გირჩევთ წაიკითხოთ: შოთა ჩინჩალაძის "ჩამოყალიბდით"
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ქართველი ავტორების წიგნებით ბიზნესისა და ბრენდის შესახებ, სიმართლე რომ ვთქვათ, არ ვართ გათამამებულები. ამიტომ, შოთა ჩინჩალაძის "ჩამოყალიბდით" განსაკუთრებული ყურადღებით წავიკითხეთ და ამის მიზეზი მხოლოდ ზემოთ ნახსენები იშვიათობა არ ყოფილა.
როგორც წესი, ბიზნეს და ინსპირაციული ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანები, შთაგონებასა და ექსპერტულ გამოცდილებას უცხოელი ავტორების წიგნებში ვეძებთ - ვკითხულობთ ამერიკულ ქეისებს, ევროპულ სტრატეგიებს, გლობალურ ბრენდებზე დაწერილ ისტორიებს და ვცდილობთ, ქართულ რეალობას მოვარგოთ.
ამიტომ, როცა ქართულ ბაზარზე ჩნდება წიგნი, რომელიც ადგილობრივ გამოცდილებაზე, კულტურულ კონტექსტზე და ქართულ ბიზნეს გარემოზეა დაფუძნებული, თავისთავად, ყურადსაღები მოვლენაა.
წიგნის მთავარი იდეა თითქოს მარტივია - სანამ დაიწყებ ბაზრის ანალიზს და იკვლევ მომხმარებელსა და კონკურენციას, პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა ჩამოყალიბდე. თუმცა, ამ სიმარტივეშია მთავარი სირთულეც. ჩამოყალიბება ნიშნავს ღირებულებების გააზრებას, იდენტობის განსაზღვრას, მკაფიო მესიჯის ჩამოყალიბებას და იმაზე პასუხისმგებლობის აღებას, რასაც ქმნი.
ქართულ რეალობაში, ბრენდინგი ხშირად მხოლოდ ლოგოსა და ვიზუალთან ასოცირდება. "ჩამოყალიბდით" გვახსენებს, რომ ბრენდი არ არის მხოლოდ დიზაინი, სლოგანი ან აქტივობა სოციალურ მედიაში. ბრენდი არის ემოციური ფენომენი, პოზიცია, არჩევანი, ხასიათი და რაც მთავარია, თანმიმდევრულობა.
წიგნი განსაკუთრებით ღირებულია მათთვის, ვინც ფიქრობთ ან გეგმავთ საკუთარი ბრენდის შექმნას. ნარატივი მოგიწოდებთ, რომ გაბედოთ, განსაზღვროთ ვინ ხართ და როგორ გსურთ, გხედავდნენ. და შესაძლოა, სწორედ ამ კითხვებზე გულწრფელი პასუხია ის, რაც ქართულ ბიზნესს დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.
საბოლოოდ, თუ ახალი იდეა გაქვთ და არ იცით, საიდან დაიწყოთ, დაიწყეთ შოთა ჩინჩალაძის წიგნით "ჩამოყალიბდით" და დაიწყეთ ბრენდის სტრატეგიის შენების დიდი და ინტენსიური მოგზაურობა, სადაც ეს წიგნი თქვენი ერთგული მეგზური იქნება.
წიგნის შეძენას შეძლებთ ონლაინ, Entrepreneur Shop-ზე, Palitral.ge-ზე და წიგნის გავრცელების წერტილებში.