"ღვინის ეზო N1" – ინოვაციური ტურისტული სივრცე და ავთენტიკური მოგზაურობა კახეთში
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
"ღვინის ეზო N1" – ინოვაციური ტურისტული დანიშნულების ადგილია კახეთში, რომელიც სტუმარს ავთენტიკურ გარემოში ამოგზაურებს. კონცეფცია "შენი ოჯახი საქართველოში" აერთიანებს ღვინის, აგრო-, გასტრო-, ეთნო-, ეკოტურიზმის მიმართულებებს. კომპანიის დამფუძნებელი, თიკა დუღაშვილი ამბობს, რომ სტუმარს საშუალება ეძლევა, შეხვდეს რეალურ ადამიანებს და მათთან ერთად შეიგრძნოს, თუ როგორია ნამდვილი ყოფა ერთ ქართულ ოჯახთან ერთად.
"ეს უფრო მეტია, ვიდრე ტურიზმი. #მეტივიდრეტურიზმი ჩვენი ჰაშთაგია. იდეა გაჩნდა წლების წინ, თუმცა დიდი გზა გავიარე, სანამ საბოლოოდ ამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდი. ეს არის საქმე, რომელშიც ყველაფერია, რაც მიყვარს – ჩემი ქვეყანა, ჩემი დიდი ოჯახის ერთობა, მეღვინეობის უწყვეტი ტრადიციის გაგრძელება. ჩვენ უკვე დუღაშვილების მეხუთე თაობა ვართ, ვინც ქვევრის ღვინის წარმოებას ვაგრძელებთ. ამ გრძელი ჯაჭვის უწყვეტობაში რომ ჩემი მცირე წვლილიც არის, ეს ყველაფერი ძალიან ძვირფასია ჩემთვის.
ანტრეპრენერისთვის ხომ რაიმე ფასეულის შექმნა ყველაზე დიდი მნიშვნელობის მატარებელია?! ტურიზმი უშუალოდ უკავშირდება რეგიონის განვითარებას, ახდენს ეკონომიკის სტიმულირებას. ჩემი საქმიანობა სწორედ პროგრესს უკავშირდება. "ღვინის ეზო N1" იყო პირველი ტურისტული ობიექტი ამ სოფელში, შეიძლება ითქვას, უცხოელებს ფეხიც არ ჰქონდათ ამ ტერიტორიაზე დადგმული. დღეს კი უამრავი ატრაქცია თუ სასტუმროა გარშემო. პროდუქტებს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიძენთ, ვცდილობთ მათ ხელი შევუწყოთ, როგორც შეგვიძლია. იდეა საზღვარგარეთ ცხოვრებისას დამებადა, კერძოდ ჰოლანდიაში. ზოგჯერ სამშობლოს უნდა მოსწყდე, რათა უფრო დააფასო ყველაფერი, რაც შენს ქვეყანას აქვს. ჰოლანდია, მოგეხსენებათ, მთაგორიანი ქვეყანა არ არის და ერთი წელი არ მინახავს მთები. მახსოვს, რომ დავბრუნდი, დავით გარეჯში წავედით ოჯახი და გაოცებული ვუყურებდი ყველაფერს, თითქოს პირველად აღმოვაჩინე ეს სილამაზე. არადა, ჩემი სახლი კახეთში კავკასიონის მთებითაა გარშემორტყმული. პროფესიით მუსიკოსი ვარ და მრავალწლიანი სატელევიზიო გამოცდილებაც დამეხმარა იდეის სრულყოფაში. "ღვინის ეზო N1" ჩემთვის ერთგვარი რეალითი შოუა უცხოელ სტუმრებთან ერთად ქართულ მაგალითზე. რა თქმა უნდა, ყველაფერი ჩემი ოჯახის დამსახურებაა, მხოლოდ იდეის ქონა არ არის საკმარისი", – ამბობს თიკა დუღაშვილი.
კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ "ღვინის ეზო N1"-ის შექმნა, მართლაც გაბედული ნაბიჯი იყო. მისი თქმით, ამ იდეის განსახორციელებლად დატოვა პრესტიჟული სამსახური თბილისში, ისესხა 120 ლარი საღებავებისთვის და საკუთარი ხელით შეღება კარი.
"ჩემი ენთუზიაზმი რომ დაინახეს, რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახი დამიდგა გვერდში, მაგრამ ეს სტარტი ძალიან დიდი ნაბიჯი იყო. ნულოვანი ინვესტიციით დაწყებული ასეთი მასშტაბური პროექტი, ადგილი, სადაც მსოფლიოს ყველა წერტილიდან ჩამოდიან სტუმრად, უყვარდებათ ჩემი ოჯახი და ბევრჯერ ბრუნდებიან უკან".
მისი თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა უზარმაზარ კონკურენციაში შესვლა იყო, საწყისი ინვესტიციის გარეშე.
"ამ დროს ძალიან მყარად უნდა დაიჯერო საკუთარი თავის შესაძლებლობისა და იდეების. გენდერულ სტერეოტიპებს ამ საქმეში არ შევხვედრივარ. გულწრფელად მჯერა, რომ თუ ადამიანს რაიმე მთელი გულით სურს, აუცილებლად გააკეთებს. ყველა ადამიანი გრძნობს, მასში რამდენად არის პოტენციალი და რისი ძალა აქვს. პირიქით, ყოველთვის ვგრძნობ მხარდაჭერას და ჩვენს საქმეს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს".
თიკა დუღაშვილი ამბობს, რომ ბიზნესი მისთვის შემოქმედებითი პროცესია; რომ უდიდესი სიამოვნებაა ნაბიჯ-ნაბიჯ აშენება, განვითარება, რითაც უდიდეს ძალასა და ადრენალინს გრძნობს.
"ყველა ბიზნესი მის მფლობელს ჰგავს. ბრენდის უკან, რა თქმა უნდა, დგას ადამიანი. ბავშვობიდან ვკითხულობდი წარმატებული ლიდერების ცხოვრების შესახებ – სამოტივაციო ლიტერატურა, ფსიქოლოგია, ქოუჩინგი, – ეს ჩემი გატაცებაა. ერთ რამეს მივხვდი, რომ თუ ადამიანს ნიჭი აქვს, ეს მოსვენებას არ აძლევს, აუცილებლად უნდა რეალიზდეს. ყველამ იცის, შინაგანად რა პოტენციალი აქვს. თუ გრძნობთ, რომ თქვენში არის რაღაცის შექმნის ძალა, აუცილებლად მიჰყევით თქვენს შთაგონებას. ჩვენ არაორდინარული იდეების დროში ვცხოვრობთ, სადაც მხოლოდ გაბედულ ადამიანებს გაუმართლებთ. აუცილებლად გააკეთეთ რაც გსურთ, რათა მერე არ ინანოთ, რომ ოდესღაც ვერ გაბედეთ.
ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ განსხვავებულად ფიქრს სამყაროს შეცვლა შეუძლია. ის გარემოსა და ადამიანების კეთილდღეობაზე ფიქრობს, ის შთაგონებულია საკუთარი იდეებით და სხვა ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებას ფიქრობს".
ის ამბობს, რომ ინსპირაციას ყველაფრისგან იღებს, იქნება ეს მოგზაურობა თუ კომუნიკაცია სტუმრებთან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. მისი მთავარი მოტივაციის წყარო კი ოჯახია, რადგან "ღვინის ეზო N1" და საერთო საქმიანობა მათ კიდევ უფრო აერთიანებთ.
"წელს ჩვენს ბაღს ახალი სივრცე, ორანჟერეა შეემატა. ეს ჩემი დიდი ოცნება იყო. ამ სეზონზე ჩვენს სტუმრებს ახალ სივრცეში მივიღებთ. მომავალში მინდა ჩემი კონცეფცია საქართველოს საზღვრებს გარეთაც გაგრძელდეს", – ამბობს "ღვინის ეზო N1-ის" დამფუძნებელი, თიკა დუღაშვილი.