Get All Access for $5/mo

განუწყვეტლივ ნუ იმეორებთ "რა იქნება, თუ?" როგორ უნდა გადავლახოთ სირთულეები

By Jason Piper

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ოდესმე რაიმე თუ გაგიფუჭებიათ და შემდეგ მუდამ იმაზე ფიქრში თუ გაგიტარებიათ დრო, როგორ შეგეძლოთ უკეთ გაგეკეთებინათ? − ეს აუცილებლად უნდა მეთქვა. ეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა.

ფსიქოლოგებს სახელი აქვთ შერჩეული ამ მოვლენისთვის და ეს არის "კონტრფაქტული აზროვნება". თავისი არსით, ეს არის ფიქრი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო. ანტრეპრენერები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან მის მიმართ.

"როგორც ჩანს, არსებობს კონტროლის გრძნობა და იმის განცდა, რომ თქვენს ბედზე თავადვე ხართ პასუხისმგებელი, და ეს კონტრფაქტულ აზროვნებასთანაა დაკავშირებული", − ამბობს ემი სამერვილი, ფილოსოფიის დოქტორი, სოციალური ფსიქოლოგი, რომელიც სინანულის გრძნობას იკვლევს, − "თუ ისეთი მსოფლმხედველობა გაქვთ, რომელიც, ჩემი აზრით, თითქმის აუცილებელია ანტრეპრენერობისთვის, ეს გიბიძგებთ თქვათ: "ოჰ, მე უნდა გამეკონტროლებინა ეს საკითხი, ან მის შესაცვლელად სხვანაირად უნდა მოვქცეულიყავი".

მეცნიერები კამათობენ, რატომ ვაკეთებთ ამას, მაგრამ ბევრს მიაჩნია, რომ ეს სწავლის გვერდითი პროდუქტია. ჩვენი ტვინი წარუმატებელი გამოცდილებიდან იღებს გაკვეთილებს და შემდეგ ჩაკეტილ წრეში ხვდება. იმის გამოყენების სურვილი გვაქვს, რაც ვისწავლეთ, იმაზე, რაც უკვე მოხდა. მაგრამ სამერვილი ამბობს, რომ შესაძლოა ვცდებოდეთ, თუ ვფიქრობთ, რომ ვიცით, რა მოხდა არასწორად.

"ადამიანებს, როგორც წესი, იმაზე აქვთ გამახვილებული ყურადღება, რაც მოვლენების სერიაში თავიდან ან ბოლოს ხდება", − ამბობს ის. ამის კლასიკური მაგალითია კალათბურთი: თუ მოთამაშემ ბურთი დროის ამოწურვამდე ვერ ჩააგდო და მისი გუნდი წააგებს, ადამიანები ხშირად ფიქრობენ, რომ ამ მოთამაშემ წააგო თამაში. მაგრამ ასე არ არის. თამაში ცუდად დამთავრდა იმის გამო, რომ ბევრმა კალათბურთელმა, ბევრჯერ, ბევრი ბურთი ააცილა კალათს.

თუ ჩვენ დიდი პრობლემის მხოლოდ ერთ ნაწილს ვაფიქსირებთ, შესაძლოა შანსი გავუშვათ ხელიდან, ან თვითგვემა დავიწყოთ გადაუჭრელი პრობლემის გამო. როდესაც ბიზნესი ჩაძირვას იწყებს, მაგალითად, დამფუძნებელი შეიძლება შეპყრობილი იყოს იმაზე ფიქრით, თუ რას შეეძლო მისი გადარჩენა. სინამდვილეში, შესაძლოა... არაფერს.

"ბევრი კომპანია იხურება, თუმცა იმიტომ არა, რომ ადამიანებმა ცუდი არჩევანი გააკეთეს", − ამბობს ის, − "უბრალოდ, საქმეები კარგად ვერ წავიდა იმ უზარმაზარი ძალების არსებობის გამო, რომელთა გაკონტროლება და პროგნოზირება შეუძლებელი იყო".

მაშ, რა უნდა გავაკეთოთ იმაზე ფიქრით შეპყრობის ნაცვლად − "რა იქნებოდა, თუ?". ფსიქოლოგებს რამდენიმე იდეა აქვთ იმ შემთხვევისთვის, როდესაც მარტივი გამოსავალი არ არსებობს.

"ეს ცოტა არ იყოს სასაცილოდ ჟღერს", − ამბობს ჯონ ვ. პეტროჩელი, დოქტორი, უეიკ ფორესტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი, − "მაგრამ ეშმაკურად უნდა მოიქცეთ და სხვა კონტრფაქტებიც უნდა განიხილოთ".

როგორც პეტროჩელი ამბობს, როდესაც საკუთარ თავს რაღაცას ვუმეორებთ, რაც ჯერ არ მომხდარა, ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს ეს სინამდვილე იყოს. ამას იწვევს ფენომენი, რომელსაც განმეორებებით გამოწვეული მეხსიერება ჰქვია. საქმე ისაა, რომ რაც უფრო ბევრჯერ მეორდება რაიმე, და მეტად აშკარად ჩნდება შეგრძნება, რომ ეს სინამდვილეა, მით უფრო ადვილია მისი დამახსოვრება. ამიტომ ვრცელდება ასე მარტივად დეზინფორმაცია. მისი თქმით, ამის საპირისპიროდ, ბევრი სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ. როგორ შეიძლებოდა ჩვენი ისედაც ცუდი მდგომარეობა უფრო მეტად გაუარესებულიყო? როგორ მიგვიყვანდა განსხვავებული გადაწყვეტილებები სხვადასხვა შედეგამდე?

სამერვილი ამბობს, რომ თქვენი შეხედულების შეცვლაც სასარგებლოა. ოლიმპიური სპორტსმენების კვლევები სასარგებლო იდეებს გვთავაზობს. როდესაც ადამიანებს ოლიმპიურ მედალოსანთა შეფასებას სთხოვენ, რომლებიც კვარცხლბეკზე დგანან, კერძოდ, რამდენად ბედნიერები ან იმედგაცრუებულები ჩანან ისინი, თანმიმდევრული შედეგები მიიღება: ბრინჯაოს მედალოსნები ბევრად ბედნიერები ჩანან, ვიდრე ვერცხლის მედალოსნები. რატომ? იმიტომ, რომ ვერცხლის მედალოსნები იმაზე ფიქრობენ, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ოქროსთან, ხოლო ბრინჯაოს მედალოსნები იმაზე ფიქრობენ, რომ საერთოდ ახლოსაც არ იყვნენ გამარჯვებასთან.

დიახ, იქნებ ამ ჯერზე არ გამოგივიდათ, მაგრამ ხომ მაინც სჯობდა შეხვედრაზე დასწრება? ყოველ შემთხვევაში, გამოცდილებას შეიძენდით, და შემდგომში უკეთ მორგებას შეძლებდით. "შორს გაიხედეთ, ხუთი წლის შემდეგ", − ამბობს სამერვილი, − "როგორ ფიქრობთ, რა უნდა გესწავლათ ამ წამიდან, ან საერთოდ, არის ეს ის, რაც საერთოდ გაინტერესებთ?"

როდესაც ასე ფიქრობთ, თქვენ კონტრფაქტებს ეწინააღმდეგებით.