Cyber Week Sale! 50% Off All Access

Geo Team - საბა საპანაძის ახდენილი ჟურნალისტური ოცნება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ფოტო: საბა საპანაძე

Geo Team-ის დამფუძნებელმა საბა საპანაძემ 10 წლისამ იცოდა, რომ სპორტული ჟურნალისტიკა აინტერესებდა და ამ სფეროში ხედავდა თავის მომავალსაც. მუშაობაც პატარა ასაკში დაიწყო და როცა ჯერი აკადემიურ განათლებაზე მიდგა, ჟურნალისტიკის სწავლასაც უკვე არსებული 4-წლიანი სტაჟით შეუდგა უნივერსიტეტში.

ქართული ფეხბურთის შესახებ გვერდი საპანაძემ 2019 წელს დააფუძნა. ამბობს, რომ კერპი, როგორც ასეთი, არ ჰყავს. თუმცა, ამაყობს იტალიელ სპორტის ჟურნალისტ ფაბრიციო რომანოსთან მეგობრობით. მისი შთაგონება ინსტაგრამზე არსებული გვერდი 433 გახდა, რომელიც მსოფლიო ფეხბურთის სიახლეებსა და მოთამაშეთა შესახებ ცნობებს აქვეყნებს.

"ვიფიქრე, ამდენ მატჩზე დავდივარ და სადაც ვივლი, იქდან ვიდეოებს ავტვირთავ-მეთქი. დასაწყისში, ვაღიარებ, მხოლოდ სამოყვარულო დონეზე ვფიქრობდი, თუმცა მალევე გვერდმა იმხელა პოპულარობა მოიპოვა, რომ ყველაფერს ძალიან სერიოზული სახე მიეცა", გვიყვება საბა.

ახლა Geo Team მრავალფეროვან კონტენტს ქმნის − Facebook-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე აუდიტორიას ინტერვიუებს, დოკუმენტურ ფილმებსა და სიახლეებს სთავაზობს. ამ პოსტების უკან ოთხი ადამიანი დგას: საბა საპანაძე − გვერდის მფლობელი და კონტენკრეატორი; დიზაინერი − შაკო ოდიკაძე; მემონტაჟე − ვანო მჭედლიშვილი და ოპერატორი − მიშიკო კანკია.

მათ მიერ შექმნილი ვიდეო თუ პოსტის ფორმატის მასალა არ ეხება მხოლოდ სიახლეებსა და ფეხბურთს, როგორც სპორტს. ქართველი მოთამაშეები ხშირად არიან Geo Team-ის ვიდეოებში, რომლებიც გასართობი კონტენტი უფროა, ვიდრე მხოლოდ ინფორმაციული. მაგალითად, ფეხბურთელები კითხულობენ გულშემატკივრების კომენტარებს და პასუხობენ მათ, ცდილობენ იცნონ თანაგუნდელები მხოლოდ თვალებით და ა.შ. მსგავსი კონტენტი, როგორც წესი, სპონსორთან ერთად იქმნება.

როგორც საპანაძე ამბობს, არ ახსენდება იმდენად რთული პერიოდი, როცა დანებებაზე ფიქრობდა, მთავარი მამოძრავებელი ძალა კი ყოველთვის მისი აუდიტორია იყო. "გვერდმა მალევე მოიპოვა ისეთი პოპულარობა და ხალხის სიყვარული, რომ ამის უფლება არ მქონდა", − ამბობს საპანაძე.

თუმცა, ცუდად ახსენდება პანდემიის ის მკაცრი პერიოდი, როცა ქვეყანაში და მსოფლიოშიც ყველაფერი გაჩერებული იყო: სპორტული მატჩები, ჩემპიონატები, ნებისმიერი სახის სიახლე − არაფერი არსებობდა. მაგრამ Geo Team არც ასეთ დროს გაჩერებულა და მაქსიმალურად ცდილობდა, მკითხველისა და მაყურებლისთვის კონტენტი მიეწოდებინა.

საპანაძის თქმით, ძირითადად გასართობ მასალაზე მუშაობდნენ − პოსტერები, ფოტოები, გამოკითხვები. ასევე, იხსენებდნენ ქართული ფეხბურთისა და ლეგიონერების ისტორიებს. "ასევე იმას, თუ რას პოსტავდნენ და როგორი იყო ქართველი ფეხბურთელების ცხოვრება კოვიდის პერიოდში", − იხსენებს გვერდის მფლობელი.

ჟურნალისტი ამბობს, რომ ბოლო დროს ქართული აუდიტორიის ინტერესი ფეხბურთის მიმართ გაიზარდა. ჟურნალისტის აზრით, ეს ახალი თაობის ქართველი მოთამაშეების დამსახურებაა − სწორედ მათ დააბრუნეს მაყურებელი სტადიონზე და, შესაბამისად, გაზარდეს ინტერესი ყოველდღიური სიახლეებისადმი.

გაზრდილი ინტერესი კი საბასთვის, როგორც მედიაანტრეპრენერისთვის, რეიტინგში ითარგმნება. აუდიტორიის ჩართულობა ნიშნავს პოსტებისა და კონტენტის მეტ ნახვას, ეს უკანასკნელი კი Geo Team-ს შემოსავალს აძლევს სპონსორების სახით. ამის კარგ მაგალითად საპანაძე Heineken-თან თანამშრომლობას ასახელებს − კომპანია ჩემპიონთა ლიგის ოფიციალური სპონსორია და Geo Team-მა ყურადღება სწორედ იმით მიიქცია, რომ ლიგაზე მოთამაშე ქართველის, ხვიჩა კვარაცხელიას, შესახებ რეიტინგულ კონტენტს ათავსებდა.

საპანაძე Geo Team-ის არსებობის განმავლობაში ნაამბობ გამორჩეულ ამბად სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას ისტორიას ასახელებს − მისმა გვერდმა შესთავაზა კვარასთან, როგორც ნაპოლის ფეხბურთელთან, პირველი ინტერვიუ ქართულ აუდიტორიას. დოკუმენტურმა ფილმმა გვერდის YouTube-არხზე ყველაზე მეტი − 400 ათასამდე ნახვა დააგროვა.

გვერდის დამფუძნებელი ჰყვება, რომ ფეხბურთელს დიდი ხანია იცნობს. მისი თქმით, კვარაცხელიასთან განსაკუთრებით მას შემდეგ დაახლოვდა, რაც ყაზანის "რუბინში" მოთამაშე ქართველს შეკრებებზე აკითხავდა თურქეთში.

ასევე, ჰყავთ საერთო მეგობარი, კიდევ ერთი წარმატებული ქართველი ფეხბურთელი უცხოეთში − ზურიკო დავითაშვილი. "ზურიკო ხვიჩას ბავშვობის ძმაკაცია, მეც 10 წლიდან ვიცნობ მას და ასეთ მომენტში საერთო სამეგობრო ენის გამონახვა ყოველთვის მარტივია".

ფიქრობს, რომ ამხელა წარმატების მიუხედავად, "ნაპოლის" 77 ნომერი ზუსტად ისეთ ადამიანად დარჩა, როგორიც თავიდანვე იყო.

"ისეთივე კეთილი, მეგობრული, ყურადღებიანი და კარგი ადამიანი, როგორც მაშინ, როცა გავიცანი. ყოველთვის ვამბობ, რომ ხვიჩა არის უდიდესი ფეხბურთელი, მაგრამ ჩემთვის უფრო საოცარი ადამიანია, ვიდრე სპორტსმენი. ერთი განსხვავება ისაა, რომ შესაძლ თუ დაურეკავ ან მიწერ მაშინვე ვერ გიპასუხოს, მაგრამ მე მგონი "ნაპოლის" სავარჯიშო დღის განრიგი ზეპირად ვიცი და დაახლოებით ვხვდები, როდისაა ბაზაზე და როდისაა თავისუფალი, ამიტომ ე პრობლემაც თითქმის გადაჭრილია".

საპანაძე ფიქრობს, რომ "ნაპოლის" ქართველი ფეხბურთელი სპორტსმენებისა და, ზოგადად, ყველასთვის კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შედეგი მოაქვს საქმის სიყვარულს, შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს.

"მგონია, რომ წარმატებას უმეტეს შემთხვევაში ერთი ფორმულა აქვს, არა მარტო Geo Team-ის ან კვარას, არამედ სხვების სიტუაციაშიც საქმის სიყვარული და რწმენა იმის, რასაც აკეთებ და რისთვისაც აკეთებ. თუ გჯერა, რომ მიაღწევ, აუცილებლად გამოგივა. მჯეროდა მეც და მჯერა, რომ კიდევ ბევრს მივაღწევ!", − გვეუბნება საპანაძე.

სამომავლოდ Geo Team-ის გუნდის გაფართოებაზე ფიქრობს − საპანაძის თქმით, მთელი გუნდისთვის უფრო გამარტივდება საქმე, თუკი ძირითად მასალაზე მხოლოდ ერთი ჟურნალისტი არ იმუშავებს.

"ცხადია, ბევრი რა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება ქართული ფეხბურთი, ქართველი ფეხბურთელები, და ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად ავყვეთ მათ ტემპში", ამბობს საპანაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

Business News

საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი