გემრიელი შესვენება და სახლური გემოების ნოსტალგია – "კაფე სორელეს" ისტორია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბიზნესის დაწყება, განსაკუთრებით კი ისეთ მაღალკონკურენტულ გარემოში, როგორიც კვების ინდუსტრიაა, დიდ გამბედაობას მოითხოვს. სწორედ ასეთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა "კაფე სორელე", ადგილი, რომელიც მიონის ბიზნესცენტრში მდებარეობს და მომხმარებლებს არა მხოლოდ გემრიელ შესვენებას, არამედ ბავშვობის გემოების გახსენებასაც სთავაზობს.

კომპანიის დირექტორი, სოფიკო ბოსტოღანაშვილი, გვიყვება იმ გზაზე, რომელიც იდეიდან რეალურ ბიზნესამდე გაიარა.

"კაფე სორელეს" მთავარი მისია იმ ადამიანებზე ზრუნვაა, რომლებიც დღის განმავლობაში დატვირთულ სამუშაო რეჟიმში არიან. ჩვენ გვაქვს კაფე მიონის ბიზნესცენტრში, რომელიც ზრუნავს არსებულ და მიმდებარე ლოკაციებზე მყოფი ადამიანების გემრიელ შესვენებაზე. ჩვენ ასევე გვაქვს საკონდიტრო ხაზი, რომელიც სახლური გემოების ნოსტალგიას აღვიძებს", აღნიშნავს სოფიკო.

სოფიკო ბოსტოღანაშვილისა და შორენა ჯანხოთელისთვის ეს პირველი ბიზნესსაქმიანობა იყო, რაც ბუნებრივია, გარკვეულ რისკებსა და შიშებთან იყო დაკავშირებული. გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ ყოფილა, თუმცა სურვილმა და იდეამ გაბედულებას მისცა გზა.

"ორივე დამფუძნებლისთვის საკმაოდ სარისკო იყო ამ ნაბიჯის გადადგმა, რადგან პირველი ბიზნესი იყო ერთ-ერთ მაღალ კონკურენტულ და რთულ სფეროში", იხსენებს სოფიკო Entrepreneur-თან ინტერვიუში.

ნებისმიერი სტარტაპისთვის გამოცდილების ნაკლებობა ერთ-ერთი მთავარი ბარიერია. "სორელეს" შემთხვევაშიც, მთავარი სირთულე სწორედ ინდუსტრიის სპეციფიკის არცოდნა იყო. თუმცა გუნდმა გამოსავალი მომხმარებელთან მჭიდრო კომუნიკაციაში იპოვა.

"კვების და მომსახურების სფეროში გამოცდილების არქონა იყო მთავარი გამოწვევა, მაგრამ მალევე დავიმსახურეთ მომხმარებლების დადებითი შეფასებები და მუდმივად ვსწავლობთ ჩვენი მომხმარებლების უკუკავშირზე".

დღეს კომპანიის მამოძრავებელი ძალა ხარისხისადმი რწმენა და განვითარების დაუოკებელი სურვილია. როგორც შორენა ამბობს, ისინი საქმეს განსაკუთრებული ენთუზიაზმით უდგებიან:

"საკუთარ საქმიანობას სხვა მოტივაციით ვუდგებით და ჩვენი ენერგიის 200%- ვდებთ მის განვითარებაში, რადგან დარწმუნებულები ვართ ხარისხსა და განვითარების შესაძლებლობებში".

რაც შეეხება სამომავლო ხედვას, "კაფე სორელე" გაჩერებას არ აპირებს. უახლოესი ერთი წლის გეგმები საკმაოდ ამბიციურია და ბიზნესის გაფართოებას ისახავს მიზნად.

"მომდევნო 1 წელიწადში გვსურს გავხსნათ მეორე ლოკაცია, განვავითაროთ სოცმედიაარხები და გავზარდოთ ჩვენი ბიზნესის ცნობადობა", აცხადებს სოფიკო ბოსტოღანაშვილი.