Gipsy Legends გურჯაანის ღვინის ფესტივალის მთავარ სცენაზე ხვალ ფესტივალის 10 წლის იუბილეს ერთად აღვნიშნავთ!

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი საიუბილეო წელს აღნიშნავს. კახეთის მთავარი მოვლენა ხვალ, 10 ოქტომბერს გაიმართება. საიუბილეო დღესასწაულს განსაკუთრებულ ემოციებს, ენერგიასა და დაუვიწყარ მუსიკალურ განწყობას Gipsy Legends შემატებს. ეს იქნება კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე ღვინის, მუსიკისა და ქართული სტუმართმოყვარეობის თანხლებით.

გურჯაანის ღვინის ფესტივალს მეღვინეობის ქალაქი უცვლელ ადგილას, ახტალის პარკში უმასპინძლებს და 10-წლიან ისტორიას ათასობით სტუმართან, მეღვინესა და ქართული ღვინის გულშემატკივართან ერთად იზეიმებს.

ფესტივალი კვლავ გააერთიანებს სხვადასხვა გემოსა თუ ფერის, მშრალი თუ ნახევრად ტკბილი, ახლად დადუღებული თუ წლებით დავარგებულ ღვინოს, ჭაჭასა და სხვა სასმელების მწარმოებლებს. ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნება სასიამოვნო მუსიკის ფონზე მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად საინტერესოდ გაატაროს დრო.

საიუბილეო წელს ფესტივალის მთავარი თემა და გზავნილი "თანამედროვე მემკვიდრეობაა" – იდეა, რომელიც 8000-წლიან ქართულ მეღვინეობასა და დღევანდელ თაობებს შორის უწყვეტ კავშირს უსვამს ხაზს. სწორედ ამ მემკვიდრეობის ნაწილია ქართული ღვინო, სტუმარ-მასპინძლობის კულტურა, მრავალხმიანობა და ის ისტორიები, რაც ყოველწლიურად გურჯაანში იქმნება.

"ათი წლის წინ ყველაფერი დიდი ენთუზიაზმითა და ერთი იდეით დაიწყო. დღეს კი გურჯაანის ღვინის ფესტივალი უკვე ტრადიციაა, რომელიც ადამიანებს აერთიანებს, ახალ ისტორიებს ქმნის და განსაკუთრებულ მოგონებებს ტოვებს. გურჯაანის ღვინის ფესტივალი სწორედ, ამ უწყვეტი ისტორიის გაგრძელებაა – ადგილი, სადაც ქართული ტრადიცია ყოველწლიურად ცოცხლდება და წელს, თანამედროვე მემკვიდრეობა კიდევ ერთხელ გაგვაერთიანებს. მემკვიდრეობა მხოლოდ წარსული არ არის. ეს არის ის, რასაც წინაპრებისგან ვიღებთ, ვუფრთხილდებით, მაგრამ ამავე დროს ვაგრძელებთ, ვავითარებთ და თანამედროვე ცხოვრებას ვუსადაგებთ. ქართული ღვინო კი, ამის საუკეთესო მაგალითია. ჩვენ გვაქვს ათასწლეულების ისტორია, ქვევრის ღვინის უნიკალური ტრადიცია და ვაზისა და ღვინის კულტურა, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მაგრამ დღეს ამ ტრადიციას ახალი თაობის მეღვინეები, ახალი ხედვები, ტექნოლოგიები და ახალი ინტერპრეტაციები ემატება. გარდა ამისა, წელს განსაკუთრებულად ვხდებით, ქართული მუსიკოსებისა და ქართული მრავალხმიანობის გარდა მთავარ სცენაზე ვიხილავთ Gipsy Legends, რომელიც კიდევ უფრო მეტად დაუვიწყარს გახდის ფესტივლას, " – აღნიშნავს ფესტივალის ბრენდ-ამბასადორი შოთა ნატროშვილი.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის მიზანია უნიკალური და ნატურალური პროდუქტის - ქვევრის ღვინის, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისა და ბოთლის ღვინის, როგორც მაღალხარისხიანი საბაზრო პროდუქტის განვითარების ხელშეწყობა, ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების პოპულარიზაცია, ღვინის ტურიზმის ხელშეწყობა და ქართული კულტურისა და ტრადიციების გაცნობა.