გეოგრაფია – იღბლის თუ უიღბლობის გარანტია?! "თუ იცი ქვეყნის გეოგრაფია, შენ იცი მისი საგარეო პოლიტიკა". - ნაპოლეონ ბონაპარტი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

შესავალი

წიგნებს ერთი გასაოცარი თვისება აქვთ: ისინი ინახავენ ინფორმაციას, რომელიც შეგვიძლია პირად გამოცდილებად ვაქციოთ. ჩვენი ყოველდღიურობა ერთი ახალი ამბიდან მეორემდე რიტმულად მიედინება, თუმცა ციფრულ სამყაროში სულ უფრო რთულდება ობიექტური სიმართლის აღმოჩენა. და აქვე ჩნდება კითხვა: სად არის, ან საერთოდ არსებობს რეალობაზე დამყარებული ფაქტები? წიგნი შემთხვევით არ მიხსენებია!

თაროზე ვხედავ პრაღაში ნაყიდ ტიმ მარშალის "გეოგრაფიის ტყვეებს". აპრილის სვეტში სწორედ ამ წიგნსა და კიდევ რობერტ კაპლანის "გეოგრაფიის რევანშზე" მოგიყვებით, მკითხველო. ორივე ავტორი გეოგრაფიას ქვეყნის იღბლის ან უიღბლობის გარანტიად განიხილავს; მათთვის მთები, მდინარეები თუ ბუნებრივი რესურსები ის ძალაა, რომელიც ლიდერთა ქცევასა და სახელმწიფოების ბედს განსაზღვრავს.

რატომ მეორდება ისტორია?

ბრიტანელი ჟურნალისტი, ტიმ მარშალი ამტკიცებს, რომ კოსმოსური ამბიციების ეპოქაშიც კი, კაცობრიობა კვლავ იმავე ბუნებრივი ციხის ტყვეა, რომელშიც ათასწლეულების წინ აღმოჩნდა. პოლიტიკური რუკის ქვეშ მუდამ იმალება ფიზიკური რელიეფი – დაუნდობელი და უსიტყვო მმართველი.

რობერტ კაპლანის "გეოგრაფიის რევანში" ღრმა, ანალიტიკური ტექსტია. ის ისტორიულ მოვლენებს შორის პარალელებს ავლებს და გვაჩვენებს, რომ ფიზიკური გარემო კონფლიქტების საწყისია. კაპლანი ირანის მაგალითზე გვიჩვენებს ამ "ბედისწერას": ირანი ერთადერთი ქვეყანაა რეგიონში, რომლის საზღვრები დღესაც თითქმის ემთხვევა ანტიკური სპარსეთის იმპერიის ბუნებრივ საზღვრებს. ეს არის "ბუნებრივი ციხესიმაგრე", მთებით დაცული, რაც ნებისმიერ რეჟიმს აიძულებს, ერთსა და იმავე გეოპოლიტიკურ გზას გაჰყვეს.

უცვლელი ლანდშაფტი და ცვალებადი ეპოქები

მარშალის თეზისი დაუნდობელია: ლიდერები და იდეოლოგიები გარდამავალია, მთები და უდაბნოები – მარადიული. ლანდშაფტი მმართველებს უტოვებს იმაზე ნაკლებ არჩევანს, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ისტორია მეორდება, რადგან ის, რაც სტრატეგიული იყო ალექსანდრე მაკედონელისთვის, სტრატეგიულად რჩება დღესაც.

თუმცა იქ, სადაც მარშალი დიპლომატიასა და ინდივიდუალურ ნებას თითქმის არაფრად აგდებს, კაპლანი გვეხმარება დავინახოთ კულტურული და ფსიქოლოგიური შრეები. ის გვახსენებს, რომ რუკა მხოლოდ მიწა არ არის, ის ხალხის მეხსიერებაცაა.

ბუნება – ჩუმი მბრძანებელი.

2001 წელს, ავღანეთში ყოფნისას, ტიმ მარშალი საკუთარი თვალით აკვირდებოდა, როგორ გადააქცია ქმედუუნაროდ მძვინვარე ქვიშის ქარიშხალმა უმძლავრესი ამერიკული სამხედრო მანქანა:

"იმ დღეს ჰორიზონტი მდოგვისფერმა მტვერმა დაფარა. ამერიკული არმიის ზეზუსტი ტექნოლოგია სტიქიის წინაშე უმწეო აღმოჩნდა. ყველაზე თანამედროვე ჯარსაც კი მოუწია ლოდინმა, სანამ ცა გაიწმინდებოდა. გეოგრაფია კვლავაც ის ჩუმი მბრძანებელია, რომელიც წესებს ყველაზე ძლიერებსაც კი დაუნდობლად უკარნახებს".

ამ "ჩუმ მბრძანებლობას" კარგად ვხედავთ ახლო აღმოსავლეთშიც. მარშალი აღნიშნავს, რომ "არაბული გაზაფხულის" დროს ისეთ სახელმწიფოებში, რომლებსაც არ ჰქონდათ ბუნებრივი გეოგრაფიული საზღვრები (როგორიც ლიბია ან სირიაა, რომელთა საზღვრები კოლონიურ ეპოქაში სახაზავით დაიხაზა), რევოლუცია მყისიერად გადაიზარდა ტომობრივ ომში. ხელოვნურმა საზღვრებმა ვერ გაუძლო ლანდშაფტის რეალობას.

რას წაიკითხავ?

მარშალის წიგნში დაგხვდება ათი რუკა, რომელიც მარტივად ხსნის მსოფლიო პოლიტიკას. განსაკუთრებით საინტერესოა არქტიკის თავი – აქ ჩანს, როგორ ცვლის კლიმატი მომავლის რუკას.

კაპლანის ნაშრომი კი უფრო ღრმა და ფილოსოფიურია. ის ჰოლივუდური ფილმივით გადაგვიშლის თვალწინ ისტორიულ მოვლენებს, ოღონდ ამას აკადემიური სრულყოფილებით აკეთებს. თუ მოვლენათა მიზეზშედეგობრიობის მარტივი ახსნა გაინტერესებს – მარშალს მიჰყევი, თუ სიღრმეებში ჩასვლა არ გეზარება – შენი მეგზური კაპლანია.

დაბოლოს

ეს წიგნები ყველასთვისაა, ვისაც აინტერესებს, რა იმალება სათაურებს მიღმა. დღეს, როცა ინფორმაციით მანიპულირება ასე მარტივია, გეოგრაფია და ისტორიული ფაქტები რჩება იმ მყარ საყრდენად, რომელსაც მარტივად ვერც შეცვლი და ვერც გადაწერ. ის, რასაც ეკრანებიდან გვიყვებიან, ხშირად საერთოდ არ შეესაბამება რეალობას. ამიტომ არის აუცილებელი ვიცოდეთ ქვეყნების მდებარეობა და მათი რესურსები – ეს გვეხმარება, ვიყოთ არა მხოლოდ ინფორმაციის მომხმარებლები, არამედ გამგებლები.

ეს წიგნები არ გვთავაზობენ უპირობო ჭეშმარიტებას, პირიქით, გვიტოვებენ სივრცეს ფიქრისთვის, ანალიზისთვის, კამათისთვის. ორივე ავტორის პირადი გამოცდილება კი ტექსტს აცოცხლებს და მონათხრობს დამაჯერებელს ხდის. ამდენად, ეს არის ისტორიები იმ გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ, რათა უკეთ დავინახოთ ის მასშტაბები, რომლებსაც რუკები გვიხსნიან.

იმედი მაქვს, ეს წიგნები შენზეც წარუშლელ შთაბეჭდილებას მოახდენს და თუ ასე იქნება, გთხოვ, გამიზიარო შთაბეჭდილებები: mariamg@bubblhead.ge

გამომცემელი, გამომცემლობა „ბაბლჰედი“