Get All Access for $5/mo

Gen Z-სთვის დროის დაზოგვაზე ორიენტირებული სტარტაპიდან $40-მილიონიან ინვესტიციამდე

By Amanda Breed

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

დილან დაიმონდი "სატურნის" თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორია. მან მაქს ბარონთან ერთად დააფუძნა კომპანია, რომლის მთავარი პროდუქტიც კალენდრის აპლიკაციაა. ისინი კომპლექსურ, დატვირთულ ცხრილებს ადამიანებს უმარტივებენ - მათი მომხმარებლები კი სკოლის მოსწავლეები არიან. დაიმონდმა და ბარონმა აპლიკაცია პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლისას შექმნეს.

- როდის დაიწყეთ პროექტზე მუშაობა, რაც შემდეგ "სატურნად" იქცა და რა იყო შთაგონების წყარო?

2015 წელს შევქმენი პირველი აპლიკაცია, რაც "სატურნის" ერთგვარ საფუძვლად იქცა. მაშინ კონექტიკუტში, სტეპლის სკოლაში ვსწავლობდი. მახსოვს, წლის დასაწყისში ყველას აინტერესებდა, ვინ იქნებოდა მისი კლასელი. სწორედ ამიტომ შევქმენი ცხრილების გაზიარების ფუნქციის მქონე აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ადამიანები სხვების ცხრილებს ნახულობდნენ და იგებდნენ, ვინ იქნებოდა მათი კლასელი ამა თუ იმ გაკვეთილზე.

სტეპლში აპლიკაციამ სწრაფი წარმატება მოიპოვა - 1800 მოსწავლიდან 80% იყენებდა მას ყოველდღიურად. რადგანაც, ფაქტობრივად, ყველა დაემატა აპლიკაციაში, მივხვდი, რომ მისი განვითარება შემეძლო და ის უფრო მეტად დავამსგავსე კალენდარს, რომელშიც ჩვენი ქაოსური ცხოვრება და ყოველდღიურობა მოწესრიგებულად იყო ნაჩვენები. მაშინ აპლიკაცია iStaples-ი დავარქვი. ის ეხმარებოდა სტუდენტებს ცხრილის მართვაში და, ამავდროულად, საშუალებას აძლევდა, გაეგოთ, რომელი კლასები ჰქონდათ მათ მეგობრებს.

ჩემი სკოლისთვის აპლიკაციის შექმნის შემდეგ, თანადამფუძნებელთან ერთად, მსგავსი აპლიკაცია ახლომახლო სხვა სკოლებისთვისაც შევქმენით - ასე დაიწყო "სატურნის" ისტორია.

- როდის გადაწყვიტე უნივერსიტეტში სწავლის დაპაუზება და სრულად "სატურნზე" გადართვა, რა მოტივაცია გქონდა ამისთვის?

მე და მაქსი, "სატურნის" თანადამფუძნებელი, 2017 წელს შევხვდით ერთმანეთს - ორივენი პენსილვანიის უნივერსიტეტის პირველკურსელები ვიყავით. ჩემ მსგავსად, მაქსიც სწავლის პარალელურად სრული დატვირთვით მუშაობდა. ისეთ დიდ კომპანიებს, როგორცაა Beats-ი, T-Mobile-ი, მაქსი მარკეტინგული მიმართულებით კონსულტაციას სთავაზობდა და ახალგაზრდა მომხმარებლებამდე მისვლის მარკეტინგულ სტრატეგიებს უსახავდა. ჩემთან შეხვედრამდე Havas-ში ჰქონდა მუშაობა დაწყებული და დემოგრაფიული თვალსაზრისით საქმიანი წინადადებების მოზიდვაზე მუშაობდა.

ამ პერიოდში iStaples-ი კვლავაც წარმატებულად მუშაობდა ჩემს მშობლიურ სკოლაში - მოსწავლეთა 80% მაინც ყოველდღიური მომხმარებელი იყო. მე და მაქსმა გადავწყვიტეთ, აპლიკაციის გაფართოების პოტენციალი შეგვესწავლა. გაცნობიდან სამ კვირაში კიდევ ერთი სკოლისთვის ჩავუშვით მსგავსი აპლიკაცია და გაშვებიდან 3 საათში ის სკოლის მოსწავლეთა 50%-მა გადმოწერა. ეს ჩვენი იდეის დასტურად მივიღეთ - აპლიკაციაზე მოთხოვნა აშკარად იყო. მალე 17 სასკოლო აპლიკაციამდე გავფართოვდით. ყველაფრის ერთ აპლიკაციაში გაერთიანებამდე არსებული სერვისების გაუმჯობესებაზე დავიწყეთ მუშაობა, აპლიკაციებმა უფრო სწრაფად დაიწყო ოპერირება. სწორედ ამის შემდეგ გაერთიანდა ყველა არსებული აპლიკაცია "სატურნის" სახელის ქვეშ. სახელი რომაული მითოლოგიიდანაა არებული - სატურნი დროის ღმერთია.

როცა 50 სკოლა მოვიცავით, ინვესტორებს შევხვდით კალიფორნიაში - ასე გახდა General Catalyst-ი ჩვენი პირველი "თესლის ჩამყრელი". მალევე პენსილვანიაში დვაბრუნდით და ჩვენი ბინა დავცალეთ, რადგან იმ დროისთვის უკვე ერთად ვცხოვრობდით. ამაზე ბევრი არც გვიმსჯელია. დავტოვეთ უნივერსიტეტები და მთლიანად გადავერთეთ "სატურნზე".

- უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად "ტესლაში" მუშაობდით. ამ მიმართულებით რა და როგორ განვითარდა?

ჯერ კიდევ სწავლის პერიოდში განვავითარე Apple Watch-ისთვის iOS სისტემის აპლიკაცია, რომელიც ძალიან კარგად მუშაობდა "ტესლას" ფუნქციებზეც, სახელადაც Tesla Toolbox-ი ერქვა. მისით კომპანიის მფლობელებიც დაინტერესდნენ, თავად დამიკავშირდნენ და თავიდან სტაჟიორად, შემდეგ კი სრულ განაკვეთზე ამიყვანეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრად.

პენსილვანიაში სწავლისას ფილადელფიაში ვცხოვრობდი, თუმცა სამსახურში სან-ფრანცისკოში ხშირად მიწევდა სიარული. მიუხედავად იმისა, რომ სასწავლებელში ძალიან კარგ პროგრამაზე ვსწავლობდი, მიწევდა "ტესლას" გამო მსხვერპლზე წავსულიყავი და ნიშნებისთვის დიდი ყურადღება არ მიმექცია. მალევე მივხვდი, რომ პროგრამა ძალიან ბევრს მაძლევდა პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებისთვის, მაგრამ არა იმდენს, რამდენსაც ამხელა კომპანიაში მუშაობა. ამიტომაც დიდად საფიქრალიც არ იყო, როგორ მოვიქცეოდი.

- "სატურნისთვის" ფინანსების მოძიება როგორი პროცესი იყო?

2019 წელს General Catalyst-ისა და Coatue-სგან $9მლნ-მდე საწყისი თანხა მივიღეთ. შემდეგ, 2021 წელს, უკვე რამდენიმე სხვადასხვა ინვესტორი დავაინტერესეთ - Insight Partners-ი, Bezos Expeditions-ი, Marc Benioff-ი, Dara Khosrowshahi, Inspired Capital-ი, Sound Ventures-ი, Dylan Field-ი და სხვები. ჯამში $35მლნ-მდე მოგროვდა.

- რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევები, რასთან გამკლავებამა მოგიწიათ?

ამ დროისათვის 19 000-ზე მეტ სკოლასთან ვმუშაობთ. თუმცა, როცა გაფართოება დავიწყეთ, გავაანალიზეთ, რომ ძალიან ბევრი სკოლის განსხვავებული კალენდრების ისე ოპტიმიზაცია მოგვიწევდა, რომ ეს მომხმარებლების გამოცდილებაში ნეგატიურად არ ასახულიყო. რთულია რამდენიმე სკოლასთან თანამშრომლობა, როცა მათ სხვადასხვა კალენდარი, სწავლის გრაფიკი აქვთ და თანაც, ეს ყველაფერი მუდმივად იცვლება. სწორედ ამიტომ, ოპტიმიზაციის სტრატეგიას ორმაგი ძალებით შევუდექით - ვიცოდით, მისი წარმატება პირდაპირ ნიშნავდა უამრავი მომხმარებლის შენარჩუნებას. პარალელურად კი წარმატებული მოდელი მეტ სკოლასთან თანამშრომლობის საშუალება იქნებოდა.

როცა აპლიკაციაში შედიხართ, თქვენი კალენდრის უმცირეს დეტალებსაც კი ნახულობთ. ეს მომხმარებლებისთვის მაგიური გამოცდილებაა.

თუმცა, დამეთანხმებით, საუბარია ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციაზე, რომლის გაანალიზება და გამოყენება დიდ სირთულეებს უკავშირდება. თავდაპირველად ვეყრდნობოდით მომხმარებლების გამოცდილებას - რასაც ისინი ითხოვდნენ, იმას ვცვლიდით. ახლა ეს მონაცემები მომხმარებლებსვე შეჰყავთ აპლიკაციაში. ამას კი იდეალურად გამართული სისტემა და სკოლების სწორი მოცვა სჭირდებოდა.

- "სატურნის" მომავალზე ფიქრისას ყველაზე მეტად რით ხართ აღფრთოვანებული?

ჩვენ შევქმენით კალენდრის გამოყენების უნიკალური გამოცდილება სკოლის მოსწავლეთათვის. აპლიკაცია საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, დაუკავშირდნენ მეგობრებს, დაგეგმონ აქტივობები და მათ ქალაქში საინტერესო ღონისძიებები იპოვონ. გარდა ამისა, კალენდრის დახმარებით მოსწავლეები უფრო მარტივად მართავენ ქაოსურ ცხრილებს და აწესრიგებენ მათ ყოველდღიურობას - ეს კი აკადემიურ წარმატებაზე ახდენს დადებით გავლენას.

ჩვენ, ფაქტობრივად, აღარ ვართ მხოლოდ აპლიკაცია - ეს უკვე სოციალური პროდუქტია. ვამაყობთ, რომ ჩვენი შექმნილი სოცმედიაპლატფორმა, ბაზარზე არსებული სხვა ქსელებისგან განსხვავებით, დროის მართვასა და დაზოგვაზეა ორიენტირებული და არა მის ფლანვაზე.

- ყველაზე მეტად რა გსიამოვნებთ "სატურნზე" მუშაობისას?

როცა პირველი აპლიაცია შევქმენი, მოტივაცია ჩემი და მეგობრების ყოველდღიურობაში პრობლემების მოგვარება იყო. ბოლო წლის მონაცემებით კი 19 000-ზე მეტი სკოლის მილიონამდე მოსწავლე იყენებს "სატურნს" ყოველდღიურად. ვხედავთ, რომ ვქმნით პროდუქტს, რომელიც Gen Z-ის სჭირდება. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ არ გვინდოდა, შეგვექმნა აპლიკაცია, რომელიც ახალგაზრდებს კიდევ ერთ "სასქროლ" სოცქსელად გადაექცეოდა.

- რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, ახალგაზრდებს, ვისაც წარმატებული ბიზნესის დაწყება სურთ?

პროდუქტზე ფიქრისას იფიქრეთ, რომელი პრობლემების მოგვარება გჭირდებათ თავად თქვენ. როცა არსობრივად გესმის პრობლემა და თავადაც მომხმარებელი ხარ, ყველაფერი ბევრად მარტივია. ახლაც კი, როცა ახალი კადრები აგვყავს, ვაკვირდებით, როგორია მათი გამოცდილება სწორედ იმ მიმართულებით, სადაც ვმუშაობთ - აგვარებს ან მოაგვარებდა ჩვენი აპლიკაცია მათ პრობლემას? ესმით, ვინ არიან ჩვენი სამიზნე აუდიტორია და რა სჭირდებათ მათ? გარდა ამისა, დაფიქრდით, ხომ არ აძლევთ თქვენს სამიზნე აუდიტორიას რაღაცას, რაც უკვე არსებობს, თუნდაც ოდნავ განსხვავებული ფორმით. უნიკალურობა მომხმარებლებში ძალიან დიდ უპირატესობას მოგცემთ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ლიდერობა

10 გზა თვითშეფასების ასამაღლებლად

"დაბალი თვითშეფასება ცხოვრებაში ამოწეული ხელის მუხრუჭით გადაადგილებას ჰგავს"