გირჩევთ წაიკითხოთ: ჯეიმს ქლიერის "ატომური ჩვევები"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

წლის დასაწყისი ყოველთვის ასოცირდება "ახალ ფურცელთან", დიდ მიზნებთან და ენთუზიაზმთან. თუმცა, თებერვალში ეს აღტაცება მეტწილად იკლებს და ხშირად საკმაოდ დიდ გეგმებთან სრულიად მოუმზადებლები და უიმედოები ვრჩებით, ამიტომაც, დიადი გეგმები, დავიწყებისთვის არიან განწირულნი.

თუმცა, თუ "ატომური ჩვევები" ჯერ არ წაგიკითხავთ, არ გეცოდინებათ, რომ ასეთ მომენტებში პრობლემა ჩვენს ნებისყოფაში კი არა, სისტემაში უნდა ვეძებოთ.

აი, რატომ არის ეს წიგნი საუკეთესო გზამკვლევი შენი ახალი წლის გეგმების რეალობად ქცევისთვის:

1%-ის გაუმჯობესების ძალა

წიგნის ავტორი, ჯეიმს ქლიერი გვთავაზობს "ატომურ" მიდგომას. ეს ნიშნავს, რომ ცხოვრების რადიკალური ცვლილება 1 დღეში, შეიძლება მართლაც არარეალისტური გეგმა იყოს. ამის ნაცვლად, გახდით 1%-ით უკეთესი ყოველდღიურად და წლის ბოლოს 37-ჯერ გააუმჯობესებთ მიმდინარე შედეგს. ეს მარტივი მათემატიკური ლოგიკა ხსნის, თუ რატომ არის მცირე, რუტინული ქმედებები უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ერთჯერადი თავგანწირვა.

თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერი ტრანსფორმაციული პროცესი, ატომური ჩვევების გამომუშავების გზაც გამოწვევებითაა სავსე. ყველაზე ხშირად, რასაც ადამიანები ამ დროს აწყდებიან, ყოველდღიური მიღწევების უგულებელყოფაა - პატარ-პატარა ცვლილებებით, სწრაფ შედეგს ვერ ვხედავთ, ამიტომ, ძველ ჩვევებს ვუბრუნდებით.
თუმცა, კარგი ჩვევების ფასი და ცუდი ჩვევების საზღაური ყველაზე მკაფიო მაშინ არის, თუ მათ შედეგებს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ შეაფასებ.

იდენტობის ცვლილება - ჩვევების ჩამოყალიბების პოლარული ვარსკვლავი

რას ნიშნავს თქვენი იდენტობა? ოჯახი, საცხოვრებელი, დიპლომი ან სოციალური ქსელები? არა. თქვენი იდენტობა თქვენივე ჩვევებისგან იქმნება. შესაბამისად, იდენტობის ცვლილებისთვისა და გაუმჯობესებისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი სამუშაოები სწორედ ჩვევებს უკავშირდება. ჩვევების გაუმჯობესებისთვის, პირველი ნაბიჯი იმის ცოდნაა, თუ ვინ გსურთ, რომ გახდეთ.

თქვენი ჩვევები სწორედ ის არხია, რომლითაც საკუთარ თავთან დაკავშირებულ და ასოცირებულ ყველაზე ღრმა რწმენებს ავითარებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, თქვენი იდენტობა, სწორედ თქვენივე ჩვევების სარკეა.

ცვლილებების 4 წესი

ავტორი ეყრდნობა ბიჰევიორისტულ ფსიქოლოგიას და ჩვევის ცვლილებას ოთხ ფაზად ყოფს:

  • სიგნალი: გაცხადება, ტრიგერი, რომელიც ტვინს მოქმედებისკენ მოუწოდებს.
  • სურვილი: მოტივაცია, რომელიც მოდის არა თავად ქმედებიდან, არამედ იმ მდგომარეობიდან, რომელსაც ქმედება მოგიტანთ.
  • რეაქცია: გამარტივება, ქმედება, აღსრულება
  • ჯილდო: თვითკმაყოფილება, სიამოვნება - რაც ტვინს ასწავლის, რომ ეს ქმედება მომავალშიც უნდა გაიმეოროს.

მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებისთვის, საკმარისია, ეს წესები შემოვაბრუნოთ - სიგნალი უჩინრად აქციეთ, სურვილს ჩამოართვით მიმზიდველობა და მოტივაციაც თან გაჰყვება, რეაქცია გაართულეთ, ხოლო ჯილდო გახადეთ უსიამოვნო და არასასურველი.

შეჯამება

წარმატება არ არის მიზანი, რომელსაც რამდენიმე ქმედებით აღწევთ, ეს არის სისტემა, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვებით. ჯეიმს ქლიერის მთავარი გზავნილი მარტივია: ნუ ფოკუსირდებით იმაზე, თუ რისი მიღწევა გსურთ, ფოკუსი გადაიტანეთ იდენტობაზე, თუ ვინ გსურთ გახდეთ. ყოველი შესრულებული პატარა დავალება კი, თქვენი ახალი იდენტობის სასარგებლოდ მიცემული ხმაა.

შეიძინეთ "ატომური ჩვევები" ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე და მიიღეთ ნებისმიერ მისამართზე.