Get All Access for $5/mo

გარემოს პლასტმასით დაბინძურება - როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ ამ პრობლემას?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყოველწლიურად, დედამიწაზე ადამიანები 400 მილიონ ტონა პლასტმასას მოიხმარენ. შედეგად, ეს ნივთიერება პლანეტის დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ გამომწვევ ფაქტორად იქცა.

გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის ინფორმაციით, 60 წამის განმავლობაში გლობალურად 1 მილიონი პლასტმასას ბოთლი იყიდება, ყოველწლიურად კი მოსახლეობა 5 ტრილიონ პოლიეთილენის პარკს მოიხმარს. ეს პროდუქტები ერთჯერადი გამოყენებისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოხმარების შემდეგ ისინი ნარჩენებად იქცევა და გარემოში ხვდება.

პლასტმასით დაბინძურების მთავარი გამომწვევი ფაქტორები

ჩვენი ყოველდღიური მოხმარების პროდუქტები გარემოს პლასტმასით დაბინძურების მთავარი შემადგენელი და გამომწვევი ფაქტორია.

გიფიქრიათ, რა დრო სჭირდება სიგარეტის ნამწვის დაშლას? 60 წამის განმავლობაში დედამიწას 10 000 სიგარეტის ნარჩენი ანაგვიანებს, რომლის დაშლის პერიოდი 3 თვიდან 15 წლამდე მერყეობს. ამის მიზეზი სიგარეტის ფილტრში შემავალი 0,2 გრამი პლასტმასაა, რაც საშუალოდ ყოველწლიურად გარემოში მოხვედრილ 1,1 მილიონ ტონა პლასტმასის ნარჩენს ნიშნავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ნამწვი არ მოხვდეს გარემოში და მოთავსდეს ნარჩენებისთვის გამოყოფილ ურნაში.

უფრო მეტიც, გლობალურად, ყოველწლიურად 500 მილიარდი ერთჯერადი პლასტმასის ჭიქა გამოიყენება. ყველაზე ხშირად გამოყენებადია წყლის და ყავის ერთჯერადი ჭიქები. წყლის ერთჯერად ჭიქას, დასაშლელად 30 წელი, ხოლო ყავის ერთჯერად ქაღალდის ჭიქას 50 წელი სჭირდება, რადგან ის ქაღალდისგან არ არის დამზადებული. მას შიგნით პოლიმერული საფარი აქვს, რომელიც სითხის გაჟონვისგან იცავს და გადასამუშავებლად სპეციალური დანადგარი ესაჭიროება.

ხშირად გვსმენია, რომ გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი ფაქტორი პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლებია.

დედამიწაზე წამში 160 000 პოლიეთილენის პარკი მოიხმარება, თითოეულის დაშლას კი 200-დან 1000 წლამდე სჭირდება. საინტერესოა, რომ პოლიეთილენის პარკები 1965 წელს შეიქმნა, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეისთვის არც ერთი პარკი, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში წარმოებულა, სრულად არ დაშლილა.

ამასთან, ყოველ წუთს მსოფლიოში 1 მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება, რის შედეგადაც, ყოველწლიურად 8 მილიონ ტონაზე მეტი პლასტმასის ბოთლი ოკეანეში ხვდება. ამ პროდუქტის სრულად დაშლას კი 450 წელი სჭირდება.

აღნიშნული პროდუქტები ჩვენი ყოველდღიური მოხმარების საგნების მხოლოდ ნაწილია, თუმცა, გვაძლევს საშუალებას, წარმოვიდგინოთ ჩვენი არჩევანის შედეგების მასშტაბები.

რა საფრთხეს ატარებს პლასტმასის ნარჩენი ცოცხალი ორგანიზმებისთვის?

როგორც აღვნიშნეთ, პლასტმასის ნარჩენების დაშლას - იქნება ის მდინარეში, ოკეანეში, თუ მიწაზე - ასწლეულები სჭირდება. უფრო მეტიც, ისინი სრულად არასდროს ქრება, არამედ სულ უფრო და უფრო მცირე ნაწილაკებად იშლება. ასე წარმოიქმნება მიკროპლასტმასა - მიკროსკოპული ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ორგანოებში ილექება.

ყოველწლიურად ადამიანების ორგანიზმში 22 000 000 მიკრო და ნანოპლასტმასის ნაწილაკი ხვდება საკვებიდან, წყლიდან, ჰაერიდან.

მიკროპლასტმასა აღმოაჩინეს ადამიანების ფილტვებში, ღვიძლში, ელენთაში… აღნიშნული ნივთიერების ადამიანის ორგანიზმზე ზეგავლენის სრული შედეგები ჯერჯერობით უცნობია. მიკროპლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს ცხოველებშიც.

როგორ უნდა გავუმკლავდეთ აღნიშნულ პრობლემას?

გაეროს რეკომენდაციით, საჭიროა, მოხდეს არასაჭირო პლასტმასის პროდუქტების მოხმარების ჯაჭვიდან ამოღება, ახალი, ინოვაციური პლასტმასის პროდუქტის წარმოება, რომელიც ხელს შეუწყობს პროდუქტების გადამუშავებას და მათ ხელახალ გამოყენებას.

პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი წილი მოდის კომპანიებზეც - მათ შეუძლიათ ჩაანაცვლონ პლასტმასის შემცველი შეფუთვები და საკუთარი ბიზნეს მოდელი მოარგონ მდგრად და ინოვაციურ მიზნებს.

თუმცა, ამ პროცესში ადამიანების ინდივიდუალური პასუხისმგებლობა გადამწყვეტ როლს ასრულებს. ადამიანების ყოველდღიური ჩვევები და გადაწყვეტილებები ყოველდღიურობას განსაზღვრავს - მრავალჯერადი პარკის გამოყენება, პლასტმასის ბოთლის მინის ან ალუმინის ქილით ჩანაცვლება, პლასტმასის საწრუპების გამოყენებაზე უარის თქმა, ნარჩენების გადამუშავება. ზემოთ ჩამოთვლილი გადაწყვეტილებები, ჩვენ მიერ განხორციელებული ქმედებების მხოლოდ ის მცირე ნაწილია, რომელიც შეიძლება დიდი ცვლილების განმაპირობებელი ფაქტორი გახდეს.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია