Geo Green - ნიკა კევლიშვილი კომპანიისა და სამომავლო მიზნების შესახებ საუბრობს
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
Geo Green-ის გამოცდილი გუნდი როგორც უძრავი ქონების მეპატრონეებს, ასევე ბინის ყიდვითა თუ ქირაობით დაინტერესებულ მომხმარებლებს, სასურველი შედეგის მიღწევაში ეხმარება.
"ჩვენ ერთგვარი მედიატორის, დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციას ვითავსებთ და ორივე მხარის მოთხოვნებსა და კრიტერიუმებს მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. იდეის გაჩენასა და საქმის რეალურად დაწყებას შორის დიდი მონაკვეთი არ ყოფილა, მთავარი ამ გადაწყვეტილებამდე მისვლა იყო.
როდესაც გადაწყვეტილებას ვიღებ, კონკრეტულ ნაბიჯებსაც მალევე ვდგამ და პროცესს ხელოვნურად არ ვაფერხებ. რაც შეეხება საქართველოში არსებული უძრავი ქონების ბაზარს, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის დასახვეწი და გასავითარებელი. ჩვენი გუნდის მიზანია ამ პროცესში წვლილი შეიტანოს და სფეროს განვითარებას ხელი შეუწყოს", - ნიკა კევლიშვილი, Geo Green-ის დამფუძნებელი, ასევე თანადამფუძნებელი კომპანია "მწვადურასი".
ნიკა ამბობს, რომ როცა რაღაცის გაკეთების სურვილი გაქვს, არასდროს უნდა გადადო და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა იმ მომენტშივე დაიწყო.
"სხვა შემთხვევაში არასდროს მოვა ყველასთვის ცნობილი "ორშაბათი", რომლითაც, რეალურად, ჩვენს თავს ვატყუებთ და ჩვენს მიზნებს უფრო ვშორდებით. ადამიანს საკუთარი თავის რწმენა უნდა ჰქონდეს და თუ ამ ყველაფერს შრომისმოყვარეობას დაუმატებს, შეუძლებელია, წარმატებას არ მიაღწიოს".
ნიკა მიიჩნევს, რომ საკუთარ თავს დაბრკოლებები არ უნდა შეუქმნა, პირიქით, უნდა ირწმუნო, რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია. როდესაც ამ განწყობას შეიქმნი, როდესაც ღამე ვერ დაიძინებ იმაზე ფიქრით, შეუძლებელი როგორ შეძლო და შენს მიზანს როგორ მიუახლოვდე, აუცილებლად ყველაფერი გამოგივა.
"როცა მასშტაბურ პროექტს იწყებ, დაბრკოლებები და წინააღმდეგობები ამ პროცესის თანმდევი ნაწილია. ამ ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და მათ გადასაჭრელად სწორი შეკითხვების დასმა უნდა დაიწყო. იმედგაცრუებისა და სინანულის ნაცვლად, შენს თავს უნდა ჰკითხო, პრობლემა როგორ მოაგვარო. პასუხამდე მისვლის შემდეგ, კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა დასახო და განხორციელება მაშინვე დაიწყო.
ეს ყველაფერი ჩვევად უნდა აქციო და ყოველდღიურობის ნაწილი გახადო. როდესაც რამდენიმე გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდები, თავდაჯერებულობაც მოგემატება და მიზნისკენ სვლას მეტად მოტივირებული გააგრძელებ".
ნიკა აღნიშნავს, რომ ამ საქმის კეთების დროს უდიდეს სიამოვნებას იღებს და ფიქრობს, რომ არ არის მარტივი, ისეთი საქმე იპოვო, რომლის შესრულებაც არასდროს მოგბეზრდება. მიიჩნევს, რომ მხოლოდ მატერიალური ინტერესის გამო მუშაობა ადამიანისთვის უდიდესი წამებაა და ეს შინაგან რეგრესს იწვევს.
"სამსახურში მისვლა დადებით ემოციებთან უნდა ასოცირდებოდეს. ასეთ შემთხვევაში ინდივიდიც და კომპანიაც სწრაფად განვითარდება და შედეგებიც შთამბეჭდავი იქნება. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს თანამშრომლებს ისეთი გარემო შევუქმნათ, სადაც პროგრესი ყველას თვითმიზანი იქნება".
სამოქმედო გეგმებზე წინასწარ არ საუბრობს. სურს, რომ კომპანიის განვითარება დროული და გეგმაზომიერი იყოს.
"მხარს არც ხელოვნურად შენელებულ პროცესს და არც უხარისხო სისწრაფეს ვუჭერ. ჩვენი გუნდი ყველა არსებულ რესურსს იყენებს, რათა "აგური აგურს დაადოს" და კომპანიის ყოველდღიური წინსვლის პროცესი გააგრძელოს.
ჩვენი ამოცანაა, ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა და სანდო კომპანიამ, თავი დავიმკვიდროთ. გვსურს, ხარისხიანი და კომფორტული სერვისი შევქმნათ.
ყველაფერი მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, წარმატებაც და წარუმატებლობაც. საუბრის ნაცვლად, საქმეს უნდა შევუდგეთ და ის შედეგები მივიღოთ, რაც მიზნად დავისახეთ".