გიორგი კერატიშვილი - ადამიანი, რომელმაც DevOps საქართველოში მოძრაობად აქცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საკუთარ თავზე დიდად არ საუბრობს. ურჩევნია, ტექნოლოგიებზე ან გუნდის წევრების წარმატებაზე ილაპარაკოს. მაგრამ გიორგი კერატიშვილის ისტორია იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე, უბრალოდ, წარმატებული კარიერა IT სფეროში. Entrepreneur-ი გაგაცნობთ DevOps მოძრაობის პიონერს საქართველოში - ლიდერს, რომელსაც ტექნიკური სიძლიერე და საზოგადოებრივი ხედვა თანაბრად სდევს თან.

გიორგი დღეს EPAM Systems-ის Lead DevOps Engineer-ი და იმ პროექტის გუნდის ტექნიკური ლიდერია, რომელიც Netflix-ის მსგავს ევროპულ სტრიმინგ სერვისს გასცემს. ის ერთდროულად არის DevOps Georgia-, AWS User Group Tbilisi-ის, CNCF Chapter Tbilisi-ის ლიდერი და მოპოვებული აქვს Continuous Delivery Foundation-ის Ambassador-ის სტატუსი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანს აქვს მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, არის AWS Community Builder-ის, IEEE Senior Member-ისა და DevOps ინსტიტუტის ამბასადორი.

გიორგი კერატიშვილის გზა ტექნოლოგიებში 2014 წელს დაიწყო და მას შემდეგ მისი პროფესიონალური კარიერა მოიცავდა სხვადასხვა მასშტაბურ გუნდში მუშაობას, მათ შორის: საქართველოს ბანკის DevOps და Agile ტრანსფორმაციის გუნდები, სადაც გიორგის მიერ დანერგილმა თანამედროვე ხელსაწყოებმა და მეთოდებმა უდიდესი სტრატეგიული როლი ითამაშა კომპანიის განვითარებაში. ამასთან, გიორგი გახლდათ Dressler Consulting-ის DevOps/Linux ინჟინერიც.

მისი საქმიანობა EPAM-ში სცდება ჩვეულებრივ ინჟინრულ მოვალეობებს, ვინაიდან იგი გლობალურ პროექტებზე მუშაობს. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტი გახლდათ მის მიერ განხორციელებული Kubernetes არქიტექტურის შექმნა ევროპული "ნეტფლიქსის" მსგავს სტრიმინგ სერვისისთვის, რომელიც მილიონობით მომხმარებელს ემსახურება.

EPAM-ის ფარგლებში გიორგი ასევე ასრულებს მენტორისა და დაწინაურების შეფასების ექსპერტის/ხელმძღვანელის როლს. ის არაერთხელ გამოცხადდა Top Assessment Expert & Committee Head-ად და აქტიურად ხელმძღვანელობს მომავალი ლიდერების განვითარებას მათ შორის, მენტორობს Bootcamp-ის მონაწილეებს და მართავს 10-ზე მეტ ინჟინერს EPAM Anywhere-ში.

მისი ერთ-ერთი აქტიური როლი გახლდათ ჟიურის წევრობა EPAM Engineering Hackathon 2021-ზე, მაღალი დონის ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, რომელიც გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP), GITA-სა და StrategEast-თან თანამშრომლობით ჩატარდა. გიორგიმ, როგორც ტექნიკურმა ჟიურიმ, შეაფასა რეალურ პრობლემებზე მომუშავე 20-ზე მეტი პროექტი, განსაზღვრა საუკეთესო გადაწყვეტილებები და უზრუნველყო შეფასების გამჭვირვალობა და ობიექტურობა.

გიორგის როლი საქართველოს გარეთაც ვრცელდება - იგი გახლდათ KubeCon-ის, Open Source Summit-ის, DevFest-ისა და სხვა მსხვილი ღონისძიებების სპიკერი და პროგრამული კომიტეტის წევრი. გიორგის ასევე აქვს დარგის ექსპერტის, SME (Subject Matter Expert) წოდება და მიწვეული გახლდათ რამდენიმე საერთაშორისო გამოცდის შექმნაში GitOps-ში, Kyverno-ში, OpenTelemetry-სა და Kubernetes-ში. 2024 წელს კი დასახელდა Top DevOps Community Evangelist-ად, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უდიდეს წვლილს გლობალურ ტექსაზოგადოებაში.

გარდა ტექნიკური ცოდნისა და გამოცდილებისა, გიორგის მნიშვნელოვანი მისია აქვს - შეიცვალოს ლოკალური IT ეკოსისტემა სწავლის, მენტორობისა და ტრანსპარენტობის გზით. მისი ძალისხმევით ჩატარდა უამრავი ღონისძიება DevOps-ის მიმართულებით, ტექნოლოგიური ფესტივალი და სტრატეგიული ტრენინგი, მათ შორის EU-ის გრანტით დაფინანსებული DevOps კურსიც.

"ჩვენ არ ვაშენებთ მხოლოდ ინფრასტრუქტურას - ჩვენ ვაშენებთ კულტურასა და კომუნას", - ასე აღწერს გიორგი საკუთარ პროფესიულ გზას Entrepreneur-თან საუბარში.

კერძო სექტორში მოღვაწეობის პარალელურად, გიორგი აქტიურად მუშაობს ახალგაზრდებთან. Bootcamp-ებისა და მენტორობის პროგრამების საშუალებით მან უკვე არაერთ დამწყებ სპეციალისტს მისცა კარიერული წინსვლის შესაძლებლობა. მისი უშუალო მხარდაჭერით, EPAM Georgia-ში ჩამოყალიბდა DevOps-ის ძლიერი საზოგადოება, რომელიც დღეს ქვეყნის ტექნოლოგიურ განვითარებაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი