Cyber Week Sale! 50% Off All Access

გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება პირველად გაიმართა

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

2024 წლის 30 ივნისს, Stamba-ში გიორგი ტუხაშვილის სახელობის სტარტაპ დაჯილდოება GT Startup Award-ი გაიმართა. დაჯილდოება გიორგი ტუხაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა მისი ხსოვნის პატივსაცემად დააარსეს და წელს პირველად წარადგინეს.

გიორგი ტუხაშვილი ქართული ინოვაციური ბიზნესის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვან ახალგაზრდა ანტრეპრენერად მიიჩნეოდა. ის იყო გლობალურად წარმატებული სტარტაპის - Kernel-ის თანადამფუძნებელი. ასევე, მის სახელთან არის დაკავშირებული Startup Grind Tbilisi-ის განვითარება. გიორგი ტუხაშვილი 2024 წელს ბაკურიანში სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. სწორედ მის დაწყებულ საქმეებს, მის საზოგადოებრივ და პროფესიულ წამოწყებებს ეხმიანება GT Startup Award-ი.

GT Startup Award-ს ყოველწლიური ხასიათი ექნება და სიმბოლურად 30 მაისს, გიორგის დაბადების დღეს ჩატარდება. გიორგი ტუხაშვილის ღირებულებებითა და ხედვით შთაგონებული დაჯილდოება ხელს შეუწყობს ტექნოლოგიური მეწარმეობის წახალისებას, სტარტაპ საზოგადოების გაერთიანებასა და სტარტაპ ეკოსისტემის ჩამოყალიბებას.

ღონისძიება გიორგი ტუხაშვილის შესახებ მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ვიდეოთი გაიხსნა, რომლითაც აუდიტორიამ კიდევ უკეთესად გაიცნო მისი პერსონა და პროფესიული მემკვიდრეობა. დოკუმენტურმა ვიდეომ გააერთიანა გიორგის მეგობრები და კოლეგები, რომლებიც იხსენებდნენ იმ კარიერულ და პიროვნულ პრინციპებს, მიზნებსა და ღირებულებებს, რისიც მას სჯეროდა და რითაც ყოველთვის ხელმძღვანელობდა. მეგობრობაზე დაფუძნებული საქმიანი ურთიერთობები, მუდმივი თვითგანვითარება, ცოდნის გაზიარება და დიდი მიზნებისაკენ სწრაფვა იყო ის, რამაც გიორგი ტუხაშვილი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურად მოაზროვნე ახალგაზრდა ანტრეპრენერად აქცია.

ფილმის ჩვენებას პანელდისკუსია მოჰყვა, რომლის დროსაც მონაწილეებმა კვლავაც გაიხსენეს მათი ურთიერთობა, თანამშრომლობა, მეგობრობა გიორგი ტუხაშვილთან და ისაუბრეს მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან მოგონებებზე. პანელის დროს გიორგის მეგობარმა ასევე აღნიშნა, რომ ბაკურიანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებული გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მისივე თქმით, გიორგის ადვოკატები დადასტურებით აცხადებენ, რომ გარდაცვალება შემთხვევის ტერიტორიაზე უსაფრთხოების არაერთი ნორმის უხეშმა დარღვევამ გამოიწვია.

ღონისძიების ძირითადი ნაწილი სტარტაპ დაჯილდოება იყო, რომელმაც წელს 8 ნომინაცია გააერთიანა. ორგანიზატორებმა სხვადასხვა კატეგორიაში დააჯილდოეს როგორც ცალკეული ინდივიდები, ასევე სტარტაპები.

წელს გამარჯვებულები ჟიურის მიერ გამოვლინდნენ და ესენი არიან:

    • Ecosystem Hero - გამარჯვებული: დავით ჩეჩელაშვილი;
    • Startup Gemini - გამარჯვებული: ნიკოლოზ გოგოჭური;
    • Mindful Founder - გამარჯვებული: გიორგი ვადაჭკორია;
    • Boldest Startups - ნომინაციას ჰყავდა ორი გამარჯვებული:

    - კაცის მიერ დაფუძნებული სტარტაპი - Elven Technologies;

    - ქალის დაფუძნებული სტარტაპი - Lawformer;

    • Teen Founder - გამარჯვებული: გიორგი შეშაბერიძე;
    • Impact Startup - გამარჯვებული: Phubber;
    • Super Connector - გამარჯვებული: ნანა დიხამინჯია;
    • Super Angel - გამარჯვებული: დაჩი ჭოლაძე;

    ჯილდოს მიღების შემდეგ თითოეულმა გამარჯვებულმა ორგანიზატორებს დაჯილდოების დაფუძნების ინიციატივისთვის მადლობა გადაუხადა. სიტყვით გამოსვლისას მათ ისაუბრეს გიორგი ტუხაშვილის ფიგურაზე და სტარტაპ გარემოს განვითარებაში მის შეტანილ წვლილზე. ასევე, გაიხსენეს გიორგის რჩევები, პროექტები და წამოწყებები, რომლებიც უშუალოდ აისახა მათი სტარტაპის წინსვლასა და ახალ პერსპექტივებზე.

    ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულების დასახელების შემდეგ ორგანიზატორებმა ეკოსისტემის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სპეციალური მადლობა გადაუხადეს კოლინ დონოჰიუს. ღონისძიებაზე ასევე მოიხსენიეს ანგელოზ ინვესტორთა გაერთიანება AXEL, როგორც პლატფორმა, რომელსაც საქართველოში სტარტაპ ინვესტიციების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს .

    დაჯილდოების მთავარი სპონსორია თიბისის პროგრამა "სტარტაპერი". ღონისძიების პარტნიორები კი იყვნენ: Stamba / D Block, The Crossroads, Nexia TA, Start Business Solution, Polaris Finance, GB & Partners, Step Academy, Wowchy, Startup Grind Tbilisi, Globalize, Windfors და Teliani Valley.

    Business News

    საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება

    ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ "ქართული ოცნების" ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი