ღირებულებების ერთგულება, რომელიც ბიზნესად იქცა – ლიკა ცინცაბაძის წარმატების გზა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სამართლის მაგისტრი, ბიზნესიურისტი, მენტორ-ადვოკატი, საერთაშორისო სპიკერი ბიზნეს და საგადასახადო სფეროში – იურიდიულ კომპანია Nomos Georgia-ს დამფუძნებლის, ლიკა ცინცაბაძის რეგალია საკმაოდ ვრცელია. ამბობს, რომ ანტრეპრენერობა მხოლოდ კარიერული არჩევანი არ ყოფილა და ეს მისთვის პრინციპული გადაწყვეტილება იყო. თავისი გამოცდილებით, განხორციელებული პროექტებითა და პროფესიული ხედვით ლიკა ცინცაბაძე შესაძლოა ინსპირაციად იქცეს იმ ქალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საკუთარ საქმეს და მიუხედავად გამოწვევებისა, კარიერულ გზაზე გაბედულად მიდიან.

"ჩემი მიზანია, საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სანდო და პროგრესულ სამართლებრივ გარემოდ იქცეს", – ამბობს ლიკა ცინცაბაძე. სწორედ ამ მისიით დააარსა კომპანია Nomos Georgia – რათა საქართველოში ბიზნესის წარმოებისა და ინვესტიციისთვის ხელსაყრელი გარემოსთვის შეეწყო ხელი. Nomos Georgia-ს მიზანია, იურიდიული მხარდაჭერა ბიზნესისთვის გახდეს გაცილებით მეტი, ვიდრე პროცედურული მომსახურება. კომპანია ემსახურება კონკრეტულ საჭიროებას: უცხოელი ინვესტორებისა და ადგილობრივი ბიზნესების მოთხოვნას, მიიღონ სიღრმისეული, პროგნოზირებადი და სტრატეგიულად გათვლილი იურიდიული გადაწყვეტილებები ისეთ დარგებში, როგორიცაა ბიზნეს და კორპორაციული სამართალი, საინვესტიციო და საგადასახადო, შრომის სამართალი და საერთაშორისო დავები.

პროფესიულ გზაზე ლიკა ცინცაბაძე ნებისმიერ დაბრკოლებას გამოწვევად აღიქვამს. სწორედ ასე ხედავს საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებსაც. ეს მიდგომა ვლინდება Nomos Georgia-ს მართვის დროსაც. ლიკა ცინცაბაძის თქმით, მისი ამოცანაა, იურიდიული მხარდაჭერა აქციოს პლატფორმად, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, სიმშვიდესა და ნდობას.

"იურისტზე ალბათ ყველას ახსენდება ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სასამართლო დავებით ინტერესდებიან, თუმცა ეს ასე არ არის. საქმისადმი სიყვარული დავების პრევენციაშია, ბიზნესისთვის სიმშვიდის შექმნაში, იურიდიული სეგმენტის სრულ დელეგირებაში. ჩემთვის ანტრეპრენერობა მხოლოდ კარიერული არჩევანი არ ყოფილა – ეს იყო პრინციპული გადაწყვეტილება. მინდოდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ისეთი პროფესიული გზა, რომელიც ჩემივე ღირებულებებზე იქნებოდა დაფუძნებული. მინდოდა, რომ სამართალი დამებრუნებინა ბიზნესის სამსახურში და არა პირიქით", – აღნიშნავს ლიკა ცინცაბაძე.

სწორედ ამ ღირებულებებს იზიარებს Nomos Georgia. ის შეიქმნა იმ იდეით, რომ იურიდიული კომპანია შეიძლება იყოს ღირებული პარტნიორი არა მხოლოდ პრობლემის გადაჭრისას, არამედ მისი პრევენციის ეტაპზე.

"ნომოს ჯორჯიას" დაფუძნებით მსურდა, იურიდიული მომსახურება ყოფილიყო თანამედროვე, შედეგზე ორიენტირებული და, რაც მთავარია, კლიენტზე მორგებული", – ამბობს ლიკა ცინციბაძე, რომლის კომპანია დღეს ემსახურება როგორც ინვესტორებს, ასევე ქართველ ანტრეპრენერებსა და კომპანიებს.

ლიკა ცინცაბაძის ისტორია არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დამოუკიდებლობა, სიმამაცე და სტრატეგიული ხედვა გამოწვევებით სავსე სფეროში წარმატების გასაღებად იქცეს. მისი გადაწყვეტილება, დაეფუძნებინა საკუთარი იურიდიული კომპანია, მიზანდასახულობასა და შრომისმოყვარეობასთან ერთად, ღირებულებების ერთგულებასაც მოითხოვდა.

ლიკა ცინცაბაძე:

"ახალგაზრდა ქალის მიერ დამოუკიდებელი იურიდიული კომპანიის დაფუძნება იმ პერიოდში, როდესაც ბაზარი კონსერვატიული იყო და კონკურენტებით სავსე – მოითხოვდა არა მხოლოდ სიმამაცეს, არამედ სტრატეგიულ აზროვნებასა და შეუპოვრობას. რეალობაში, სადაც ბევრი ელოდა, როდის იქნებოდა "სწორი დრო", მე ეს დრო თავად შევქმენი. ამასთანავე, შევძელი მეპოვა ის ნიშა, რაც სხვა იურიდიული კომპანიებისგან გამოგვარჩევდა. NOMOS Georgia-ს დაარსება იყო გზა, სადაც საკუთარი ხედვა და ღირებულებები ბიზნესად ვაქციე. ეს იყო მკაფიო უარი კომპრომისებზე".

ანტრეპრენერული საქმიანობის დასაწყისში ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ნდობის დამსახურება – როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო კლიენტებისგან. NOMOS Georgia-ს დამფუძნებელი ჩვენთან ინტერვიუში იხსენებს, რომ განსაკუთრებით რთული იყო კომპანიის დამფუძნებლებსა და ინვესტორებთან ურთიერთობა, რომელთაც ხშირად გააჩნდათ კონსერვატიული წარმოდგენები იმის შესახებ, როგორი უნდა იყოს მათი იურიდიული წარმომადგენელი. ლიკა ცინცაბაძის კარიერული გზის დასაწყისში გენდერული სტერეოტიპები ხშირად იჩენდა თავს – ხანდახან ღიად, ხანდახან შეფარულად. ამას ახალგაზრდა ასაკიც ემატებოდა. თუმცა პროფესიონალიზმმა, მიღწეულმა შედეგებმა და სერვისის ხარისხმა მთლიანად შეცვალა დამოკიდებულება და ლიკა ცინცაბაძემ გარშემო მყოფებს დაუმტკიცა, რომ ბიზნესისთვის ასაკს და სქესს არ აქვს მნიშვნელობა.

"სტერეოტიპების წინააღმდეგ ბრძოლის საუკეთესო გზა არა კონფრონტაცია, არამედ სიმშვიდე, პროფესიონალიზმი და თავდაჯერებულობაა. ამ პროცესში კი გავიაზრე, რომ ჩემი საქმე უნდა ლაპარაკობდეს ჩემ მაგივრად – და თუ ის საკმარისად ძლიერია, სხვა არც არაფერია დასამტკიცებელი", – ამბობს NOMOS Georgia-ს დამფუძნებელი.

ლიკა ცინცაბაძის სამომავლო გეგმები ვრცელი და ამბიციურია. მას NOMOS Georgia-ს განვითარების გრძელვადიანი ხედვა აქვს, თუმცა თავის საქმიანობას მუდამ ავსებს ახალ იდეებით. გეგმავს არა მხოლოდ კომპანიის გაფართოებას, არამედ მისი გავლენის გაძლიერებას საერთაშორისო ბაზარზე, განსაკუთრებით ევროპასა და კავკასიის რეგიონში.

"საქართველოში სამართლებრივი ცოდნის გავრცელებას ვაპირებ პრაქტიკული სწავლებით, ბლოგებითა და ვიდეოკონტენტით. ასევე, გადავწყვიტე ქალ მეწარმეთა გაძლიერებაზე ვიზრუნო – ჩავატარო უფასო სემინარები, გავუწიო მათ მენტორობა და სამართლებრივი კონსულტაცია. ჩემს მომავალ გეგმებშია ასევე ინოვაციური ციფრული პროდუქტების განვითარება სამართლებრივი პროცესების ავტომატიზაციისთვის", – ამბობს ლიკა ცინციბაძე Entrepreneur-თან ინტერვიუში.

სიახლე არავისთვისაა, რომ საკუთარი ბიზნესის დაწყება სრულიად ახალ და უნიკალურ უნარებს აღვიძებს ადამიანში. ასე მოხდა ლიკა ცინცაბაძის შემთხვევაშიც. დამოუკიდებელმა საქმიანობამ ასწავლა, რომ არ არსებობს პროგრესი კომფორტის ზონაში და წარუმატებლობის შიშმა არ უნდა დათრგუნოს ადამიანის მისწრაფებები. დღეს ის დამწყებ ანტრეპრენერებს საკუთარი გამოცდილებით რჩევასაც უზიარებს:

"არ დაელოდოთ სრულ მზადყოფნას და გადადგით თამამი ნაბიჯები. აუცილებელია, გქონდეთ ხედვა და რწმენა, რომ შექმნით რაღაც მნიშვნელოვანს. ზოგჯერ სულაც არ არის აუცილებელი შედეგების წინასწარ მკაფიოდ განჭვრეტა, თუმცა გეგმა და მიზნისკენ სწრაფვა ყოველთვის საჭიროა. ანტრეპრენერი ჩემთვის სწორედ ის ადამიანია, ვინც ხედავს შესაძლებლობას იქ, სადაც სხვები ხედავენ რისკს. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის მართვა, ეს არის მუდმივი განვითარება: გადაწყვეტილებების მიღების უნარი, მენეჯმენტი და მზადყოფნა, რომ შენს საქმეზე პასუხისმგებელი იყო. ასევე, მუდამ გახსოვდეთ თავისუფლებისკენ სწრაფვა, სიახლეების მიმღებლობა და სიმამაცე".

სიახლეები

BAU International University Batumi-ს ახალი რექტორი ჰყავს

როგორ გადაამზადებს უნივერსიტეტი სტუდენტებს მაღალკვალიფიციურ ექიმებად?