმა და თანაგუნდელებთან ერთად მიღებულმა გამოცდილებამ.
მათეს ანგარიშზე უკვე არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა:
- ევროპის ახალგაზრდულ ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EJOI) ოთხჯერ მონაწილეობა;
- ვერცხლის მედალი ევროპის ახალგაზრდულ ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EJOI);
- ბრინჯაოს მედალი ევროპის ახალგაზრდულ ინფორმატიკის ოლიმპიადაზე (EJOI);
- არაერთი ჯილდო სხვადასხვა საერთაშორისო საოლიმპიადო ტურნირზე;
- საქართველოს IOAI ეროვნული ნაკრების წევრობა.
როგორც თავად აღნიშნავს, IOAI მისთვის ახალი და მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს, საკუთარი ცოდნა საერთაშორისო დონეზე გამოცადოს და საქართველოს ღირსეულად წარადგინოს.
"მართალია, IOAI-ზე პირველად გამოვდივარ, მაგრამ ამ ოლიმპიადასაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ. ახალ ასპარეზზე გამოსვლა ძალიან სახალისოა - ამ პროცესმა ჩვენი გუნდი კიდევ უფრო დააახლოვა და მონდომება შეგვმატა. ოლიმპიადიდან ველოდები საინტერესო ამოცანებს და, რა თქმა უნდა, მედალს. ჩვენ მზად ვართ, გავუზიაროთ ერთმანეთს ცოდნა, პატივი ვცეთ ერთმანეთს და მივაღწიოთ წარმატებას."
საქართველო საერთაშორისო ხელოვნური ინტელექტის ოლიმპიადაში (IOAI) პირველად 2025 წელს ჩაერთო და სადებიუტო წელსვე ქვეყნის ისტორიაში პირველი მედალი მოიპოვა.
ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია. ეროვნული და საერთაშორისო საოლიმპიადო გუნდების მომზადება და მხარდაჭერა სწორედ ტექ ოლიმპიადების ჰაბის ფარგლებში ხორციელდება. ჰაბი თიბისის მხარდაჭერით ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ბაზაზე ფუნქციონირებს და მისი მიზანია ახალგაზრდა ტალანტების აღმოჩენა, მათი სისტემური გაძლიერება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ღირსეული წარმომადგენლობა.
საქართველოს ნაკრების ოლიმპიადისთვის მომზადებასა და სპეციალური სასწავლო პროგრამის შექმნაზე საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ (GAIA) იზრუნა. რვათვიანი ინტენსიური მომზადების პროცესმა მოსწავლეებს საშუალება მისცა, საფუძვლიანად შეესწავლათ ხელოვნური ინტელექტი და საერთაშორისო ოლიმპიადისთვის საჭირო თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები განევითარებინათ.
ეროვნული AI ოლიმპიადის და საქართველოს ნაკრების მთავარი მხარდამჭერია TBC - თიბისი.
ჰაბის პარტნიორები არიან: UN Women Georgia, EPAM Georgia, Lineate Georgia, Tech Association of Georgia, McDonald's Georgia, BLOX • ბლოქსი.