გავლენის ძალა სტრატეგიულ კომუნიკაციაში დაფიქრებულხართ, რა ზეგავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეთ ან თავად როგორ ახდენთ გავლენას სხვებზე?!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"დადებითი გავლენა მაშინ იწყება, როცა სხვები ხვდებიან, რომ თქვენ ზეგავლენის ქვეშ მოექეცით, ანუ გრძნობენ, რომ გესმით მათი, რადგან ყურადღებით და გულწრფელად უსმენთ და ღიად გამოხატავთ მიმღებლობას", სტივენ რ. კოვი

დაფიქრებულხართ, რა ზეგავლენის ქვეშ შეიძლება აღმოჩნდეთ ან თავად როგორ ახდენთ გავლენას სხვებზე?! შესაძლოა გსმენიათ გავლენის სხვადასხვა ტაქტიკის შესახებ, თუმცა აანალიზებთ თუ არა, ზემოქმედების შემდგომ რა რეაგირებას ახდენენ ადამიანები და რამდენად ბუნებრივია თავად თქვენი რეაქციები სხვების ზეგავლენით?

Entrepreneur-ის ერთ-ერთ წინა სტატიაში - "კრიტიკულ აზროვნება, როგორც კომპეტენციის ბირთვი", ვისაუბრე დარწმუნების ხელოვნებაში გამოყენებული უნარების ნაკრებზე და ურთიერთობის ოქროს წესებზე, რომელიც გავლენის ფსიქოლოგიის ფუძემდებელმა, ამერიკელმა ფსიქოლოგმა, რობერტ ჩალდინმა ჩამოაყალიბა ასერტულობისა და ქცევის ეთიკურობის უზრუნველსაყოფად.

ჩალდინი სამართლიანად არის აღიარებული "გავლენის ნათლიად". მისი მრავალწლიანი სამეცნიერო კარიერა დარწმუნების ფსიქოლოგიის სიღრმისეულ კვლევებს ეთმობა, ხოლო ამ თემაზე დაწერილი წიგნი კლასიკური ნაშრომია ადამიანის ქცევის ფუნდამენტური პრინციპების შესახებ.

ლიდერობით, ორგანიზაციული თუ პიროვნული განვითარებით დაინტერესებულ მკითხველს, განსაკუთრებით სტარტაპერებს, ანტრეპრენერებს, ასევე, ახალგაზრდებს, ვფიქრობ, გამოადგება ჩალდინისეული ხედვა, როგორ აისახება პოზიტიური გავლენა სიტყვებზე, ქცევასა და ქმედებებზე. წარმოგიდგენთ მარტივ სტრატეგიას, რომელიც მნიშვნელოვნად ამაღლებს გავლენის ეფექტიანობას:

გარშემო მყოფების მხარდაჭერა - ყოველთვის წაახალისეთ სხვები საკუთარი მიზნებისა და ოცნებების ასრულებისთვის თავდაჯერებულობის გასამყარებლად.

როლური მოდელირება - წარმოაჩინეთ და გააძლიერეთ ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სიკეთე, პატიოსნება, მედეგობა.

ემპათია და გაგება - მოუსმინეთ და გაიგეთ, რას განიცდიან სხვები, რა არის მათი მისწრაფებები, სურვილები და შექმენით ურთიერთნდობის ატმოსფერო.

კონსტრუქციული უკუკავშირი - შეაფასეთ კრიტიკული ობიექტურობით და მეგობრული ტონით შესთავაზეთ ზრდა-განვითარებაზე ორიენტირებული რჩევები.

პოზიტიურობის გამოვლენა - მუდმივად გაავრცელეთ ოპტიმისტური და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება ჯანსაღი ურთიერთობის შესანარჩუნებლად.

ცვლილებების შთაგონება - პირადი მაგალითებით აჩვენეთ სწორი არჩევანის როლი კეთილდღეობაზე ზრუნვის ხელშემწყობი ძვრების ადვოკატირებისთვის.

რაც შეეხება ლიდერული ზეგავლენის ტაქტიკებს, საკვანძო ფაქტორებია ლეგიტიმურობა, გონივრული დარწმუნება, პერსონალური მოწოდებები და აღმაფრთოვანებელი ქმედებები. ზოგადად, რბილი გავლენის ტაქტიკა გულისხმობს ზემოქმედებისას ადამიანების შთაგონებას, სურვილის აღძვრას და თვითმოტივაციის ამაღლებას; ხოლო მძიმე გავლენის ტაქტიკა ორიენტირებულია, ადამიანებს ან/და პროცესებს მისცეს ერთგვარი ბიძგი კონკრეტული მიმართულებით სამოქმედოდ.

ლიდერობის გამოვლენისთვის წარმატებული ნაბიჯების გადასადგმელად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, გავლენის რომელი სტილია გამოყენებული. "ჰარვარდ ბიზნესრევიუს" ერთ-ერთ გამოცემაში კორპორაცია Discovery Learning-ისა და Innovative Pathways-ის მმართველი პარტნიორები სწორედ ამ საკითხებზე მსჯელობენ და ეფექტური ლიდერობისთვის გავლენის მომხდენი ფაქტორების დასაზუსტებლად დამხმარე შეკითხვების მეშვეობით გვიზიარებენ რჩევებს, გავლენის 5 სტილიდან როგორ შევარჩიოთ ჩვენთვის სახასიათო მიდგომა.

პირველი სტილი არის გონივრული გადაწყვეტილება, ხოლო დამაზუსტებელი შეკითხვებია: ვეყრდნობით თუ არა ლოგიკას, ფაქტებს, არგუმენტირებულ მსჯელობას საკუთარი იდეების წარმოსაჩენად? ვიყენებთ ლოგიკურად დასაბუთებულ ცოდნა-გამოცდილებას სხვების დასარწმუნებლად?!

სტილი ასერტული კომუნიკაცია - მის გადასამოწმებლად ვკითხოთ საკუთარ თავს: ვცდილობთ დავუმტკიცოთ სხვებს, რომ მოგვისმინონ და განიხილონ ჩვენი იდეები იმ შემთხვევაშიც, თუკი ისინი არ გვეთანხმებიან? ვეკამეთებით თუ ვახდენთ მტკიცებულებებით ზეწოლას, რათა გაითვალისწინონ ჩვენი მოსაზრება. რამდენად ვეყრდნობით თვითდაჯერებულობას, პირად პასუხისმგებლობას, წესებსა და კანონებს გარშემო მყოფებზე გავლენის მიზნით?!

მოლაპარაკების წარმოება - ამ სტილის განსაზღვრისას მიზანშეწონილია დავადგინოთ, ვეძებთ თუ არა კომპრომისებს და რამდენად მივდივართ დათმობებზე, რათა მივაღწიოთ ჩვენი ინტერესების დამაკმაყოფილებელ შედეგს. მზად ვართ შევევაჭროთ უფრო დიდი მიზნების მისაღწევად?! საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია გადავდოთ დისკუსია შესაფერის დრომდე?

მომდევნო სტილია შთაგონების მიცემა - გადავამოწმოთ, რამდენად ვცდილობთ მისიის გაზიარებით დადებითად განვაწყოთ და მოვუწოდოთ ჩვენს პოზიციაზე დათანხმება. საერთო ინტერესებზე თანხმობის წახალისებისთვის ვიყენებთ მამოტივირებელ ფრაზებს, შთამაგონებელ ამბებს, აღმაფრთოვანებელ მეტაფორებს?

დაბოლოს, ხიდის ფუნქცია - ამ სტილის გამოსავლენად დავაკვირდეთ, როგორ ვახდენთ ზემოქმედებას: ვეყრდნობით ორმხრივობას, მხარდამჭერების ჩართვას, გაერთიანებულ კონსულტაციებს? ვცდილობთ თუ არა რაიმე კავშირის ან კოალიციის შექმნას და ვიყენებთ თუ არა პირად კონტაქტებს ჩვენს პოზიციაზე თანხმობის მისაღწევად?!

გავლენის საკითხებზე მსჯელობისას ცალკე განხილვის საგანია მისი როლი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. აქვე განვმარტავ, რომ საზოგადოებრივი აზრი ყალიბდება და ვითარდება ან მიზანმიმართულად, მასობრივ შეგნებაზე პოლიტიკური ინსტიტუტებისა და სოციალური ორგანიზაციების ზემოქმედებით, ან სპონტანურად - ცხოვრებისეულ გარემოებათა, კონკრეტული გამოცდილებისა და ტრადიციების უშუალო გავლენის შედეგად.

საზოგადოებრივი აზრის შესწავლის დანიშნულებაა ფაქტის, მოვლენისა ან პრობლემის შესახებ ადამიანთა დამოკიდებულების დადგენა და ადეკვატური შეფასება. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ გარკვეული ძალების ზეგავლენით ის შეიძლება დაეყრდნოს რეალისტურ ან მცდარ მოსაზრებებს. რამდენადაც სოციალური მედია ერთ-ერთი ნაკლებკონტროლირებადი სივრცეა, ხშირად ხდება მისი გამოყენება დეზინფორმაციის, ყალბი ამბებისა და ჭორების გავრცელების სწრაფ პლატფორმად, რამაც შესაძლოა საზოგადოებრივ აზრს სერიოზული საფრთხე შეუქმნას.

ამ კონტექსტში საყურადღებოა ტრადიციული მედიის როლი, განსაკუთრებით ოფიციალური მედიასაშუალებების პასუხისმგებლობა, რამდენადაც მედიის წარმომადგენლები საზოგადოებაში ნდობითა და ავტორიტეტით სარგებლობენ. მათ კეთილსინდისიერებასა და ეთიკურ ქმედებებზე დიდად არის დამოკიდებული, როგორ გაშუქდება ან წარმოჩინდება კონკრეტული მოვლენა, ფაქტი, პიროვნება, ორგანიზაცია და ეს რა გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე. თავის მხრივ, საზოგადოების უუნარობა, ობიექტურად გაანალიზოს მომხდარი ამბავი თუ რომელიმე ცნობილი პიროვნების, ბიზნეს ან პოლიტიკური ლიდერის გამოსვლა, ასევე, განაპირობებს არაადეკვატურ სუბიექტურ რეაქციებს, ემოციურ განწყობებსა და სტერეოტიპებს. საზოგადოებრივი აზრის ავთენტურობის უზრუნველსაყოფად და მოსახლეობის ფართო მასებზე ნეგატიური გავლენის თავიდან ასარიდებლად, მიზანშეწონილია მეინსტრიმ მედიის სტანდარტიზება ქცევის ეთიკური ნორმების, პირადი პასუხისმგებლობისა და მიუკერძოებელი, ობიექტური მიდგომების დამკვიდრებით.

ჯანსაღი საზოგადოებრივი აზრის დასაცავად აუცილებელია მოქალაქეებს ჰქონდეთ მაქსიმალური წვდომა ზუსტ, სანდო ინფორმაციაზე. "გალაპი" ან სხვა ცნობილი კვლევითი ინსტიტუტები, რომლებიც წარმოადგენენ ფაქტების საიმედო წყაროს, გვაწვდიან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით ჩამოყალიბებულ შეხედულებას არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების შესაძლო გზებზე. ისინი მუდმივად ატარებენ კვლევებს, ბრიფინგებს, ფორუმებს, რეპორტაჟებს. მათი მონაცემების მიხედვით განისაზღვრება საზოგადოების დამოკიდებულება, სწორი პრიორიტეტები და ქცევითი მისწრაფებები.

შესაჯამებლად გეტყვით, რომ სტატიაში მოკლედ მიმოვიხილე გავლენის ფსიქოლოგიის ფართომასშტაბური ასპექტები, რათა ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ ზემოქმედების ბერკეტებზე. მათი სათანადო გაანალიზება გვეხმარება სტრატეგიული კომუნიკაციის მიზნის მიხედვით გამოვიყენოთ გავლენის ძირითადი პრინციპები და ვიმოქმედოთ შესაბამისი სტილითა თუ ტაქტიკით.

მაკო ჯაოშვილი

ალტერბრიჯის პროფესორი, სტრატეგიული კომუნიკაციის ექსპერტი

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი