გიორგი კარანაძე "თიბისი დაზღვევის" მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების განყოფილებას უხელმძღვანელებს
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2026 წელი "თიბისი დაზღვევის" გუნდისთვის მნიშვნელოვანი სიახლეებით დაიწყო – მას გიორგი კარანაძე, მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების განყოფილების უფროსის პოზიციაზე შეუერთდა. მრავალწლიანი გამოცდილება მარკეტინგსა და სტრატეგიულ კომუნიკაციებში, საერთაშორისო განათლება და სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობა როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ბაზარზე – იმ გზის მოკლე შეჯამებაა, რომელიც გიორგიმ თიბისი დაზღვევამდე გაიარა.
ამ ბრენდს ის უყურებს, როგორც ამბიციურ, თამამ, რაციონალურ და ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებისგან განსხვავებულ მოთამაშეს, რომელმაც თავისი წესები დაამკვიდრა სადაზღვევო მიმართულებით და ახალი კულტურა შექმნა. როგორც გვეუბნება, თიბისი დაზღვევაში გადმოსვლის მთავარი მოტივაციაც სწორედ ეს იყო.
თუ როგორია გიორგი კარანაძის გამოცდილება, ინდუსტრიული ხედვა და სამომავლო გეგმები უკვე ახალ გუნდთან ერთად, ამაზე თავად, Entrepreneur-თან ინტერვიუში გვიამბობს:
გიორგი, სანამ თიბისი დაზღვევის გუნდთან შემოერთებაზე ვისაუბრებთ, ორიოდე სიტყვით გაიხსენეთ თქვენი კარიერული გზა და ისიც გვითხარით, როგორ გამოიყენებთ არსებულ გამოცდილებას უკვე თიბისის გუნდში?
ჩემი პროფესიული გზა მარკეტინგის ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშემავსებელ გარემოში ვითარდებოდა, სარეკლამო სააგენტოებსა და კორპორაციულ სექტორში. ვმუშაობდი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ აღიარებულ კრეატიულ კამპანიებსა და საკომუნიკაციო სტრატეგიებზე სხვადასხვა ინდუსტრიისთვის. ამ გამოცდილებამ მასწავლა, როგორ იქმნება ბრენდის აზრი, ტონი და მნიშვნელობა აუდიტორიისთვის.
კორპორციულ გარემოში კი ჩემი როლი უფრო სისტემური გახდა, მარკეტინგის ხელმძღვანელობის ფარგლებში ნულიდან ავაწყვე გუნდი, სამუშაო პროცესები და ის ფუნქციური მოდელი, რომელიც მარკეტინგს საშუალებას აძლევს, სრულფასოვნად იფუნქციონიროს და რეალური ბიზნესღირებულება შექმნას. ბოლო კორპორაციული გამოცდილება საბანკო სექტორში მარკეტინგის ხელმძღვანელობა იყო.
ვფიქრობ, ეს მრავალფეროვანი გამოცდილება ბუნებრივ და ორმხრივად სასარგებლო გაგრძელებას იპოვის თიბისი დაზღვევის მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელობაში.
რა იყო ის მთავარი მოტივაცია, რის გამოც თიბისი დაზღვევის მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიცია თქვენთვის მიმზიდველად ჩანდა?
თიბისი დაზღვევას ყოველთვის აღვიქვამდი ბრენდად, რომელიც დაზღვევის ინდუსტრიას არ მისდევს, არამედ განსხვავებულად უყურებს ინდუსტრიის საქმიანობას და კარდინალურად ცვლის სექტორთან შეხების ყველა წერტილს, იქნება ეს პროდუქტის შეძენა თუ სერვისებით სარგებლობა.
ერთი შეხედვით, სადაზღვევო კომპანიას, თავისი საქმიანობიდან სპეციფიკიდან გამომდინარე, არ უნდა გააჩნდეს მაღალი მიმღებლობა ადამიანური შეცდომების მიმართ, მაგრამ როდესაც ინდუსტრიის ფლაგმანი ამ პარადიგმას ატრიალებს და გვეუბნება, ადამიანური შეცდომების მიუხედავად სანერვიულო არაფერია, რაციონალურთან ერთად, ემპათიურ და თანამედროვე ბრენდად გვევლინება.
დაზღვევის ინდუსტრია გლობალურად ერთ-ერთ კონსერვატიულად არის მიჩნეული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში დაზღვევამ 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან ნელ-ნელა მოიკიდა ფეხი, მან მაინც გაიმეორა გლობალურად საუკუნოვანი ტრადიციები ყოველდღიურ პროცესებში. თიბისი დაზღვევა გამორჩეულია ამ მიმართულებითაც – ბრენდი, რომელმაც თქვა: ადამიანების ცხოვრების გამარტივება დაზღვევაშიც მოსულა.
დაფუძნებიდან დღემდე ამ ბრენდმა საქართველოში დაზღვევის კულტურისა და სადაზღვევო პროდუქტების, სერვისების ხელმისაწვდომობის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესი კონტრიბუცია შეიტანა.
აქედან გამომდინარე, ჩემთვის დიდი მოტივაციაა, წვლილი შევიტანო თანამედროვე, ამბიციური და ინოვატორი ბრენდის განვითარებაში.
რა გამოწვევა გეჩვენებათ ყველაზე რთულად ამ პოზიციაზე და რატომ?
უპირველეს ყოვლისა, სადაზღვევო ინდუსტრიის უმთავრეს გამოწვევას წარმოადგენს ის, რომ ქვეყანაში თითოეულ ადამიანამდეა მისატანი თუ რა მნიშვნელობა აქვს დაზღვევას ყოველდღიურ ცხოვრებაში. დღეის მდგომარეობით, რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი, დაზღვევის მოცვის თვალსაზრისით საქართველო ჯერჯერობით კვლავ დაბალ ნიშნულზეა. შესაბამისად, სადაზღვევო ინდუსტრიას აქვს უმთავრესი გამოწვევა, რომელიც ამავდროულად პასუხისმგებლობასაც წარმოადგენს, რომ დაზღვევის მნიშვნელობასა და საჭიროებებზე საუბარი არა მხოლოდ ცნობიერების ამაღლებისთვისაა საჭირო, არამედ ქვეყანაში დაზღვევის ქონის კულტურის მასშტაბზეა ასაყვანი.
გვსურს, მომხმარებლებმა გაცნობიერებულად მიიღონ გადაწყვეტილებები, რომელსაც შევთავაზებთ. დაზღვევის სპეციფიკაში კარგად გაცნობიერებული მომხმარებელი დიდ გავლენას ახდენს თავად სადაზღვევოზე. შესაბამისად, ასეთ ურთიერთობაში კომპანიაც და მომხმარებელიც მოგებულ სიტუაციაშია.
აქედან გამომდინარე, ჩემი როგორც კომუნიკაციების სპეციალიზაციის მქონე გუნდის წევრის მთავარი გამოწვევა იქნება თანამედროვე, ინოვატორი სადაზღვევო კომპანიის სათქმელი მივიტანოთ ადამიანებთან.
რა არის ის პირველი ნაბიჯი, რომელსაც გადადგამთ თიბისი დაზღვევის მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციაზე?
დაზღვევა, მიუხედავად იმისა, რომ საფინანსო ინდუსტრიას მიეკუთვნება, განსხვავებული პროცესებისა და პროდუქტების მქონე საქმიანობაა. ჩემი საბანკო გამოცდილების მიუხედავად, აუცილებელია დაზღვევაში სიღრმისეულად გარკვევა, რათა შესაძლებელი იყოს სწორი კომუნიკაცია სწორ აუდიტორიასთან.
ამასთან, პრიორიტეტი იქნება გუნდთან საერთო ხედვის გამყარება: რას ვამბობთ, რატომ ვამბობთ და როგორ აისახება ეს ჩვენს პროდუქტებსა და სერვისებზე. მარკეტინგის როლი მხოლოდ კომუნიკაციის მართვა არ არის — ეს არის პასუხისმგებლობა, რომ ბრენდის სათქმელი თანმიმდევრულად იგრძნობოდეს მომხმარებელთან, ყველა შეხების წერტილში.
რამდენად დაემთხვა თქვენი და თიბისის უკვე არსებული გუნდის ხედვა ერთმანეთს და რა იქნება ის სიახლე, რასაც უშუალოდ თქვენ შესთავაზებთ გუნდს?
გუნდი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელმაც თიბისი დაზღვევაში შემოსვლის გადაწყვეტილება განმიმტკიცა. გარედან დაკვირვებისასაც ჩანდა თიბისი დაზღვევის მთლიან გუნდში მყოფი ადამიანების მოტივაცია და პასუხისმგებლობა, რაც ბრენდის კომუნიკაციაშიც აისახებოდა.
უშუალო გაცნობამ ეს შთაბეჭდილება გაამყარა – დავინახე პროფესიონალები, რომლებიც ბრენდს ღირებულებებზე დაყრდნობით უყურებენ. ასეთ გარემოში გიჩნდება სურვილი, გახდე პროცესის ნაწილი და საერთო შედეგზე იმუშაო. მჯერა, არსებობს ახალი სივრცეები, რომლებიც ერთად უნდა აღმოვაჩინოთ და გავაცნოთ მომხმარებელს.
გაგვიზიარეთ მოლოდინი, როგორი იქნება თიბისი დაზღვევის გუნდთან ერთად თქვენი სამომავლო შედეგები?
მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენი შედეგები აისახება არა მხოლოდ ბრენდის გაძლიერებაზე, არამედ მთლიანად ბაზრის განვითარებაზეც. თიბისი დაზღვევა უკვე არის ბრენდი, რომელიც არსებით გავლენას ახდენს საქართველოში სადაზღვევო ინდუსტრიის ზრდა-განვითარების დინამიკაზე და ამ როლის გაძლიერება ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანია.
მარკეტინგის, ბრენდის გამოცდილებისა და კომუნიკაციების ინტეგრაციით შესაძლებელია დაზღვევის მიმართ დამოკიდებულების შეცვლა – იმის ჩვენება, რომ ეს არ არის იძულებითი პროდუქტი, არამედ რეალური ცხოვრების გამამარტივებელი ინსტრუმენტია. თუ მეტ ადამიანს გაუჩნდება ნდობა და სურვილი გამოიყენოს სადაზღვევო სერვისები, ეს ნიშნავს როგორც ბრენდის, ისე სექტორის ზრდას, და ეს იქნება ყველაზე მკაფიო მაჩვენებელი, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.